საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები საერთაშორისო სეზონს გადახალისებული შემადგენლობებით გახსნიან. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრებთა მწვრთნელების ერთობლივი გადაწყვეტილებით, წონითი კატეგორიების ლიდერებად მიჩნეული სპორტსმენები შეჯიბრებებში ოდნავ მოგვიანებით ჩაერთვებიან, რადგან უმნიშვნელოვანესი სეზონისთვის მოსამზადებელ გეგმაში აღნიშნული შეჯიბრებები ვერ ჯდება. ზაზა თურმანიძისა და ბეგი დარჩიას გუნდები მეორე კვირაა, სომხეთის ქალაქ წახკაძორში გადიან შეკრებას და თბილისში 25 იანვარს დაბრუნდებიან.
28-29 იანვარს, სტამბოლში ვები ემრეს სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" სერიის პირველ ტურნირზე ქართველი კლასიკოსები საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორებით დაკომპლექტებული გუნდით გაემგზავრებიან. აქვე შემადგენლობაც: გოდერძი დავითაძე, ზურაბ მაჭარაშვილი (ორივე 55 კგ), გოგიტა გოგიბერაშვილი (60 კგ), უჩა შავაძე, მამუკა ხოზრევანიძე (66 კგ), შმაგი გულიაშვილი, გოგა აფრიამაშვილი (74 კგ), გიორგი ცირეკიძე, მათე სოფაძე, ჯონი მინაძე (84 კგ), ამირან ზარნაძე, ირაკლი ქაჯაია, მიხეილ ქაჯაია (96 კგ), რევაზ ჭელიძე (120 კგ).
ასევე საქართველოს პირველობის შედეგები გაითვალისწინეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმაც, რომლებიც 10-12 თებერვალს, ანკარაში, იაშარ დოგუს მემორიალში ჩაერთვებიან. წინასწარი ინფორმაციით, ხალიჩაზე 11 ქართველი გავა: ტრისტან ჩირგაძე (55 კგ), გიორგი ბალიაშვილი, მურთაზ კვესაძე, ბექა ლომთაძე (60 კგ), გიორგი ცუცქირიძე, შალვა მუზიაშვილი (66 კგ), გიორგი მარსაგიშვილი (74 კგ), მარად ზოიძე (84 კგ), დავით ქერაშვილი, მამუკა კორძაია (96 კგ), ლევან სეთურიძე (120 კგ).
ოთარ მაღლაკელიძე







