საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ 2011 წლის კალენდარი დაამტკიცა. მასში მომავალი სეზონის ყველა ის ტურნირი და შეკრებაა შეტანილი, რომლებსაც თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები გაივლიან. როგორც წესი, ამ კალენდარში, სეზონის მიმდინარეობისას წვრილ-წვრილი ცვლილებები მაინც განხორციელდება. ამიტომ, ამჯერად, “სპორტული ამბები” მხოლოდ ევროპის ჩემპიონატამდე პერიოდის საჭიდაო გეგმას შემოგთავაზებთ, რომელშიც სავარაუდოდ, აღარაფერი შეიცვლება.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ზამთრის არდადეგებს 24 იანვარს დაასრულებს. ზაზა თურმანიძის გუნდი ორკვირიანი შეკრების გასავლელად, სომხეთის ქალაქ წახკაძორში გაემგზავრება. 11-13 თებერვალს ქართული გუნდი სტამბოლის ოქროს გრან-პრიზე გამოვა. სავარაუდოდ, გაფართოებული შემადგენლობით. ტურნირს დუშეთის შეკრება მოჰყვება – 18 თებერვლიდან 3 მარტამდე. ევროპირველობის შემადგენლობისთვის მებრძოლი მთავარი კანდიდატები დუშურ შეკრებას სხვებზე ორიოდე დღით ადრე დაამთავრებენ და 4-5 მარტს მინსკში იჭიდავებენ. ბელარუსის დედაქალაქი ალექსანდრ მედვედის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. 12-13 მარტს თავისუფალი სტილის მიმდევრები მახაჩყალაში, მსოფლიოს თასისთვის იბრძოლებენ. შეჯიბრში ქართული გუნდიც ჩაერთვება, მაგრამ გადახალისებული შემადგენლობით. ფედერაციის ხელმძღვანელობისა და მწვრთნელების ურთიერთშეთანხმებით, ევროშემადგენლობის წევრები, მახაჩყალური ტურნირით აღარ დაიტვირთებიან და 15-26 მარტს, დასკვნით შეკრებას, დუშეთში გაივლიან. მსოფლიოს თასზე კი, ნაკრების მეორე-მესამე ნომრებით დაკომპლექტებული გუნდი იჭიდავებს.
ახალ სეზონს კლასიკოსებიც შეკრებით გახსნიან, ოღონდ თავისუფლებაზე 8 დღით ადრე – 16 იანვარს. ბეგი დარჩია საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტებსა და საუკეთესო მესამეადგილოსნებს 12 დღით დუშეთში იახლებს. 29-30 იანვარს ბერძენ-რომაელებს საერთაშორისო კალენდარში 2 საერთაშორისო ტურნირი აქვთ შეტანილი – თურქეთისა და საფრანგეთის. წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კანდიდატები ორ ნაწილად უნდა გაყოფილიყვნენ, რათა ორივე შეჯიბრში მიეღოთ მონაწილეობა. ქართულ კალენდარშიც ასევეა შეტანილი, მაგრამ როგორც შევიტყვეთ, საბოლოო არჩევანი მხოლოდ სტამბოლის ვარიანტზე გაკეთდება. ვეჰბი ემრეს სახელობის ტურნირში საქართველოს ნაკრები ლეიბზე გაფართოებული შემადგენლობით გავა. ნატურნირევს, ბეგი დარჩია წახკაძორულ შეკრებაზე (4-19 თებერვალი) წასაყვან შემადგენლობას შემოიკრებს. 25-27 თებერვალს ნაკრების უმთავრესი კანდიდატები ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ჩასატარებელ საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვებიან. ამ შეჯიბრის შემდეგ, ქართულ ევროსამზადისში ორი შეკრებაღა დარჩება: 2-15 მარტს მინსკში, სტაიკების სპორტულ კომპლექსში, ხოლო 18-30 მარტს – დუშეთში.
მოჭიდავეთა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატს, გერმანიის ქალაქი დორტმუნდი უმასპინძლებს. თავისუფალი სტილის მიმდევრები კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორებს 29-30 მარტს გამოავლენენ, ბერძენ-რომაელები კი – 2-3 აპრილს.
ოთარ მაღლაკელიძე







