ჭიდაობა

17:38 | 19.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეები ივნისს წახკაძორში ჩაამთავრებენ

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები სომხეთში გაემგზავრნენ. ზაზა თურმანიძისა და ბეგი დარჩიას გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლს წახკაძორული შეკრებით იწყებენ. მთავარმა მწვრთნელებმა თან 2-2 შემადგენლობა იახლეს. სწორედ ამ კანდიდატთაგან შეირჩევიან სეზონის უმთავრეს ტურნირზე დასაყენებელი შვიდეულები. მსოფლიოს პირველობას 6-12 სექტემბერს მოსკოვი უმასპინძლებს.
ბერძენ-რომაელთა სომხურ წვრთნაში მთავარ მწვრთნელთან ერთად ოთარ ტატიშვილი და აკაკი ჩაჩუა მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო თავისუფალთა თავკაცს ასისტენტობას დავით ხურცია და დავით ოთიაშვილი გაუწევენ. წახკაძორული შეკრება თვის ბოლომდე გასტანს. შემდეგ ორივე სტილის მოჭიდავეები თბილისში გააგრძელებენ ვარჯიშს. 16-18 ივლისს კი ბაქოს ხალიჩაზე გავლენ, “ოქროს გრანპრის” ფინალურ ტურნირზე საჭიდაოდ.
აზერბაიჯანში წასაყვან ქართველ სპორტსმენთა სია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ თბილისში რამდენიმე დღის წინ გადმოაგზავნა. ბაქოს ლიცენზიები ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის თბილისის “ოქროს გრანპრიზე” პირველი-მერვე ადგილებზე გასულმა ნაკრების კანდიდატებმა უმალ მიიღეს. ხოლო ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74 კგ), მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ნოზაძე (96 კგ) და მსოფლიოს პრიზიორი მანუჩარ ცხადაია (66 კგ) აზერბაიჯანში ფილას სპეციალური მიწვევით ჩავლენ.
“კვირკველიამ და ნოზაძემ თბილისური ტურნირი მცირე ტრავმების გამო გამოტოვეს, მაგრამ უკვე ყველაფერი რიგზეა, სრული დატვირთვით ვარჯიშობენ და დაკარგულის ასანაზღაურებლად სავარაუდოდ ესპანურ “გრანპრიზე” იჭიდავებენ, რომელიც 10-11 ივლისს მადრიდში გაიმართება. შემდეგ კი ბაქოშიც ჩავლენ. “ოქროს გრანპრიზე” საქართველოს ნაკრები 41-კაციანი შემადგენლობით იასპარეზებს” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
აქედანვე ცნობილია, რომ აზერბაიჯანში ქართულ გუნდებს ახალგაზრდული ნაკრების ლიცენზიანტი წევრები დააკლდებიან. ვლადიმერ ადეიშვილისა და ნუგზარ სხირელის შეგირდებს ივნის-ივლისში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ელით და “ოქროს გრანპრიზე” მათ ნაცვლად განაცხადში სხვა ქართველი მოჭიდავეები ჩაეწერებიან.

ოთარ მაღლაკელიძე


 

0.096703