ჭიდაობა

19:36 | 13.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეებმა ძიუდოს აკადემია დაგეგმეს

ქართველი მოჭიდავეები ბოლო წლებში დამკვიდრებულ ტრადიციას დაარღვევენ და ახალ სეზონს იანვრის ნაცვლად, ნოემბერ-დეკემბერში დაიწყებენ. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ქვეყნის პირველობა 25-26 ნოემბერს გაიმართება. ბერძენ-რომაელებს კი ხალიჩა 22-23 დეკემბერს დაეთმობათ.
რამდენიმე კვირის წინ შემუშავებული წინასწარი გეგმის თანახმად, თავისუფალი სტილის მიმდევრებს 26-27 დეკემბერს უნდა გამოევლინათ შიდა კონკურენციის ჩემპიონ-პრიზიორები, მაგრამ საბოლოოდ თარიღი ერთი თვით უკან გადმოსწიეს. კლასიკოსებისთვის იგივე თარიღის დატოვების უმთავესი მიზეზი კი მინსკში, 25-26 ნოემბერს ჩასატარებელი ოლეგ კარავაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გახდა. ბელარუსის დედაქალაქში ბეგი დარჩიას გუნდი ათ დღეში გაემგზავრება და 2010 წლის საერთაშორისო სეზონს ამით დახურავს.
ორივე საჭიდაო სახეობაში, საქართველოს ჩემპიონატს დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემია უმასპინძლებს. შეგახსენებთ, თავად ძიუდოისტებმა საქართველოს პირველობის გასამართად, თავიანთი დარბაზი დაიწუნეს და შეჯიბრი სპორტის სასახლეში გადაიტანეს. სამწუხაროდ, მოჭიდავეებისთვის, ქვეყნის უმთავრესი არენის დასაქირავებლად გადასახდელი თანხის მოძიება შეუძლებელი აღმოჩნდა.
ბოლოს, გულშემატკივრებისთვის საინტერესო და სასიამოვნო ერთი საკითხიც. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და ნაკრების მწვრთნელების ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველოს ჩემპიონატს უმიზეზოდ თავს ვეღარავინ აარიდებს. საპატიო მიზეზად კი მხოლოდ ტრავმა ჩაითვლება, ოღონდ კონტროლი ამ მხრივაც მაქსიმალურად გამკაცრდება. “ვისაც ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელ შემადგენლობაში მოხვედრა სურს, საქართველოს პირველობაში აუცილებლად უნდა იჭიდაოს, წინააღდეგ შემთხვევაში მინიმუმ ერთი წლით მოუწევს დალოდება” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ.

ოთარ მაღლაკელიძე


 

0.097602