ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე დღე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის უმედლოდ გაილია. დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 74 და 125 კილოგრამებში გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით საქმეში იაკობ მაქარაშვილი (74 კგ) და დავით მოძმანაშვილი (125 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ პოდიუმს ვერც ერთი შეწვდა. მაქარაშვილს მესამე საფეხურამდე ორი შეხვედრის მოგება დააკლდა, მოძმანაშვილს – ერთის.
უმძიმეს წონაში კონკურენციაში 16 მოჭიდავე ჩაერთო. დავით მოძმანაშვილს პირველ მეტოქედ მოლდოველი ანდრეი რომანოვი ერგო. ლონდონის ოლიმპიური თამაშების ქართველმა ფინალისტმა ორივე პერიოდში ოთხ-ოთხი ქულა ისე აიღო, თავად ერთიც არ დაუკარგავს.
მეოთხედფინალში ევროპისა და მსოფლიოს აზერბაიჯანელ პრიზიორ ჯამალადინ მაგომედოვთან გაცილებით მძიმე ბრძოლა გადახდა. პირველი პერიოდი პასიურად მოჭიდავე მოწინააღმდეგის გაფრთხილების გამო მიღებული ქულით მოიგო. მეორე სამწუთეულში მსაჯმა უკვე მოძმანაშვილი გააფრთხილა, თან ორჯერ და საფინალო სირენამდე 38 წამით ადრე მაგომედოვი 2:1 დაწინაურდა. საქართველოს ნაკრების უმძიმესი წევრი უმალ გააქტიურდა, ორი ორქულიანი ილეთის ხარჯზე საბოლოოდ 5:2 მოიგო და ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ალან ხუგაევთან შეხვედრის უფლება მოიპოვა.
ფინურ ხალიჩაზე გამართული მორიგი ქართულ-რუსული დაპირისპირება ჩვენთვის არასასურველი ფინიშით დასრულდა, თუმცა საბოლოო შედეგში ხუგაევზე მეტად წვლილი მსაჯებს მიუძღვით. ექვსი წუთის განმავლობაში ერთადერთი ილეთი გაკეთდა – საფინალო სირენამდე წამებით ადრე დავით მოძმანაშვილმა ქულა აიღო, მაგრამ ეს ფინალში გასასვლელად არ ეყო. ტაბლოზე 2:2 ენთო და ეს ანგარიში ხელს ალან ხუგაევს აძლევდა, რადგან მან ორივე ქულა მეტოქის გაფრთხილების გამო აიღო, თავად კი მხოლოდ ერთი გაფრთხილება ჰქონდა. არადა, მოძმანაშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში მეტოქეს აქტიურობით ნამდვილად არ ჩამორჩებოდა, თუ არ აღემატებოდა. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსაჯთა მაგიდისგან ბოლო ილეთის ზუსტად შესწავლა და ორქულიანად შეფასება მოითხოვა, მაგრამ ამან საქმეს არ უშველა.
წარუმატებლობა მხოლოდ მსაჯებს რომ არ დავაბრალოთ, ფინალს მიღმა დარჩენის ერთი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზიც ვახსენოთ. აშკარად აჯობებდა, ქართველ სპორტსმენს შეხვედრის დასაწყისიდანვე აქტიურად ემოქმედა და ქულების აღებაზე მეტი ეფიქრა. ამის ძალა რომ რეალურად შესწევდა, მეოთხედფინალის, ნახევარფინალისა და ფინალის ბოლო წამებზე კარგად გამოჩნდა.
რეპეშაჟის ფინალში კი მოძმანაშვილი ევროპის ვერცხლის (2012) და ბრინჯაოს (2011) პრიზიორს, უნგრელ დანიელ ლიგეტის დაეჭიდა და კიდევ ერთი ბრინჯაოს მოპოვებაში ხელი ვერ შეუშალა.
პირველი პერიოდი ქართველმა მძიმეწონოსანმა გაფრთხილებით წააგო - 0:1. მეორეში გაფრთხილებითვე გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ მეოთხე წუთზე ოთხქულიან ილეთზე წამოეგო. დარჩენილ დროში გააქტიურება კი მხოლოდ ანგარიშის სამ ქულამდე შესამცირებლად ეყო – 2:5.
ძირითად ბადეში გამოსვლა მაქარაშვილმაც რუსეთის ნაკრების წევრთან მარცხით დაასრულა, ოღონდ მოძმანაშვილის შემთხვევისგან განსხვავებით, ეს პირველსავე წრეში მოხდა. ქართველ მოჭიდავეს წილისყრაში აშკარად არ გაუმართლა, უმალ ევროპის მოქმედ ჩემპიონს ანიუარ გედუევს გადაეყარა და ერთი კი გაიბრძოლა, მაგრამ ვერაფერს გახდა – 2:12.
გედუევმა მომდევნო შეხვედრებიც მოიგო და მას შემდეგ, რაც ფინალის საგზური გაინაღდა, მაქარაშვილი “ბრინჯაოს ფრონტზე” გადაერთო, მაგრამ იქაც პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა პოლონელ კრისტიან ბრზოზოვსკისთან - 4:8.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მედლების ბოლო ორ კომპლექტს ხვალ გაითამაშებენ. ჩემპიონ-პრიზიორები 70 და 86 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი ხალიჩაზე დიმიტრი ბასილაშვილი (70 კგ) და დავით მარსაგიშვილი (86 კგ) გავლენ.
თავისუფალი ჭიდაობა
ევროპის ჩემპიონატი
ვანტაა. ფინეთი
1 აპრილი
65 კგ
1 მაგომედ ყურბანალიევი (რუსეთი)
2 სერვეტ ჩოსკუნი (თურქეთი)
3 კონსტანტინე ხაბალაშვილი (საქართველო)
3 ბორისლავ ნოვაჩკოვი (ბულგარეთი)
97 კგ
1 აბდუსალამ გადისოვი (რუსეთი)
2 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)
3 ივან იანკოუსკი (ბელარუსი)
3 ნიკოლაე ჩებანი (მოლდოვა)
2 აპრილი
57 კგ
1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)
2 გენადი ტულბეა (მონაკო)
3 ზოჰეირ ელ უარაქი (საფრანგეთი)
3 გარიკ ბარსეგიანი (სომხეთი)
61 კგ
1 ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)
2 ბეხან გოიგერეევი (რუსეთი)
3 ანდრეი პერპელიტა (მოლდოვა)
3 ვასილ შუპტარი (უკრაინა)
3 აპრილი
74 კგ
1 ანიურ გედუევი (რუსეთი)
2 ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)
3 სონერ დემირტაში (თურქეთი)
3 კრისტიან ბრზოზოვსკი (პოლონეთი)
125 კგ
1 ტაჰა აკგული (თურქეთი)
2 ალან ხუგაევი (რუსეთი)
3 ალექსანდრ ხოციანივსკი (უკრაინა)
3 დანიელ ლიგეტი (უნგრეთი)









