”სენიორ ლუჩიანო, თქვენ ამიერიდან სამუდამოდ გეკრძალებათ ფეხბურთთან ყოველგვარი კავშირი. მოგიწევთ პოსტის დატოვება და განზე განდგომა”, – როდესაც ეს სიტყვები ნეაპოლელმა მოსამართლემ ტურინის ”იუვენტუსის” ყოფილ დირექტორსა და მმართველს, ლუჩიანო მოჯის უთხრა, სასამართლოს დარბაზი “იუვენტუსისადმი“ გულცივად განწყობილი ხალხით იყო სავსე და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტაშის გრიალით შეხვდნენ. სწორედ ამიტომ, სილვიო ბერლუსკონის მიერ მართულ იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ თითქოს, მოჯის “იუვედან“ გაშვებას სრულიად იტალია სიხარულით შეხვდა და სამართლიანობამ საბოლოოდ იზეიმა. სიმართლე კი მხოლოდ ისაა, რომ დღეს პიემონტიდან სიცილიამდე, იტალიური ფეხბურთის ნეიტრალური ქომაგებიც კი მისტირიან ლუჩიანო მოჯის. კაცს, რომელმაც ანიელების ძალმოსილი გვარის ფინანსური შეწევნით, ტურინული კლუბი ევროპაში განსაკუთრებულ საფეხურზე აიყვანა და სრულიად იტალიის ქომაგებს საკლუბო ფეხბურთში დიდი ამბიციები გაუჩინა.
ლუჩიანო მოჯის შესახებ ობიექტური ინფორმაციების მოძიება ძალიან ძნელია, რადგან ის იტალიაში ან სისხლხორცეულად ეზიზღებათ, ანდა ნამეტნავად უყვართ. ფაქტი კი ისაა, რომ “იუვენტუსის“ ყოველი მატჩის წინ და შემდგომ, აპენინელი ჟურნალისტები სენიორ ლუჩიანოსთან კომენტარის სათხოვნელად გარბიან, რადგან იციან, რომ მოჯიმ “ზებრების“ შესახებ ნებისმიერ ყბაღია საფეხბურთო ექსპერტზე მეტი იცის და გული თუ სტკივა, ისევ და ისევ “იუვეს“ გამო სტკივა. მართალია, მოჯი პიემონტიში გაზრდილ-დაფრთიანებული კაცია, მაგრამ იტალიაში არ დავიწყებიათ, თუ ვინ იყო მისი პაპა დედის მხრიდან. ლუჩანო ხომ ერთ-ერთი უკანასკნელი დიდი იტალიელი “ნათლიმამას“, ანტონიო კენზელის შვილიშვილია. იმ ანტონიოსი, რომელმაც სიცილიური მაფიის ”დესანტი“ კუნძულიდან მატერიკზე გადმოსხა და ტოსკანა-ლომბარდიაში მაფიოზური კლანების გაძლიერებაც სწორედ მის სახელს უკავშირდება.
ასეთი წინაპრის გამო, ლუჩიანო მოჯის პრესასთან საუბარში ყოველთვის უწევდა თავის მმართლებლის პოზიციაში ყოფნა და იმის მტკიცება, რომ პაპისგან მაფიოზური არაფერი გამოჰყოლია. მაგრამ, სულ სხვას ფიქრობს იტალიელი ჟურნალისტი, ვინმე სენტა როზეტი, რომელიც “ტორინოს“ ქომაგობით არის ცნობილი და “იუვეს“ ყოფილი დირექტორისადმი მისი ზიზღიც სწორედ ამ მიზეზით უნდა აიხსნას. სენიორ როზეტი წერს: “მოჯის დროს, “იუვენტუსის“ მართვის სტილი წმინდა მაფიოზური იყო. ახლა რამდენიც არ უნდა ამტკიცონ საპირისპირო, ფაქტია, რომ ლუჩიანო ფეხბურთელების თავის კლუბში გადასაბირებლად ხშირად მუქარას და დაშინებასაც კი მიმართავდა. სწორედ ასეთი გზით განვითარდა “იუვენტუსი“, რომელიც ფეხბურთელებს განსაკუთრებულად დიდ ხელფასებს არასოდეს უხდიდა, მაგრამ ცნობილი და ნარჩევი ფეხბურთელები რატომღაც მაინც ამ გუნდში გადადიოდნენ. ახლა, როდესაც სენიორ მოჯი “იუვედან“ წავიდა, ჩვენ ნათლად ვხედავთ ამ კლუბის რეალურ ძალასა და შესაძლებლობებს სხვა კლუბებთან თანაბარ პირობებში. მე ვეთანხმები ნეაპოლის სასამართლოს გადაწვეტილებას და მიმაჩნია, რომ მოჯის მსგავსი ადამიანები ფეხბურთში არ უნდა საქმიანობდნენ“.
მიუხედავად იმისა, რომ ლუჩიანო მოჯი ფეხბურთიდან მოკვეთეს, მას მტერ-მოყვარე მაინც ბლომად ჰყავს და ისეთ ხალხსაც ნახავთ, რომლებიც სენტა როზეტის მიკერძოებულობასა და უსინდისობაში დაადანაშაულებენ. ბოლო რამდენიმე თვეა, “იუვენტუსის“ ყველაზე აქტიურმა ტიფოზებმა უკვე ოფიციალურად დააყენეს მოთხოვნა კლუბში მოჯის დაბრუნებასთან დაკავშირებით. “იუვენტუსის“ ახლადაშენებულ მშვენიერ სტადიონზე მისი გახსნის პირველსავე დღიდან, აუცილებლად წააწყდებით მინიმუმ ერთ დიდ პლაკატს მაინც, სადაც მოჯის სახელია ნახსენები. ტურინელი ტიფოზები ოცნებობენ იმ დროზე, როდესაც იტალიის სასამართლო თავის ძველ გადაწყვეტილებას გადახედავს და ბატონ ლუჩიანოს თავის გუნდში დაბრუნების ნებას მისცემს. სილვიო ბერლუსკონის პრემიერობის პირობებში ძნელად წარმოსადგენია, რომ ლუჩიანო მოჯის ძველი რეგალიების აღდგენის უფლება მისცენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბერლუსკონი ცას ვერ გამოეკერება და არც იტალიაა რუსეთი, რომ ქვეყნის სათავეში დასმულ ერთ შემელოტებულ კაცს უყურონ მთელი ცხოვრება. როცა იქნება, ბერლუსკონიც ისტორიის კუთვნილება გახდება. სწორედ ამ დროს ელიან “ზებრების“ გულდათუთქული ტიფოზებიც, მაგრამ აქვთ კი რაიმე გარანტია, რომ პოსტბერლუსკონისეულ იტალიაში მისცემენ ლუჩანო მოჯის ფეხბურთში ფუსფუსის უფლებას? ბოლო წლებში მომხდარი მრავალი საეჭვო ამბის შემდეგ, იტალიურ ფეხბურთს ისედაც ძალიან გაუტყდა სახელი და ვითომ წაადგება მოჯისთანა ოდიოზური ფიგურის “გვირაბიდან გამოყვანა“კალჩიოს იმიჯს? მით უმეტეს, რომ მტრები და ბოღმიანი მოქილიკეები იტალიურ ფეხბურთს არასოდეს აკლდა. არა, მართლაც რომ ძალიან გაჭირდება მოჯის “იუვენტუსში“ დაბრუნება, მაგრამ იქ სადაც მოჯია, იმედი ყოველთვის არის...
ლევან სეფისკვერაძე







