გამთენიისას, თბილისში, საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებები ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ. ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში ქართველმა ახალგაზრდებმა 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ნუგზარ სხირელის გაწვრთნილმა თავისუფალი სტილის მიმდევრებმა 5-ჯერ შეძლეს კვარცხლბეკზე ასვლა. დავით ხუციშვილი (74 კგ) და გიორგი საკანდელიძე (120 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ) და თენგიზ ჩოჩიშვილი (60 კგ) ფინალში დამარცხდნენ, ხოლო ლაშა ტალახაძემ (50 კგ) ბრინჯაო აიღო.
კლასიკოსთაგან სამეულში 3 მოჭიდავე შევიდა - ვასილ იმერლიშვილი (96 კგ) პირველი, ხოლო თორნიკე მახარაძე (50 კგ) და საჩინო დავითაია (66 კგ) მე-2 ადგილით. ვლადიმერ ადეიშვილის გუნდს გუნდურ ჩათვლაში გასაჩემპიონებლად ეს შედეგიც ეყო, რადგან საერთო გუნდური შედეგისთვის საჭირო ქულების აღება მინდია წულუკიძემ (55 კგ), არსენ კახაბრიშვილმა (84 კგ) და შოთა გოგისვანიძემაც (120 კგ) მოახერხეს. სამივე რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და ევროპირველობა მე-5 ადგილით დაასრულა.
ახალგაზრდებს თბილისის აეროპორტში ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი - კახა გეწაძე, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ.
"წარმატების იმედი რა თქმა უნდა გვქონდა, მაგრამ ასეთ განსაკუთრებულ შედეგს მაინც არ ველოდით. ვულოცავ ბიჭებს და ყველა გულშემატკივარს. 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრნჯაოს მედალი ადასტურებს, რომ ჭიდაობის სახეობებში ძალიან ძლიერი ახალი თაობა მოდის და მომავალში მათგან კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უნდა ველოდოთ" – უთხრა “მსოფლიო სპორტს” კახა გეწაძემ.
მოკლე კომენტარები ბულგარეთმოვლილმა მოჭიდავეებმაც გააკეთეს:
გიორგი საკანდელიძე: "ევროპის ჩემპიონატამდე კარგად მოვემზადეთ და შედეგიც ვაჩვენეთ. ძლიერ მეტოქეებთან მოგვიწია შეხვედრა, თუმცა, შევძელით ძალების მოკრება და წარმატებას მივაღწიეთ. მთლიანობაში, ყველამ კარგად იჭიდავა".
ვასილ იმერლიშვილი: "ოქროს მედალმა ძალიან გამახარა. მთელი გუნდი კარგად გამოვიდა. ყველამ მაქსიმუმი გავაკეთეთ და გუნდური პირველი ადგილის მოპოვებაც მოვახერხეთ”.
დავით ხუციშვილი: “უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა თავი და სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ძნელი შეხვედრები ჩავატარე. საბედნიეროდ, ყველა მოვიგე, რაც სრულყოფილი მომზადებით მოვახერხე”.
ახალგაზრდული ნაკრებები რამდენიმე დღეში გაფართოებული შემადგენლობებით, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე გადავლენ. ამ ასაკობრივ ჯგუფში, სეზონის ორ უმთავრეს შეჯიბრს შორის, ტრადიციულად, დროის უმცირესი მონაკვეთია. წლევანდელ მსოფლიოს პირველობას, 20-25 ივლისს, ბუდაპეშტი უმასპინძლებს.
ოთარ მაღლაკელიძე







