გულშემატკივრის სვეტი

9:46 | 14.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

მოდი და ნუ შეგშურდება...

ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ კორეის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს და თან ჯგუფში, არც მეტი, არც ნაკლები, ბრაზილიისა და პორტუგალიის ნაკრებებს შეხვდება, უპირველესად, მეტყველებს იმაზე, რომ ფეხბურთის თამაში უკიდურესად არადემოკრატიული და დიქტატორული რეჟიმის პირობებშიც კია შესაძლებელი. ჩრდილოეთ კორეა ის ფენომენია, რომელზე საუბრის დროსაც, ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველებიც კი, ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან, რამეთუ სოციალისტური კორეა ერთ-ერთ იმ იშვიათ ქვეყანათაგანია, სადაც წერილის გაგზავნაც კი ძნელი ამბავია (ინტერნეტზე და მსგავს სიამეებზე ხომ საუბარიც კი სასაცილოა) და ჩრდილოკორეელთა დიდმა უმრავლესობამ დანარჩენ მსოფლიოზე, ფაქტობრივად, არაფერი იცის. ათწლეულებია, ამ ქვეყანას კომუნისტური დიქტატურა მართავს და ფხენიანის ქუჩებში პირველ მაისს გამოფენილი ადამიანები იმ წარსულის აჩრდილებს მოგვაგონებს, რომლებსაც ქართველები აგერ უკვე 20 წელია ვებრძვით და ბოლომდე მაინც ვერაფერი მოვუხერხეთ.
ყველაფერი ზემოჩამოთვლილის მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეის ნაკრები აფრიკის მუნდიალზე ითამაშებს, მაშინ როდესაც, ჩემპიონატს მიღმა ჩეხეთისა და უკრაინის დარი გუნდები აღმოჩნდნენ. ამას თავისი ობიექტური ახსნა რა თქმა უნდა აქვს, რადგან ჩრდილოეთ კორეა არცთუ ძლიერ აზიის ზონის შესარჩევ ეტაპზე გამოდის, იგივე ჩეხეთი კი - ევროპაში, თუმცა, ჩემპიონატს მიღმა, თუნდაც აზიიდან, კორეაზე ბევრად მხარგაშლილი და შეძლებული ქვეყნების გუნდები დარჩნენ. აყავავებული სამხრეთ კორეისაგან (რომელიც ასევე გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე) ძირეულად განსხვავებულმა, გაჭირვებულმა და ეკონომიკადაქცეულმა ჩრდილოელმა კომუნისტებმა რანაირად შეძლეს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამსვლელი გუნდის შექმნა, ეს მთელს მსოფლიოში ბევრისთვის ამოუცნობ ამბად რჩება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქამდე, ჩრდილოეთ კორეის ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბების შემადგენლობების გაცნობაც კი მიუღწეველი იყო ევროპელთათვის და მხოლოდ ბოლო 2 წელია, რაც ევროპელმა გულშემატკივრებმა ინტერნეტით იმის გაგება შეძლეს, რომ ჩრდილოეთ კორეის საფეხბურთო ჩემპიონატზე თურმე არნახულად ბევრი ადამიანი დადის და მოუწყობელი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მიუხედავად, ფეხბურთი ამ ქვეყანაში ძალიან პოპულარული ყოფილა.
ჩრდილოეთ კორეისადმი არცთუ მცირე ინტერესი გაჩნდა 44 წლის წინათ, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩრდილოეთ კორეამ იტალიის ნაკრები 1:0 დაამარცხა. ეს იმ დროის და არამხოლოდ იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია იყო, თუმცა, გავიდა წლები, თავისუფალ მსოფლიოში ცხოვრება კვლავ თავისი დინებით გაგრძელდა, ფეხბურთმაც განვითარების ბევრად მაღალ ეტაპებს მიაღწია და ყველამ დაივიწყა ისედაც თვითიზოლაციაში მყოფი კორეა, რომელიც თავს მხოლოდ სამხრეთ კორეისადმი საომარი მუქარითა და რუსული დაჟანგული იარაღის ჟღარუნითღა თუ გვახსენებდა და ახლა, ერთ-ერთ ქართულ ფილმში გაჟღერებული ფრაზისა არ იყოს, როდესაც ჩრდილოეთ კორეა ყველას “გაღმა გვეგონა გასული”, აღმოვაჩინეთ, რომ ამ არცთუ დალხენილ ხალხს ფეხბურთის თამაში კვლავ შესძლებიათ.
ჩრდილოეთ კორეისაგან რა მაგალითი შეიძლება აიღოს სხვა ქვეყანამ? ღირს კი საუბარი რაიმე მაგალითის აღებაზე, როდესაც ამ ქვეყანაში, ფხენიანის ცენტრალური გამზირის გარდა, ფაქტობრივად, ყველა შენობა, გზა და სხვა რაიმე ნაგებობა უძველესი, მოშლილი და დანგრეულია. მსოფლიო ბანკის და სხვა ფინანსური ორგანიცაზიების მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეაში ხალხი შიმშილობის ზღვარზეა და თუკი კორეის კომუნისტური პარტიის შეუვალობას და დასავლური ცივილიზაციისადმი ზიზღს გავითვალისწინებთ, ალბათ, კიდევ დიდი ხანი ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, მაგრამ როდესაც ყველაფრის მიუხედავად, დაქცეულმა ქვეყანამ ღირსეული საფეხბურთო გუნდის შექმნა მოახერხა, კორეელთა მაგალითის აღებაზე საუბარი ამ შემთხვევაში ნამდვილად შეიძლება.
მოდით, პარალელების გავლებისაგან თავი შევიკავოთ. უბრალოდ, თავს მივცეთ უფლება, რომ თეთრი თუ შავი შურით გვშურდეს ჩრდილოეთ კორეელების, რომლებიც ექვსიოდ თვეში მონჯღრეულ, საბჭოური წარმოების შავ-თეთრ ტელევიზორებს მიუსხდებიან და მსოფლიოს ჩემპიონატზე მათი ეროვნული გუნდისა და ბრაზილიის დაპირისპირებას ნახავენ. ჩვენ კი, ამ დროს იმაზე უნდა ვიოცნებოთ, ევროპის მომავალი ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში, ეგებ, მალტის ნაცვლად, ანდორა შეგვხვდეს. მალტასთან გამარჯვება თქვენ უბრალო ამბავი გგონიათ?

ლევან სეფისკვერაძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159438