გულშემატკივრის სვეტი

10:52 | 30.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

მოლას შეგირდი ემირი

ჩვენს დროში მაჯის საათი აბა ვიღას სჭირდება? ამ პრანჭია და ფუფუნებისმოყვარე ხალხს რას ვუზამთ, ძვირადღირებული საათებით რომ თავმომწონებენ, თორემ რომელ ქალაქშიც გინდა, სადაც კი გაიხედავ, უკვე ყველგან საათი დგას ან კიდია. მობილურ ტელეფონებში ჩასკუპებულმა საათებმა ხომ სხვა თვალით დაგვანახეს დროის არსი. სტამბოლელ მოლას შეგირდს, სახელად ემირს, მაჯის საათი არასოდეს ჰქონია. ერთხელ, ყმაწვილობაში მეგობრებმა აჩუქეს კიდეც, მაგრამ ხელზე ვერ იგუა და სადღაც მიაგდო და ამის შემდეგ არც კი გახსენებია. არადა, საათი სულ სჭირდებოდა. ქადაგებებისა და ლოცვის დაწყების დროს, სადილ-ვახშმის დროის გასაგებად და რასაკვირველია მაშინ, როდესაც ”გალათასარაის” თამაშის დრო ახლოვდებოდა.
 ”გალათასარაის” სიყვარული იყო ერთადერთი საიდუმლოება, რასაც ემირი საგულდაგულოდ მალავდა. მარტო იმიტომ არა, რომ მოლას შეგირდი იყო და ხალხს შეიძლება ვერ გაეგო მისთვის. უბრალოდ, არ უყვარდა როდესაც სხვები მის ამბებში იქექებოდნენ. სახლში ერთი პატარა საიდუმლო ოთახი ჰქონდა, რომელიც მთლიანად გამოტენილი იყო ”გალათასარაის” საკლუბო ატრიბუტიკით. კედელზე ლომისგამოსახულებიანი უზარმაზარი საკლუბო დროშები ეკიდა, ერთ კუთხეში ”გალას” მაისურები და კაშნეები ეწყო, მეორეში კი წიგნები და გაზეთ-ბროშურები, რომელებიც რასაკვირველია სტამბოლის გუნდის ამბებს გვამცნობდნენ. ცენტრში, დიდ მაგიდაზე კი, სათუთად იყო დასვენებული ბურთი, რომელსაც ჰაქან შექურის ავტოგრაფი ამშვენებდა. ამ ბურთის ხელში ჩასაგდებად, ემირმა ძალიან ბევრი იწვალა და ის დღე არასოდეს დაავიწყდება.
 ”გალათასარაი” თურქეთის თასის ფინალში ”ფენერბაჰჩეს” ხვდებოდა. მოლას შეგირდი იმ თამაშზე სულ პირველ ტრიბუნაზე იჯდა და როდესაც ჰაქან შაში მეტოქე გუნდს უტევდა, დარტყმა გაუცუდდა და ბურთი საშინელი სისწრაფით ტრიბუნისაკენ გამოფრინდა. ემირის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დაინახა, რომ დარტყმული ბურთი მისკენ მოჰქროდა. მაღლა ახტა, უსწრაფესად გამოქროლილი ბურთი დაიჭირა და ნატკენი ხელების ზელვა ჯერ კიდევ არ დაემთავრებინა, როდესაც თავზე პოლიციელი დაადგა – ბურთი მინდორზე დააბრუნეო. ამაზე ”გალათასარაის” ახალგაზრდა ქომაგმა, რასაკვირველია, მტკიცე უარი თქვა და წავიდა ერთი გაწევ-გამოწევა. პოლიციელმა ემირს ხელკავი ჯაჯგურ-ჯაჯგურ გაუყარა და სტადიონიდან მიათრევდა. ეს ჩოჩქოლი და ხმაური ტრიბუნაზე მჯდომების გარდა, სათადარიგოთა სკამზეც გაიგეს და ყველა მოლას შეგირდსა და პოლიციელს მიაჩერდა. უცებ, ემირმა დაინახა, რომ სათადარიგოთა სკამიდან თვით ჰაქან შუქური წამოდგა. მაშინ შუქურს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და სათადარიგოთა სკამზეც მხოლოდ იმიტომ სვამდნენ, გუნდი რომ გაემხნევებინა. შუქური წამოდგა და ტრიბუნის კიბეებს კოჭლობით ამოუყვა. ხალხი დამუნჯებული და თვალებდაჭყეტილი შესცქეროდა თავიანთ კერპს. შუქური პიოლიციელთან მივიდა და იკითხა, თუ რას ერჩოდა ის ემირს. როცა ამ ჯაჯგურისა და გაწევ-გამოწევის მიზეზი გაიგო, ხმამაღლა გაიცინა და პოლიციელს კლუბის სახელით უთხრა რომ ბურთს ემირს ჩუქნიდა. პოლიციელს ისღა დარჩენოდა, ხელები მოწყენით ჩამოეშვა. ამ დროს ემირიც გონს მოვიდა, ჯიბიდან საწერი კალამი ამოიღო და ნაჩუქარ ბურთზე ჰაქან შუქურს ავტოგრაფი დაატოვებინა. სახლში სულ ფრენა-ფრენით დაბრუნდა და იმის შემდეგ უფრო მეტად ირწმუნა, რომ ალაჰი მისკენ იყო!
რა ქნას ახალგაზრდა ემირმა, როცა მოლასგან სასტიკად აქვს აკრძალული ფეხბურთზე საჯაროდ საუბარი. არადა, როგორი დასამალია ეს ყველაფერი? როგორც მოლა ამბობს, ფეხბურთი ალაჰს არ მოსწონს, რადგან აზარტულ რამეებს ალაჰი ალმაცერად უყურებს. ამას გარდა, ფეხბურთზე დაფეთებული მოლას შეგირდი ბევრს არ მოეწონებაო – ხშირად ეუბნებიან ემირს. ამანაც რა ქნას? ყველაფერს საიდუმლოდ ინახავს და მთელი მისი ცხოვრების მთავარი საიდუმლოც სწორედ ესაა. საღამოობით, როდესაც მეჩეთიდან დაღლილი ბრუნდება, ემირი ჯერ მოხუც მამას დახედავს, რომელიც დღენიადაგ სავარძელში ზის და ფანჯრიდან სტამბოლის მტვრიან ქუჩებს გასცქერის. მერე საჭმლის მომზადებას იწყებს და თან მამას თითქმის ყოველდღე უხსნის, რომ დედამისის გარდაცვალება ”ალაჰის ბრალი” სულაც არ იყო. მამა-შვილი ერთად, სიტყვის ამოუღებლად ისადილებენ. ამის შემდეგ კი, ემირი ფრთხილად, ძალიან ფრთხილად აღებს თავისი ოთახის კარებს, ანთებს შუქს და ჯდება ”გალათასარაის” საკლუბო გერბით დამშვენებულ სავარძელში. ”გალას” მომდევნო თამაშამდე სამი დღეა დარჩენილი. სამი დღე თითქოს არაფერია, მაგრამ აბა ერთი ემირს ჰკითეთ, რას ნიშნავს სამი დღე, როდესაც შენი საყვარელი გუნდი დაწყევლილ ”ისტანბულსფორს” უნდა შეხვდეს და კაცმა არ იცის რა მოხდება. მთავარია, იმ დღეს მეჩეთში ბევრი საქმე არ ჰქონდეს...
 

 

ლევან სეფისკვერაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095016