ფეხბურთი

13:15 | 13.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოლდოვაში მირცხულავამ გაიტანა

მოლდოვის საფეხბურთო ნაციონალური დივიზიის (უმაღლესი ლიგა) 30-ე ტურში, გოლი გაიტანა კიშინიოვის “ზიმბრუს” მცველმა ბაქარ მირცხულავამ. “ზიმბრუმ” სტუმრად ოტაჩის “ნისტრუს” 3:0 მოუგო და 73-ე წუთზე, საჯარიმოს შესრულების შემდეგ, მეტოქის კარის წინ მყოფმა ქართველმა მცველმა თავურით ანგარიში 2:0 გახადა. მოლდოვის ჩემპიონატში მან პირველი გოლი მიითვალა. მირცხულავამ შეუცვლელად ითამაშა. მის მსგავსად სასტარტოში მყოფი თორნიკე სტეფნიაშვილი 72-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კონსტანტინე გაბაშვილი თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო.  “ზიმბრუს” 42 ქულა აქვს და 12 გუნდიან პირველობაზე მეექვსეა.

ტირასპოლის “შერიფმა”, რომლის სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია, “ოლიმპია” მიიღო და 3:0 აჯობა. “შერიფი” გათამაშებას 71 ქულით ლიდერობს.

იტალიის სერია B-ს 41-ე ტურში, “ემპოლიმ” “ჩიტადელას” უმასპინძლა და 1:0 მოუგო. ლევან მჭედლიძე მოედანზე 35-ე წუთზე ტავანოს ნაცვლად შევიდა. ირაკლი შეყილაძე გაანცხადში არ იმყოფებოდა. “ემპოლი” 72 ქულით მე-4 ადგილზეა, რაც ამ გუნდს სერია A-ში გადასასვლელად პლეი ოფში თამაშის უფლებას აძლევს.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-6 ტურში, რიგის “სკონტომ”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის დაუგავპილსში ადგილობრივ დაუგავას 4:1 სძლია. “სკონტოში” ლადო დათუნაშვილი თამაშში 87-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ლევან ჭაჭიაშვილი თადარიგში ყოფნით შემოიფარგლა. ლაშა დვალი 18-კაციან განაცხადში არ იყო. “სკონტო” 10-გუნდიან გათამაშებას სათავეში 14 ქულით უდგას და მე-2 ადგილზე მყოფ “დაუგავას” გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით სჯობს.      

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში, “ატირაუმ”, სადაც გიორგი ფეიქრიშვილი გამოდის, საკუთარ მოედანზე “ასტანასთან” 1:2 წააგო. ქართველი ნახევარმცველი თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო. “ატირაუს” 13 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-7 ადგილზეა.

“ორდაბასიმ”, სადაც დავით ჩაგელიშვილი ირიცხება, შინ ყარაგანდის “შახტიორთან” 0:0 ითამაშა. ჩაგელიშვილი 18-კაციან გაანცხადში არ იყო, ხოლო მისი გუნდი 11 ქულით მეცხრეა.

“ჟეტისუ”, რომლის მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძეა, გასვლაზე “ტარაზს” უგოლოდ გაეყარა - 0:0. “ჟეტისუ” 6 ქულით ბოლოსწინაა.

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 33-ე ტურში, “ზანქტ-პაულიმ” თავის მოედანზე “ბრაუნშვაიგს” 5:1 მოუგო. აკაკი გოგია გამარჯვებულთა სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. “ზანქტ-პაულის” 40 ქულა აქვს და 18 გუნდში მეთორმეტეა.

“ბოხუმმა” სტუმრად “ფრანკფურტთან” 1:2 წააგო და დამარცხებულთა შორის ალექსანდრე იაშვილი მოედანზე მე-2 ტაიმში გამოჩნდა. ნიკა გელაშვილი “ბოხუმელთა” 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ბოხუმი” 38 ქულით მე-14 პოზიციაზეა.

პორტუგალიის ლიგა დე ონრას (პირველი ლიგა) 41-ე ტურში, “ოლივეირენშემ” შინაურ კედლებში “ლეიქშოეშთან”  0:2 წააგო. მასპინძლებში ავთო ებრალიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა. “ოლივეირენშე” 60 ქულით 22 გუნდში მე-8 პოზიციაზეა.

ბელარუსის პრემიერლიგის მე-8 ტურში, ბრესტის “დინამომ” მინსკელი თანამოსახელეები მიიღო და 0:2 დამარცხდა. ბრესტელთა შორის დათა სიჭინავა მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო უჩა გოგოლაძემ ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ოთარ ჩაფიძე სამატჩო განაცხადში არ იყო. ბრესტის “დინამოს” 4 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-11 პოზიციაზეა.

კვიპროსის პირველ დივიზიონში, ახნას “ეთნიკოსმა” სტუმრად “ალკისთან” 1:3 მოიგო. ახნელთა შორის ლევან მაღრაძე 90 წუთი გაისარჯა.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-8 ტურში, “ბუხარა” გასვლაზე სამარყანდის “დინამოსთან” 0:1 დამარცხდა. ბუხარელთა რიგებში გიორგი კვესიეშვილი პირველი ტაიმის 25 წუთზე გამოჩნდა. “ბუხარას” 9 ქულა აქვს და 14 გუნდში მეცხრეა.

 

თეგებიმირცხულავა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169789