ქართველი მოჭიდავეები ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირებისთვის მზადებას დუშეთის შეკრებით შეუდგნენ. ოლიმპიურ ბაზაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა გუშინ საღამოს ჩავიდა. ბერძენ-რომაელები კი, ასევე გაფართოებული გუნდით, დუშეთში დღეს დაბანაკდებიან. ორივე შეკრება ორი კვირა გაგრძელდება. შემდეგ კი, სულ რაღაც სამდღიანი პაუზა გამოცხადდება და ზაზა თურმანიძე და ბეგი დარჩია შეგირდებს ისევ დუშეთში იახლებენ. მეორე შეკრება 16-17 აპრილამდე გასტანს.
წლეულს, სალიცენზიო სეზონი 20 აპრილს გაიხსნება და სულ რაღაც 17 დღეში დასრულდება. დროის ამ მონაკვეთში სამი ტურნირი გაიმართება: 20-22 აპრილს - ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, 27-29 აპრილს – ჩინეთის ქალაქ ტაიუანში, ხოლო 4-6 მაისს - ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში. სოფიასა და ჰელსინკიში ლიცენზიას თითოეული წონითი კატეგორიის ორ-ორი საუკეთესო მოჭიდავე მოიპოვებს, ტაიუანში კი სამ-სამი ლიცენზია გათამაშდება. თუ სალიცენზიო ნორმატივს ის სპორტსმენი შეასრულებს, რომელსაც ლონდონის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, მაშინ ოლიმპიადაზე გამგზავრების უფლებას მის უკან მდგომი მოჭიდავე მიიღებს.
მჭიდრო გრაფიკის გათვალისწინებით, თურმანიძე და დარჩია, სავარაუდოდ პირველი ტურნირის შემდეგ, შემადგენლობას მნიშვნელოვნად გადაახალისებენ, მე-3 ტურნირზე კი, თითოეული წონითი კატეგორიის 2 უმთავრესი კანდიდატიდან უკეთეს ფორმაში მყოფს მისცემენ ოლიმპიურ შანსს.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში აქვთ განაღდებული ოლიმპიადა. სალონდონო ნორმატივი მალხაზ ზარქუამ (60 კგ), დავით ხუციშვილმა (74 კგ), დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) და დავით მოძმანაშვილმა (120 კგ) მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე შეასრულეს. ბერძენ-რომაელთაგან კი, იმავე ტურნირზე საწადელს მხოლოდ მანუჩარ ცხადაიამ (66 კგ) მიაღწია.
თავისუფალ ჭიდაობაში ულიცენზიო წონებს გამოკვეთილი ლიდერები ჰყავს ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (55 კგ), ოთარ თუშიშვილისა (66 კგ) და გიორგი გოგშელიძის (96 კგ) სახით. რა უნდა მოხდეს, რომ რომელიმემ ლონდონის საგზურის მოპოვება ვერ შეძლოს. ჭიდაობის ქართველი გულშემატკივრები მათგან არათუ ოლიმპიურ ლიცენზიებს, არამედ ოლიმპიურ მედლებს ელის.
ბერძნულ-რომაულში საქმე გაცილებით მძიმედაა. დარჩიას გუნდს ლონდონში სრული შემადგენლობით წასვლა ძალიან გაუჭირდება. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილიც კი შეგუებულია აზრს, რომ “კლასიკოსთაგან” ხუთ ლიცენზიასაც წარმატებად მიიჩნევს.
უმსუბუქეს წონაში - 55 კილოგრამში უმთავრეს კანდიდატად ლაშა გოგიტაძე მიიჩნევა. მის გარდა, სავარაუდოდ, ოლიმპიური შანსი საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ გოდერძი დავითაძესაც მიეცემა.
60 კილოგრამის შიდა კონკურენციაშიც ყველაფერი გარკვეულია. სალიცენზიო ბრძოლაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი რევაზ ლაშხი ჩაერთვება და თუ სწრაფადვე არ მიაღწია მიზანს, მეორე ტურნირზე ალბათ საქართველოს ჩემპიონი ირაკლი ჭოჭუა გავა ლეიბზე.
მანუჩარ კვირკველიასაც (74 კგ) განაღდებული აქვს ნაკრების პირველნომრობა. ოლიმპიური ჩემპიონი სალიცენზიო ტურნირებისთვის ინდივიდუალური გრაფიკით ემზადება და ევროპის ჩემპიონატიც კი გამოტოვა. კვირკველიას გარდა, რომელიმე ტურნირზე ალბათ ზურაბ დათუნაშვილიც იჭიდავებს.
84 კილოგრამში ლიცენზიისთვის ბრძოლაში ვლადიმერ გეგეშიძე და რევაზ ნადარეიშვილი ჩაერთვებიან, 96-ში – სოსო ჯაბიძის გარდა, სავარაუდოდ, არჩევანი საქართველოს პირველობის რომელიმე პრიზიორზე გაკეთდება. შეგახსენებთ, ვერცხლის მედალს ამირან ზარნაძე დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები ირაკლი ქაჯაია და გივი მორჩილაძე გახდნენ. აქვე რამაზ ნოზაძეც ვახსენოთ, რომელსაც, მართალია, ტრავმიანობის თუ სხვა პირადი მიზეზების გამო ბევრი გაუცდა, მაგრამ თუ მოსამზადებელ პროცესს სრულყოფილად გაივლის, გამორიცხული არაა, ოლიმპიური შანსიც მიეცეს. 120 კილოგრამში ნაკრების ლიდერი გურამ ფერსელიძეა, ხოლო კანდიდატები რევაზ ჭელიძე და ძმები – შოთა და სერგო გოგისვანიძეები.
ოთარ მაღლაკელიძე







