“გადაწყდა, არსენ მეკოკიშვილის სახელობის აბსოლუტური ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის 26 მარტს, საგარეჯოში გაიმართება” – უთხრა გუშინ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
იმის გამო, რომ აბსოლუტური პირველობა 2010 წლის სეზონის კალენდარში მოგვიანებით შეიტანეს, ხარჯთახრიცხვაში საორგანიზაციო ხარჯებიც არ ყოფილა გათვალისწინებული. ამიტომ, ტურნირის მასპინძელი დარბაზის დაზუსტება ფედერაციას ცოტა არ იყოს გაეწელა. საგარეჯოს გარდა, ვაკის ფალავანთა კლუბის ვარიანტიც განიხილებოდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი კახეთზე შეჩერდა.
“მონაწილეთა აწონვა ჩემპიონატის წინა დღეს, ფალავანთა კლუბში შედგება. საქართველოს ნაკრების მძიმე წონითი კატეგორიის ლიდერი კი კახეთში გამოვლინდება. სავარაუდოდ, აბსოლუტური ჩემპიონობისთვის ათამდე მოჭიდავე იბრძოლებს. რაც შეეხება შეჯიბრის ჩატარების სისტემას, ამ ეტაპზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. სავარაუდოდ ორი ჯგუფი შედგება და ჯგუფური ეტაპის პირველადგილოსნები ერთმანეთს ფინალში დაეჭიდებიან” – დასძინა ჯორბენაძემ.
უკვე გადაწყვეტილია, რომ აბსოლუტური პირველობისთვის ბრძოლაში დისკვალიფიკაციამოხდილი დავით მოძმანაშვილი და მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 5-გზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძეც ჩაერთვებიან.
ოთარ მაღლაკელიძე







