თბილისის საერთაშორისო ტურნირის პირველი დღე ისე გაილია, მედლების სამი კომპლექტიდან, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს, ოდენ, სამი ბრინჯაო ერგო. ტრადიციულ შეჯიბრებაში, რომელსაც წლევანდელი სეზონის წინ ახალი სახელი – “ევროპის ღია ტურნირი” დაერქვა, 20 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. მოლოდინისამებრ, თბილისში უძლიერესი შემადგენლობის ჩამოყვანისგან, თითქმის ყველა ნაკრების მწვრთნელმა შეიკავა თავი. რამდენიმე ძლიერი ძიუდოისტი საქართველოს ნაკრებსაც აკლია, მაგრამ ასეთ დაბალ შედეგიანობას, მაინც არავინ ელოდა.
ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს, ჩემპიონ-პრიზიორები საწყის სამ წონით კატეგორიაში: 60, 66 და 73 კილოგრამებში გამოვლინდნენ. თითოეულ წონაში ოთხი ქართველი გავიდა ტატამზე და თორმეტი ძიუდოისტიდან ექვსი, ტურნირს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა. ყველაზე მოულოდნელი, საქართველოს ნაკრების გამოცდილი წევრის, ნუგზარ ტატალაშვილის (73 კგ) წარუმატებლობა იყო. იგი საქმეში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო და ირანელ ელიას ალიაკბარისთან დამარცხდა. უფრო ზუსტად კი, დისკვალიფიკაციით დაისაჯა. მიზეზი, ტატალაშვილის უხეშობა გახდა – მსაჯებმა მეტოქისთვის ხელის კვრა არ აპატიეს და ტურნირიდან მოხსნეს.
გიორგი ბროლაშვილი (60 კგ) და მინდია ლილუაშვილიც (66 კგ) ერთადერთხელ გავიდნენ ტატამზე. ბროლაშვილი ებრაელ იდო ბართან მახრჩობელა ილეთზე წამოეგო, ლილუაშვილი, ასევე ებრაელ გოლან პოლაკთან დაპირისპირებისას ორჯერ დავარდა ვაზარზე. ვანიკო თოთლაძემ (66 კგ), გიორგი პაპუნაშვილმა და არსენ მაჭარაშვილმა (ორივე 73 კგ) კი, თითო შეხვედრის მოგება მოახერხეს და ევროპის ღია ტურნირზე გამოსვლა მერვედფინალით დაასრულეს. თოთლაძემ, ებრაელი იან ვინოგრადოვის იპონით ძლევის შემდეგ, უნგრელ მარტინ ვეგვარისგან დასანანი მარცხი იწვნია – მეტოქის მსგავსად, ვაზარი და იუკო ჰქონდა აღებული და ვეგვარის შიდოს წყალობით წინ იყო, მაგრამ ბოლო წამებზე გაუმართლებლად შეუტია და კონტრ ილეთზე - იუკოზე წამოეგო.
პაპუნაშვილმა პირველ წრეში აზერბაიჯანელი ნადირ ბაბაევი შებოჭა, მერე კი თავად წააგო წმინდად ებრაელ საგი მუკისთან, ხოლო მაჭარაშვილმა უნგრელი ნორბერტ კიშის დაიპონების შემდეგ, ბელარუს ვალერი ხუდაიეშკასთან თანაბარ ბრძოლაში იუკოთი წააგო.
ყველაზე შედეგიანად ქართველმა ძიუდოისტებმა უმსუბუქეს წონაში იჭიდავეს – ამირან პაპინაშვილი და პაატა მერებაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ, მაგრამ ფინალის საგზურის მოპოვება ვერც ერთმა შეძლო.
პაპინაშვილმა, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი, ყაზახ იელდოს სმეტოვთან დაკარგა ოქრო-ვერცხლის შანსი. ამ შეხვედრამდე, ჩვენებურმა აზერბაიჯანელი ელბრუს ზამანოვი იპონით, ხოლო ყაზახი რუსტამ იბრაიევი იუკოთი ჩამოიცილა. მერებაშვილს ნახევარფინალამდე მისასვლელად სამი შეხვედრის მოგება დასჭირდა. სომეხ გორ მკრტჩიანს ნახევარ წუთში მოუმთავრა საქმე, ბულგარელ იანისლავ გერჩევსა და ყაზახ ალბეკ იმაშევს ქულებით აჯობა. შემდეგ კი, მომავალ ჩემპიონს, იაპონელ შინჯი კიდოს გადაეყარა და წმინდად დამარცხდა.
რეპეშაჟის ფინალში გადართულმა ქართველმა მსუბუქწონოსნებმა, ბრინჯაოს შანსი კარგად გამოიყენეს. მერებაშვილმა იბრაიევს გაფრთხილებით სძლია, პაპინაშვილმა კი იმაშევს წმინდა გდებით მოუმთავრა საქმე.
საქართველოს მოქმედ ჩემპიონ ვაჟა მარგველაშვილს, ძირითად ბადეში გამოსვლა, პაპინაშვილის მსგავსად, სმეტოვმა დაასრულებინა. ეს დაპირისპირება მეოთხედფინალში შედგა. იქამდე, მარგველაშვილმა სომეხ არტურ ვარდანიანსა და ბრიტანელ გრაჰამ ტრინდერს მოუგო. რეპეშაჟში გადართული კი იბრაიევთან ვეღარას გახდა და საბოლოოდ, მე-7 ადგილს დასჯერდა.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველთაგან ყველაზე შედეგიანად, საქართველოს ჩემპიონი ტრისტან ფეიქრიშვილი გამოვიდა. ძირითად ბადეში, ებრაელი ბარ რაუფმანი წმინდად დაამარცხა, უკრაინელი რუფატ მაგომედოვი ახალი წესების დარღვევის გამო მოუხსნეს, მერვედფინალში, ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, უკრაინელი მასაში კოდერა დასცა ბეჭებზე და შეჯიბრებას გამოთიშა, მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონთან, ბელარუს დიმიტრი შერშანთან ვეღარას გახდა და ბრინჯაოს ფრონტზე გადაერთო, სადაც ორი წმინდა გამარჯვება მოიპოვა – უკრაინელ ანდრეი ბურდონთან და უნგრელ ზსოლტ გორიანაცთან.
ფეიქრიშვილის მომგებმა შერშანმა საჩემპიონო გზაზე კიდევ ერთი ქართველი – თორნიკრე თათარაშვილი ჩამოიცილა. ეს ბრძოლა ნახევარფინალში შედგა და იქამდე ბრწყინვალედ მოჭიდავე თათარაშვილი, შებოჭვაზე მოჰყვა. მომავალ ჩემპიონთან დაჭიდებამდე, ქართველმა ძიუდოისტმა სამი ძლიერი მოწინააღმდეგე დაამარცხა: უნგრელი ლასლო ბურიანი გაფრთხილებით, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი, რუსი დენის ლავრენტიევი და უკრაინელი ბურდონი კი ეფექტური წმინდა გდებებით. რეპეშაჟის ფინალში, თორნიკე თათარაშვილი იაპონელ იუიტო იოშიდას დაეჭიდა და ფეხში შესვლის ახალი წესის დარღვევის გამო, საბოლოოდ, მეხუთე ადგილს დასჯერდა.
73 კილოგრამში, საპრიზო სამეული საქართველოს ნაკრების წევრების გარეშე შეივსო. მიზანთან ყველაზე ახლოს ზებედა რეხვიაშვილი იყო, რომელიც შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაერთო და მაშინ, როდესაც აზერბაიჯანელ ისმაილ პირიევს ვაზარით უგებდა, მეტოქემ პასიურობისთვის მეოთხე შიდო მიიღო და შეხვედრა შეწყდა. მეოთხედფინალში რეხვიაშვილმა ყაზახ იერტუგან ტორენოვთან დრამატულ ბრძოლაში წააგო, ბრინჯაოს ნახევარფინალში კი, იაპონელი ტაკენორი ნაკამურას წინააღმდეგაც უძლური აღმოჩნდა და მეშვიდე ადგილს დასჯერდა.
“დღეს აშკარად უკეთეს შედეგს ველოდით, მაგრამ სამწუხაროდ, ბიჭებმა ბოლო მომენტში თავიანთი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა ვერ შეძლეს. წარუმატებლობას ახალ წესებს ვერ დავაბრალებ. ამ მიზეზით, მხოლოდ თორნიკე თათარაშვილი დაზარალდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრამდე, მართლა კარგად იჭიდავა. წინ კიდევ ერთი დღე და ოთხი წონითი კატეგორიაა და ვეცდებით, გულშემატკივრები უმაღლესი სინჯის მედლებითაც გავახაროთ”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ.
ხვალ, ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს ნაკრების სახელით კი, თითო წონაში ოთხი ძიუდოისტი იჭიდავებს.
ძიუდო
თბილისის ღია ტურნირი
2 თებერვალი
60 კგ
1 შინჯი კიდო (იაპონია)
2 იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი)
3 პაატა მერებაშვილი (საქართველო)
3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
66 კგ
1 დიმიტრი შერშანი (ბელარუსი)
2 ვადიმ შოკა (ბელარუსი)
3 ტრისტან ფეიქრიშვილი (საქართველო)
3 იუიტო იოშიდა (იაპონია)
73 კგ
1 საგი მუკი (ისრაელი)
2 იერტუგან ტორენოვი (ყაზახეთი)
3 ალექსეი ასტაფიევი (რუსეთი)
3 ჰუსეინ რაჰიმლი (აზერბაიჯანი)
ოთარ მაღლაკელიძე
ლაშა კუპრაშვილის ფოტო







