ერევანში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს თასზე, ჯგუფური ეტაპის 2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გასვლისა და ფინალში ჭიდაობის შანსს ინარჩუნებს. ბეგი დარჩიას გუნდმა, რომელიც სომხეთში ტიტულოვანი მოჭიდავეების: დავით ბედინაძის (60 კგ), მანუჩარ კვირკველიას (74 კგ), ბადრი ხასაიასა (84 კგ) და რამაზ ნოზაძის (96 კგ) გარეშეა ჩასული, ტურნირი ასევე შესუსტებული შემადგენლობით მოჭიდავე რუსეთთან გამანადგურებელი ანგარიშით წაგებით გახსნა.
მსოფლიოს თასის ფავორიტად მიჩნეულ გუნდთან ქართველთაგან ქულის აღება მხოლოდ 60 კილოგრამში მოჭიდავე რევაზ ლაშხმა მოახერხა, მაქსიმ მორდოვინის ძლევით. ლაშა გოგიტაძე (55 კგ) ოლიმპიურ ჩემპიონ ნაზირ მანკიევთან დამარცხდა, 2010 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი მანუჩარ ცხადაია (66 კგ) – სეირან სიმონიანთან, გენადი გოგიშვილი (74 კგ) – რუსლან ბელჩოროევთან, არსენ კახაბრიშვილი (84 კგ) – ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონ ალექსეი მიშინთან, სოსო ჯაბიძე (96 კგ) – რუსტამ ტოტროვთან, ხოლო მძიმეწონოსანი დიმიტრი ჯავახიშვილი – ალექსანდრ ანუჩინთან.
ამავე, B ჯგუფის პირველ წრეში კიდევ ერთი 6:1 დაფიქსირდა. თურქებმა უნგრელები დაჩაგრეს. ამ უკანასკნელთ მეორე საჭიდაო გაკვეთილი ქართველებმა ჩაუტარეს. ბეგი დარჩიამ შემადგენლობაში ერთადერთი შესაძლო ცვლილება განახორციელა – ცხადაია ანტონ მამაგეიშვილით ჩაანაცვლა და ამ უკანასკნელმა ნაკრების გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. მამაგეიშვილის გარდა, თავიანთი ბრძოლები გოგიტაძემ, ლაშხმა, გოგიშვილმა და კახაბრიშვილმაც მოიგეს. ჯაბიძემ და ჯავახიშვილმა კი თანაგუნდელებს მხარი ვერ აუბეს და მოწინააღმდეგეებს სხვაობის 2:5-მდე შემცირების საშუალება მისცეს.
რუსები მე-2 ტურში თურქებს დაუპირისპირდნენ. რომ ემარჯვათ, ჯგუფურ პირველ ადგილს ვეღარავინ შეეცილებოდათ, მაგრამ ბევრისთვის მოულოდნელად, 2:5 დამარცხდნენ და ბოლო ტურის წინ, ფინალში გასვლის შანსს ერთბაშად 3 ნაკრები ინარჩუნებს.
საქართველოს შანსი კონკურენტებისაზე გაცილებით დაბალია. დარჩიას გუნდს გასალიდერებლად თურქეთის მშრალად დამარცხება სჭირდება. ამასთან, უნგრეთმა რუსეთთან სულ ცოტა, 3 ქულა უნდა აიღოს.
A ჯგუფში სომხეთის, ირანის, კუბისა და სკანდინავიის ქვეყნების გაერთიანებულმა ნაკრებებმა მოიყარეს თავი. 2 ტურის შემდეგ, სომხეთსა და ირანს 2-2 ქულა დაუგროვდათ და პირველობისთვის დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
მსოფლიოს თასი. ერევანი
13 თებერვალი
A ჯგუფი
I ტური
ირანი – კუბა 5:2
სომხეთი – სკანდინავია 7:0
II ტური
ირანი – სკანდინავია 6:1
სომხეთი – კუბა 7:0
B ჯგუფი
I ტური
საქართველო – რუსეთი 1:6
თურქეთი – უნგრეთი 6:1
II ტური
საქართველო – უნგრეთი 5:2
თურქეთი – რუსეთი 5:2
ოთარ მაღლაკელიძე







