ინტერვიუები

10:46 | 26.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

მორგან დე სანკტისი: „ნაპოლი“ მოგებაზე ორიენტირებული გუნდია“

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, სამხრეთიტალიური “ნაპოლი” კვლავ ევროთასზე ასპარეზობს. ნეაპოლელი ტიფოზები იმედოვნებენ, რომ მათი საყვარელი გუნდი უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ბარიერს დაძლევს, ჯგუფურ ეტაპზეც კარგად გამოვა და საერთოდაც, სან პაოელებს ახალი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად თვლიან. შვედურ “ელფსბორგთან” განმეორებითი მატჩის წინ, ნეაპოლელმა ჟურნალისტებმა იტალიის ნაკრებისა და “ნაპოლის” გამოცდილ მეკარე მორგან დე სანკტისს ჩამოართვეს ინტერვიუ.


- მორგან, რა სირთულეები გელით შვედეთში?
- ნამდვილად არ ველოდი, “ელფსბორგის” ფეხბურთელები ასეთი ტექნიკურები თუ იქნებოდნენ. სკანდინავებისგან უფრო ძალისმიერ ასპარეზობას ველოდი, მათ კი, მოლოდინის საპირისპიროდ, გააზრებული, “ეშმაკური”, ტექნიკური თამაში აჩვენეს. ამასთან, ჩვენი მოწინააღმდეგე ფიზიკურადაც ძლიერია და თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, შვედეთში “გაქანებული” ჩემპიონატი რომაა, რთული ამოცანა გვაქვს გადასაჭრელი. ამასთან, სკანდინავიაში აპენინთან შედარებით უფრო ცივა და კლიმატიც მასპინძელთა მეკავშირე იქნება. პირადად მე, სინთეთიკურ მინდორზე თამაშიც არ მსიამოვნებს. ამგვარ სარბიელს მიუჩვეველი ვარ. კარიერის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე მატჩი მაქვს ჩატარებული ხელოვნურსაფარიან მინდორზე და ძნელია, ალღო აუღო და მოიგერიო მოედნიდან ასხლეტილი ბურთი.
- სად გითამაშიათ სინთეთიკურ მინდორზე?
- ადრე, თურქეთის ლიგაში გამოვდიოდი და სამჯერ ანკარას ხელოვნურსაფარიან მინდორზე მითამაშია. ხელოვნური გაზონი სწორი კია, მაგრამ ყოველ მათგანს გარკვეული თავისებურებები აქვს და გაშინაურებას დროის გარკვეული პერიოდი სჭირდება. რამდენიმე დღის წინ, “ტოტენჰემის” ფეხბურთელებთან ინტერვიუ წავიკითხე. ისინი ერთხმად ამტკიცებენ, შვეიცარიაში თავიდან 0:3-ს რომ ვაგებდით, ხელოვნური მინდვრის ბრალიაო. იმედს კი ის მომენტი მაძლევს, რომ “ელფსბორგთან” მატჩის წინადღეს განმეორებითი შეხვედრის მოედანზე ვივარჯიშებთ და გარკვეულ ადაპტაციასაც გავივლით.
- “ელფსბორგს” როგორ გუნდად დაახასიათებდით?
- ამაზე ზემოთაც ვისაუბრე, დამატებით კი იმას მოგახსენებთ, რომ ჩვენი ოპონენტი ორგანიზებული გუნდია და შემტევი ფეხბურთის მიმდევარი. ჯერ კიდევ ნეაპოლში ჩასატარებელი მატჩის წინ, უმრავლესობა უპირობო ფავორიტად გვთვლიდა, მაგრამ ესეკიელ ლავესის გოლი რომ არა, მინიმალური სხვაობით მოგებაც კი კითხვის ნიშნით იქნებოდა. ერთი ბანალური რამ უნდა ვთქვა – სადღეისოდ, გუნდების კლასის გათანაბრება შეინიშნება და ამ დროს, ხშირად, გადამწყვეტი ათლეტური მომზადებაა. ამ მხრივ კი, “ელფსბორგს” უპირატესობა აქვს. იტალიაში ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა, შვედებს კი სათამაშო პრაქტიკა არ აკლიათ. ერთი სიტყვით, რთული მატჩის მოლოდინში ვარ. მთავარია, ფსიქოლოგიურად განვეწყოთ და დავივიწყოთ, ნეაპოლში 1:0 რომ გვაქვს მოგებული.
- წინასასეზონოდ, მზადების ყოველ დღეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. “ელფსბორგთან” მატჩის შემდეგ ერთი კვირა გავიდა და “ნაპოლი” უკეთეს ფორმასაც მიაღწევდა...
- ურიგოდ არც საკუთარ მინდორზე ასპარეზობის დროს გამოვიყურებოდით. სეზონის წინ, უჩვეულოდ თავდაჯერებულები ვიყავით. ჩვენმა წინახაზელებმა “ელფსბორგის” კართან არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს და სამწუხაროა, სათანადო რეალიზება მხოლოდ ერთის რომ მოახდინეს. აქედან გამომდინარე, პირველი შეხვედრის შედეგით, მთლად კმაყოფილები არ დავრჩით, მაგრამ თამაშის ხარისხი, დროის ამ პერიოდისთვის, კარგი იყო. ცხადია, საკუთარი მაყურებლის თვალწინ შვედები გაცილებით უკეთ თამაშს შეეცდებიან, მაგრამ არც ჩვენ ვიქნებით გულხელდაკრეფილები და მაქსიმალური კონცენტრაციით ვიასპარეზებთ. ევროპის ლიგაზე წარმატებული გამოსვლა გვაქვს გადაწყვეტილი, რითაც მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი უნდა გავახაროთ.
- პირველი საევროთასო მატჩის შემდეგ, კრისტიანო ლუკარელი დაგემატათ, რომელიც “ნაპოლისთან” ერთად შვედეთში გაემგზავრება...
- კლუბის მიერ კრისტიანოს შეძენამ ძალიან გამახარა. მისი ტექნიკური აღჭურვილობა საყოველთაოდაა ცნობილი, მე კი ლუკარელის, მტკიცე ხასიათის ადამიანადაც ვიცნობ. მისი დონის ფეხბურთელი “ნაპოლის” დიდ სარგებლობას მოუტანს. კრისტიანოსთან გასაუბრება უკვე მოვასწარი, იგი ძალიანაა მოტივირებული და ლუკარელის გამოცდილების მქონე მოთამაშის ევროთასსა და ჩემპიონატში ყოლა, მნიშვნელოვანია.
- სპეციალისტები და გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ კლუბის მიერ განხორციელებული ტრანსფერების შედეგად, წლევანდელი “ნაპოლი” შარშანდელზე ძლიერია. როგორ გგონიათ, გააუმჯობესებთ წინა პირველობაზე მიღწეულ შედეგს (გასულ სერია A-ში, ნეაპოლელებმა მეექვსე პოზიცია დაიკავეს-რედ)?
- წინასწარ არაფრის თქმა არ მსურს, მითუმეტეს, ჯერჯერობით, მხოლოდ “ელფსბორგთან” გამნეორებით შეხვედრაზე ვარ კონცენტრირებული. “ნაპოლი” ახალგაზრდული გუნდია, რომელმაც პროგრესზე მატჩიდან მატჩამდე უნდა იფიქროს და იზრუნოს. ისე კი, ნეაპოლელებს ყოველთვის მოგებაზე ორიენტირებული გუნდი ჰყავდათ და გამონაკლისი არც დღევანდელი “ნაპოლია”.


მოამზადა გოჩა კაჭარავამ









 

0.159409