ჭიდაობა

10:14 | 20.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეები ხალიჩას ყველასთვის გაშლიან

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, საქართველოს 2010 წლის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება ყველა ტიტულოვანი ქართველი მოჭიდავისთვის სავალდებულო ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთვის ნაკრების კარი იქამდე დაიხურება, სანამ შიდა კონკურენციაში თავიანთ უპირატესობას თავიდან არ დაამტკიცებენ. ამჯერად უპირატესობა იმათ მიენიჭებათ, ვინც საქართველოს პირველობის კვარცხლბეკზე ავა.
ანალოგიური მოთხოვნა ერთი თვის წინ ძიუდოს ფედერაციამ წამოაყენა და შედეგად, დეკემბერში, ქუთაისში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატში ტატამზე თითქმის ყველა სახელიანი ძიუდოისტი გავიდა. ძიუდოს შეფებმა გამონაკლისი მხოლოდ ტრავმირებული სპორტსმენებისთვის დაუშვეს. ასევე მოიქცევიან მოჭიდავეებიც.
“საქართველოს პირველობაზე ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ვისაც ახალ ნაკრებში დამკვიდრება და გაზაფხულზე, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა სურს. ეს ნაბიჯი კონკურენციასაც გაზრდის და ჩემპიონატის სანახაობრივ მხარესაც გააუმჯობესებს. ტრავმირებულ მოჭიდავეთა შესახებ კი საბოლოო გადაწყვეტილებას მწვრთნელთა საბჭო მიიღებს” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
ფედერაციის ხელმძღვანელობისათვის ტრავმის თაობაზე ჩემპიონატიდან განთავისუფლების შესახებ თხოვნით ჯერჯერობით არც ერთ ტიტულოვან მოჭიდავეს არ მიუმართავს, თუმცა სავარაუდოდ, სეზონის გამხსნელი ტურნირი რამდენიმე წონის ლიდერს მაინც მოისაკლისებს. შესაძლოა მათ შორის 2009 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელებული მანუჩარ ცხადაიაც იყოს. მსოფლიოს ვერცხლისა და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ მსოფლიოს პირველობის შემდეგ მიღებული ტრავმის გამო საქართველოს პირველობისთვის სამზადისი დაგვიანებით დაიწყო და ახლახან, “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში განაცხადა კიდეც, საქართველოს ჩემპიონატამდე სასურველი ფორმის აღდგენას ვერ მოვასწრებ და თუ მწვრთნელები ნებას დამრთავენ, სეზონს ცოტა გვიან, რომელიმე საერთაშორისო ტურნირით გავხსნიო.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატს 23-24 იანვარს ქუთაისი უმასპინძლებს. 27-28 იანვარს კი შიდა კონკურენციაში უკვე თავისუფალი სტილის მიმდევრები ჩაერთვებიან, ოღონდ ისინი ბათუმში გავლენ ხალიჩაზე.

ოთარ მაღლაკელიძე


 

0.100724