გულშემატკივრის სვეტი

10:36 | 15.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

მომწვანოკეპიანი კაცი

ვინ შეიძლება იყოს ის კაცი, რომელიც გაზაფხულის სუსხიან ღამეს, გარეუბნის სკოლის ეზოში, კალათბურთის ფარის უკან, მონჯღრეულ ძელსკამზე ჩამომჯდარა, თვალებზე მომწვანო კეპი ჩამოუფხატავს, ხელში ჩამქრალი სიგარეტი შერჩენია და უშფოთველად თვლემს?.. არადა, ირგვლივ საშინელი, ჭეშმარიტად გარეუბნული, სუსხიანი ქარი დაბზუის. ქარი ასე, უდრტვინველად მჯდომი არაერთი კაცის სხეულში შემჯდარა და აუკანკალებია, მაგრამ ეს კაცი რიგით და ერთნაირად მობუზულ მოკანკალეებს არ ჰგავს და არც შეწუხებულისა ეტყობა რაიმე...
და მაინც, ვინ არის ეს კაცი? ყოველ დილით, როდესაც ბავშვები სკოლის ჭიშკარს ააჭრიალებენ, მწვანეკეპიანი კაცი ისევ იქ, იმ ძელსკამზე ჩამომჯდარი ხვდებათ, ოღონდ ამ დროს უკვე რაღაცნაირ, უცნაურ ფაციფუცშია ხოლმე გართული. ძველი პალტოს გამობერილი ჯიბეებიდან ათასგვარი ციფრებით აჭრელებული ფურცლები სკამზევე გაუშლია და საწერი კალმით აჩქარებით ინიშნავს რაღაცეებს. ბავშვები უკვე შეეგუენ ამ კაცსაც და აქა-იქ მიყრილი მისი ფურცლებიდან ამოკითხული ფრიად ბუნდოვანი ციფრებიც ძველებურად აღარ აკვირვებთ. და განა მხოლოდ ციფრები?! მაგალითად, ფურცელზე, რომლის თავშიც “ბაიერნი”-”ვერდერი” წითელი კალმით წერია, მთელი ფურცლის სიგრძივ, სხვადასხვა ფერის კალმითა და ამასთან ორგვარი ფანქრით, ჩამოწერილი აქვს: “16 ოქტომბერი, 1997. წესით, ფრე უნდა ყოფილიყო, მაგრამ...”, “20 იანვარი, 2001 წლისა, ზუსტად ისე, როგორც ვამბობდი!”, “2003. 1:2 ბოლომდე ასე უნდა ყოფილიყო”.
ამ ჩანაწერთა მიზანი და რაობა მხოლოდ მომწვანოკეპიანმა კაცმა თუ იცის, რომელიც მასთან ბავშვური და ყოველთვის მოულოდნელი კითხვებით მისულ მოსწავლეებს, მეტად ბუნდოვანი პასუხებით იშორებდა და ბოლოს ბავშვებმაც დაანებეს თავი.
ამ კაცს ერთი უზარმაზარი რვეული ჰქონდა, მაგრამ არც მთლად რვეული... უფრო სწორად, საბჭოეთისდროინდელი რომელიღაც საწარმოს საქმეთაწარმოების წიგნია. ამ წიგნში, თუ რვეულში ჩახედვის სურვილი ტოტალიზატორში მოკალათებულ, არაერთ ინტერესიან ყმაწვილკაცს ჰკლავდა, მაგრამ ეს არცთუ იოლი ამბავია. როდესაც კაცი ტოტალიზატორში შედიოდა, ყველა ესალმებოდა, ზოგი თავის დაკვრით, ზოგი კი ხელსაც ართმევდა, მაგრამ ამ კიდით-კიდემდე 200 კვადრატულმეტრიან საბუკმეიკერო კანტორაში ვერ ნახავდით თუნდაც ერთ ადამიანს, რომელმაც ამ უცნაური კაცის სახელი იცოდა. უბრალოდ, ასე მოიხსენიებდნენ: “აი იმ კაცმა მითხრა, სკოლის ეზოში რომ ცხოვრობს”, ანდა - “ის ხომ იცი. დიდი რვეული რომ დააქვს ხოლმე...” ხოლო მათ, ვისაც ერთხელ მაინც მიეცა კაცის წიგნ-რვეულში ჩახედვის ნება, თავს ვერავინ დადებს, რომ ყოველივე გაიგო და შეიცნო, რაიც ამ საიდუმლოებით მოცულ ფურცლებზე იყო ჩამომწკრივებული. ყველამ იცოდა, რომ უცნაური კაცი არასოდეს ყიდულობდა ტოტალიზატორის მოყვარულთა გაზეთებს. ამგვარ გაზეთებს თუ სადმე გადააწყდებოდა, აიღებდა, ფერადნახატებიანი წიგნივით ორიოდ წამში გადაათვალიერებდა და უმალ უბრუნებდა პატრონს. არადა, მასზე უკეთ ბევრმა არ იცოდა მომავალი ტურების, მატჩებისა და საერთოდ, მომავლის ამბები. ხოლო ეს ყველაფერი საიდან უნდა სცოდნოდა, არცთუ ადვილად მისახვედრი რამ გახლავთ.
იყო დრო, როდესაც უცნაური კაცი, ალბათ, სულაც არ იყო უცნაური კაცი და შესაძლოა, ოციოდე წლის წინათ, “ვახტანგიჩად” ან “მევლუდიჩადაც” კი მოიხსენიებდნენ. იცხოვრებდა ერთ, პროვინციულ პატარა ქალაქში, რომელშიც წლების განმავლობაში მხოლოდ 4 დასახელების გაზეთსა და სამიოდე ჟურნალს თუ იშოვნიდით. ტელევიზორი კი ჯიუტად აჩვენებდა მხოლოდ ორ არხს და ამათგან, ერთ არხზე მუდმივად დაბღვერილი ხალხი გამოდიოდა და სხვა დაბღვერილებს მუშტებს უღერებდნენ. მერე როდესაც მოხდა ისე, რომ ერთმა მუშტმოღერებულებმა მეორენი სძლიეს და განდევნეს, პროვინციულ ქალაქში შიმშილობა დაიწყო. ამ უცნაურმა კაცმაც, რომელიც როგორც ვთქვით, მაშინ სულაც არ იქნებოდა უცნაური, ალბათ, თავისი სახლი გაყიდა, დაჯდა უფანჯრებო, მყრალ მატარებელში და თბილისში ჩამოვიდა. მერე ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავისით მოხდებოდა და კაცმა ერთ დღესაც, სკოლის ეზოში გამოიღვიძა. ხოლო როდესაც კაცი, ყოველ დილით, სკოლის ეზოში იღვიძებს, მისთვის საერთოდ ცოტა რამ თუა შეუცნობელი.
მომწვანოკეპიანი კაცი არც ფულის მოგებით გახარებული და არც მატჩის ბოლო წუთზე გატანილი არასასურველი გოლის გამო ტუჩების მკვნეტავი უნახავთ ოდესმე. თუმცა, ფსონებს კი ყოველდღე აკეთებდა და მოგების ამღებთათვის გამოყოფილ სარკმელშიც არაერთხელ მდგარა ხელგაწვდილი. სად და რას ჭამდა, ეგეც ვერ გაიგო ვერავინ. სიგარეტი კი მუდამ თავისი ჰქონდა და სიგარეტის სათხოვნელად მისულ პატარა ბიჭებსაც არასოდეს ამადლიდა და საერთოდ, ყველა უწყინარ კაცად თვლიდა იქამდე, სანამ თავისი რვეული არ დაკარგა. დაკარგვასაც ვერ იტყვი, რადგან ერთ ქარიან ღამეს, თავის განუყრელ ძელსკამზე ჩაძინებულს, ვიღაცამ ეს რვეული დიდი ოსტატობით ასწაპნა. იმ დღეს კაცი ტოტალიზატორში არ მისულა, არც მეორე დღეს... მივიდა მხოლოდ მესამე დღეს, კვირა იყო და ჭეშმარიტი სატოტალიზატორო გაწამაწიაც იდგა. კაცი ერთ-ერთ მაგიდაზე დადგა, დოინჯი შემოიყარა და თავისი გაბზარული ხმით დაიღრიალა: “რამე დაგიშავეთ თქვე არაკაცებო? დაგიშავეთ მეთქი რამე?!” შემდეგ მაგიდიდან ჩამოვიდა, კარებში გასვლისას უკან, დარბაზის მხარეს გადააფურთხა და ამის შემდეგ, ის არც ტოტალიზატორში და არც სკოლის ეზოში არავის უნახავს.
ასეთი კაცის შეჩვევა უფრო ძნელია, ვიდრე დავიწყება. ჰოდა, სკოლის მოსწავლეებმაც და ტოტალიზატორის ნაცნობებმაც მალე დაივიწყეს მწვანეკეპიანი კაცი... ერთი ცნობილი ქართული მოთხრობისა არ იყოს, შემდეგ ეს კაცი აზარტულმა ყმაწვილკაცებმა მხოლოდ ერთხელ გაიხსენეს, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ირწმუნებოდა - ქალაქის სხვა უბნის ტოტალიზატორში უცნაური კაცის წიგნ-ბლოკნოტი მავანი სოლიდური ბიძაკაცის ხელში დავინახეო. ეგ იყო და ეგ...
ლევან სეფისკვერაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09761