24 ივლისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი დუშეთს ესტუმრნენ და ოლიმპიურ ბაზაზე მყოფ, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შეხვდნენ. ზაზა თურმანიძისა და ბეგი დარჩიას გუნდები 6-12 სექტემბერს, მოსკოვში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას გაფართოებული შემადგენლობებით გადიან.
სპორტსმენებს სპორტის მინისტრი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ წარუდგინა და იქვე მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატსაც შეეხო.
“ახალი სამინისტროს შექმნა სპორტს მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება. მხარდაჭერა ერთიორად გაიზრდება და ყველა პირობა გექნებათ შექმნილი, რათა მარტო სპორტზე იფიქროთ, მაგრამ მარტო ფედერაციისა და სამინისტროს მხარში დგომა შედეგს ვერ გამოიღებს, თუ თავად არ მოინდომებთ და მუხლჩაუხრელად არ იშრომებთ. ახლა ჩვენი მთავარი ყურადღება მსოფლიოს პირველობის სამზადისზეა გადატანილი. შეჯიბრს მოსკოვი უმასპინძლებს. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთს არ უნდა დავუკავშიროთ, მაინც ფაქტია, რომ რუსეთში უმძიმესი ჩემპიონატი გველის. წარმატების მოსაპოვებლად გაცილებით მეტი ენერგიის დახარჯვა დაგჭირდებათ, მაგრამ იმედია, სექტემბერს საუკეთესო ფორმაში შეხვდებით, შესაძლებლობებს ბოლომდე გამოავლენთ და გულშემატკივრებს გაახარებთ” – განაცხადა გეწაძემ.
გია ნაცვლიშვილმა ყურადღება დისციპლინაზე გაამახვილა – ეს წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია და წესების დამრღვევი სპორტსმენები სასტიკად დაისჯებიანო. თუმც უმალ დასძინა, ამ მხრივ მოჭიდავეებთან სასაყვედურო არაფერი გვაქვსო. უთქმელადაც ნათელი გახდა, რომ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ძიუდოში ბოლო წლებში დატრიალებული ამბები იგულისხმა. მისივე სიტყვებით, უკვე წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ერთი დაპირისპირებული მხარე სპორტის მმართველ ერთ უწყებას მიმართავდა დასახმარებლად, მეორე მხარე – მეორეს. ამიერიდან, ოლიმპიური კომიტეტის და სამინისტროს პოზიცია ყოველთვის ერთი იქნებაო – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
სპორტის მინისტრმა მოჭიდავეებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა უსურვა და სამინისტროს მხრიდან მაქსიმალურად მხარში დგომას დაჰპირდა. სტუმრებმა თბილისში დაბრუნებამდე სპორტსმენების საცხოვრებელიც დაათვალიერეს.
თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის მიმდევრები სექტემბრამდე დუშეთში კიდევ ორ-ორ შეკრებას გაივლიან.







