თუკი რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოხდა, ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, კახა კალაძე, სულ მალე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გახდება. ამას გარდა, კახა კალაძე ვიცე-პრემიერიც უნდა გახდეს. კახა პოლიტიკით დაინტერესების სურვილს ჯერ კიდევ მაშინ გამოთქვამდა, როდესაც მოქმედი ფეხბურთელი იყო და იგი არასოდეს მალავდა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, აქტიურ პოლიტიკაში სურდა ჩართვა. აწ უკვე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანების შემდეგ, ბევრს საუბრობდნენ, თუ რა თანამდებობაზე შეიძლება დანიშნულიყო “მილანის” ექსფეხბურთელი. არსებობდა აზრი, რომ კალაძე შესაძლებელი იყო პარლამენტის თავმჯდომარედაც კი გვეხილა. ზოგი სპორტის მინისტრობას უწინასწარმეტყველებდა, ზოგი კი პარლამენტში სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელის ადგილს. მაგრამ, ალბათ ყველასათვის დიდი სიურპრიზი იყო კახა კალაძის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის კანდიდატად წარდგენა. როგორ გაუძღვება ყოფილი ფეხბურთელი ასეთ სპეციფიკურ სამინისტროს, ამას უახლოესი მომავალი გვაჩვენებს...
ჯერ კიდევ შარშან ამ დროს, კახა კალაძე იტალიის საფეხბურთო მინდვრებზე აგორებდა ბურთს და ვეტერანი ფეხბურთელის კვალობაზე, არცთუ ურიგოდ. მაშინ, უკვე ყალიბდებოდა “ქართული ოცნება” და კალაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, თავისი გუნდის წევრად დაასახელა.
ადამიანები პოლიტიკოსებად რომ არ იბადებიან, ეს ცხადზე-ცხადია, მაგრამ მრავლისმნახველ ქართულ პოლიტიკას აქამდე მაინც არ უნახავს სპორტსმენი, რომელსაც პოლიტიკაში ასე ეაქტიუროს. კალაძის განცხადებები ყოველთვის გამოირჩეოდა სიმკვეთრით, რაც ბევრ ადამიანს აღიზიანებდა და შესაძლებელია, დღესაც აღიზიანებს. ჩვენ გვახსოვს პოლიტიკაში წასული ბევრი ქართველი სპორტსმენი, რომლებიც პარლამენტარების ან სამინისტროს რიგითი ჩინოსნების პორტფელებს უდრტვინველად სჯერდებოდნენ და სულ ეს იყო... კალაძემ კი, თავიდანვე უფრო “დიდ წინსვლაზე” გააკეთა განაცხადი.
ეს ყველაფერი განსაკუთრებულად კარგად, სულ ახლახან დასრულებული წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოჩნდა, როდესაც ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯერ გორში ამომრჩევლებთან შეხვედრისას გამოიდო თავი და დაპირისპირებულ პოლიტიკურ ოპონენტებთან კონფლიქტში შევიდა. შემდეგ კი, მის მშობლიურ სამტრედიაში აწარმოა წინასაარჩევნო კამპანია და არაერთი მკვეთრი განცხადება გააკეთა აწ უკვე ყოფილი ხელისუფლების მიმართ. კალაძემ სამტრედიის მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა. თუმცა, პარლამენტარობას მაინც მინისტრობა არჩია.
ახლა, როდესაც უკვე ყველაფერი ცხადია და პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი მინისტრი გახდება, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს გაორებული გრძნობა სდევთ თან. ჩვენ კალაძე, როგორც ფეხბურთელი, ისე გვახსოვს და გვიყვარს. თან ფეხბურთელიცაა და ფეხბურთელიც... კახა ხომ ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც უპრესტიჟულესი ევროპული საკლუბო გათამაშება – ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. ანდრეი შევჩენკოსა და კახას გარდა, არც ერთ ყოფილ საბჭოელ ფეხბურთელს არ ღირსებია მსგავსი წარმატება. სანამ, თუნდაც ერთი ქართველი იქნება დედამიწაზე, ალბათ, ყოველთვის ვიამაყებთ ამ ამბით და ფაქტია, რომ საამაყოდ მართლაც დიდი ხანი გვეყოფა (ღმერთმა იცის, მსგავს წარმატებას კიდევ როდის გაიმეორებს ქართველი ფეხბურთელი), მაგრამ, ახლა როდესაც კახი კალაძე სახელმწიფო სტრუქტურის მაღალჩინოსანი გახდება, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხბურთელი კახა კალაძე უკვე საბოლოოდ დასრულდა.
ჩვენს ქვეყანას აქვს მწარე გამოცდილება, დანიშვნიდან უმოკლეს დროში, მავანნი და მავანნი თუ რას საუბრობენ მინისტრებზე, რას წერენ გაზეთები მათზე და როგორ ეცვლებათ ადამიანებს დამოკიდებულება (როგორც წესი) ერთ დროს მათსავე მიერ არჩეული ხელისუფლებების მიმართ. სწორედ ამიტომაცაა გულდასაწყვეტი კახას ამბავი, თორემ ვინ-ვინ და ზოგიერთ ყოფილსა და ახლანდელ მინისტრს, კახა კალაძე პიროვნულად ნამდვილად სჯობს.
რა დაგიმალოთ და ფრიად სახალისო სანახავი კი იქნება, ჩემპიონთა ლიგის თასის ორჯერ აღმმართავი კახი კალაძე, როგორ “ადგას თავზე” გზის ხელოსნებს, რომლებსაც თუშეთისაკენ გაჰყავთ გზა. ისე, თუშეთში ასასვლელი კლდოვანი გზა 40 წელზე მეტია გაპარტახებულია და თუ ამას, კახა კალაძე თავისი მინისტრობის დროს გააკეთებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საქმე მისთვის მესამე “ჩემპიონთა ლიგის თასის” მოპოვების ტოლფასი იქნება. ძალიან მინდა, თუშეთში მიმავალი გზა რომ გაკეთდეს და რა ვქნა?!...
ლევან სეფისკვერაძე









