საქართველოს უმცროს კადეტ ძიუდოისტთა გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 2015 წლის თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, სპეციალური პროგრამით მზადებას განაგრძობს. ამ პროგრამის ფარგლებში, ნაკრების ხუთი წევრი ყაზახეთში საერთაშორისო ტურნირზე გამოვიდა და სამმა მათგანმა მედალი მოიპოვა.
ქალაქ ტემირტაუში გამართულ შეჯიბრზე - „მაგნიტკას ჩირაღდნები“ - ტატამზე 9 ქვეყნის 400-ზე მეტი 1997-1999 წლებში დაბადებული ძიუდოისტი გავიდა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თამაზ კარიაულმა ყაზახეთში საჭიდაოდ წაიყვანა ვანო ხუბაშვილი (50კგ), გუგა გოგიტიძე (60კგ), ნიკა ლაბაძე (66კგ), ლევან ხინიკაძე (+73კგ) და ნატა ყიფშიძე (44კგ).
მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ძიუდოისტებს ერთი წლით უფროს მეტოქეებთან მოუწიათ დაპირისპირება, მათ მაინც ღირსეულად იასპარეზეს. ტურნირის გამარჯვებული ვანო ხუბაშვილი გახდა, რომელმაც ექვსივე ჩატარებული შეხვედრა მოიგო.
ნიკა ლაბაძემ, ხუთი შეხვედრის მოგების შემდეგ, მხოლოდ ფინალი დათმო. ნატა ყიფშიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია







