2011 წლის ქართულ საჭიდაო სეზონს საქართველოს ჩემპიონატი დაასრულებს. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ახალ ჩემპიონ-პრიზიორებს 28-29 ნოემბერს გამოავლენენ, ბერძენრომაელები კი, ხალიჩაზე 23-25 დეკემბერს გავლენ.
“უკვე დაზუსტებულია, რომ საქართველოს ჩემპიონატს არმიის სპორტული კლუბის განახლებულ დარბაზში ჩავატარებთ. ამასთან, ტურნირებს ქართველებთან ერთად უცხოელი მსაჯებიც მოემსახურებიან. თავისუფალი სტილით ჭიდაობის ეროვნულ პირველობაზე სამი მსაჯი სომხეთიდან მოვიწვიეთ”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
აქვე ერთი საინტერესო ინფორმაციაც: ფედერაციის ხელმძღვანელობამ ნაკრებების მწვრთნელთა შტაბთან ერთად გადაწყვიტა, ექვსი სპორტსმენისთვის საქართველოს პირველობის გამოტოვების ნება დაერთო. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ამ პრივილეგიით ისარგებლებენ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), მალხაზ ზარქუა (60 კგ), დავით ხუციშვილი (74 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ) და დავით მოძმანაშვილი (120 კგ), კლასიკოსთაგან კი, მხოლოდ მანუჩარ ცხადაია (66 კგ), თუმცა ამ უკანასკნელმა დასვენება არ ისურვა და თავად სთხოვა მწვრთნელებს, საქართველოს პირველობაზე ჭიდაობის ნება დაერთოთ, ოღონდ, იგი არა თავის წონით კატეგორიაში, არამედ ერთი წონით მაღლა - 74 კილოგრამში ჩაერთვება შიდა კონკურენციაში.
ოთარ მაღლაკელიძე







