22-23 დეკემბერს, დიღომში მდებარე, ძიუდოს აკადემია ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ბოლო წლების ტრადიციებს თუ გადავხედავთ, შიდა პირველობა იანვარში უნდა ჩატარებულიყო. წლეულსაც საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები წლის დასაწყისში გამოვლინდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ კალენდარში ცვლილება განახორციელა და 2011 წელს ევროპის ჩემპიონატს დაახლოებით ერთი თვით ადრე – მარტში ატარებს, ევროპირველობის შესარჩევ შიდა შეჯიბრად მიჩნეული საქართველოს პირველობა მიმდინარე სეზონში მეორედ გაიმართება. შესაბამისად, ამ ტურნირით ერთდროულად, 2010-ის სეზონი დაიხურება და 2011-ისა გაიხსნება.
22 დეკემბერს მედლები პირველ-ოთხ წონით კატეგორიაში – 55, 60, 66 და 74 კილოგრამებში გათამაშდება, 23-ში ჩემპიონ-პრიზიორები 84, 96 და 120 კილოგრამებში გამოვლინდებიან.
ქართული სპორტისა და უშუალოდ ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობის კატეგორიული მოთხოვნით, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება ნაკრების აბსოლუტურად ყველა წევრისთვის სავალდებულოა. შეჯიბრის უმიზეზოდ გამცდენი, ევროპირველობის საგზურისთვის ბრძოლას ავტომატურად გამოეთიშება. ერთი თვის წინ, დიღომშივე ჩატარებულ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატსაც ანალოგიური მოთხოვნა უძღვოდა წინ და სიმკაცრემ შედეგიც მოიტანა. ტიტულოვან მოჭიდავეთაგან ხალიჩაზე მხოლოდ გიორგი გოგშელიძე, რევაზ მინდორაშვილი და ოთარ თუშიშვილი არ გასულან. გოგშელიძეს ხელი ტრავმამ შეუშალა და სავარაუდოდ, ევროპირველობის შესარჩევ ციკლში მაინც ჩაერთვება. მინდორაშვილი და თუშიშვილი კი ნაკრებში დასაბრუნებლად ბრძოლას ზაფხულში განაახლებენ, თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირით, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრად მიიჩნევა.
რაც შეეხებათ კლასიკოსებს, ბოლო ინფორმაციით, დანაკლისი არც ისე დიდი იქნება - ლიდერთა უმრავლესობა იჭიდავებს. მხოლოდ გენადი გოგიშვილი (74 კგ) და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი სოსო ჯაბიძე (96 კგ) ვერ შეძლებენ პირველობაში ჩართვას. გოგიშვილმა ახლახან, მინსკში ჩატარებულ ოლეგ კარავაევის სახელობის ტურნირზე ხელი იტკინა და ტრავმა ჯერაც ვერ მოუშუშებია, ხოლო ჯაბიძეს ფეხის ძველი ტრავმა აწუხებს.
საკმაოდ ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ, ხალიჩას უბრუნდება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ნოზაძე (96 კგ). მან, როგორც იქნა, ტრავმებს თავი დააღწია და თავის წონაში ლიდერობის დასაბრუნებლად გულმოდგინედ ვარჯიშობს. წინასწარი ინფორმაციით, ამჯერად შეიძლება ზედმეტი წონის დაკლება ვერ მოასწროს და მხოლოდ ეს ერთი ტურნირი მძიმე წონაში იჭიდაოს. ნოზაძის წონის ამბავი ჯერ საბოლოოდ დაზუსტებული არაა, სამაგიეროდ, აქედანვე გარკვეულია, რომ ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრი – ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში გავა ლეიბზე. სამომავლოდ ისიც აუცილებლად ჩვეულ წონას – 74 კილოგრამს დაუბრუნდება.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ერთი თვის წინანდელი ჩემპიონატის საორგანიზაციო შეცდომები გაითვალისწინა და ბერძენ-რომაელთა შეჯიბრის უკეთესად ჩასატარებლად, რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. ფედერაციის გენერალური მდივნის, მალხაზ ჯორბენაძის მიერ “მსოფლიო სპორტისთვის” გაკეთებული კომენტარის თანახმად, დარბაზში წესრიგს დაცვის სამსახურის 20 თანამშრომელი მიხედავს, მსაჯობის დონის ასამაღლებლად კი 3 არბიტრი სომხეთიდანაა მოწვეული. შეხვედრები 3 ლეიბზე ჩატარდება და თითო ლეიბს თითო სტუმარი უხელმძღვანელებს. ფინალურ შეხვედრებს სომხები თავად განსჯიან.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 11:00 საათიდან დაიწყება. ფინალური ბლოკის ზუსტი დრო კი უცნობია, რადგან გადამწყვეტი შეხვედრების წინ შესვენება არ გამოცხადდება.
ოთარ მაღლაკელიძე







