ამ უქმეებზე ბორჯომში მას-მედიის სპორტული ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 150-მდე ჟურნალისტმა მიიღო. ფესტივალის პირველ დღეს საქმეში მხოლოდ სპორტული ჟურნალისტები ჩაერთნენ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ბორჯომის ცენტრალურ სტადიონზე გაზეთ “სარბიელის” ყოფილი კორესპოდენტის ბაჩო სვანიძის ხსოვნის ტურნირი - “ბაჩოს თასი” გათამაშდა. 50-კაციანი დელეგაცია სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დილაადრიან შეიკრიბა და ბორჯომში სპეცაილურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსით გაემგზავრა. ადგილზე ჩასულები კი სასტუმრო “ოლიმპში” დაბანაკდნენ.
“ბაჩოს თასისთვის” ბრძოლაში 4 გუნდი ჩაერთო: “ბაჩოს მეგობრები”, “სარბიელი”, “სპორტმედია” და “ტელემედია”. კენჭისყრამ ნახევარფინალური წყვილები გამოავლინა. მოედანიც სახელდახელოდ მოეწყო და ტურნირიც დაიწყო.
“ბაჩოს მეგობრებმა” “ტელემედიას” 15:7 მოუგეს, “სარბიელმა” კი სპორტმედიასთან დაძაბულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვა. კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა მესამე ადგილისთვის შეხვედრა. მწერალმა ჟურნალისტებმა ტელეჟურნალისტებთან 6:6 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, პენალტების სერიაში მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები.
ტურნირის უმთავრეს მატჩში კი “ბაჩოს მეგობრებმა” “სარბიელს” 4:2 სძლიეს და “ბაჩოს თასთან” ერთად შეჯიბრების გენერალური სპონსორის – კომპანია “ნატახტარის” მიერ დაწესებულ პრიზს – რესტორან “წისქვილის” 500-ლარიან ვაუჩერს დაეუფლნენ.
ფინალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გია გორგოძე, ბაჩო სვანიძის მამა გია სვანიძე დაესწრნენ და დაჯილდოებასაც გაუძღვნენ. ჩემპიონ-პრიზიორები მედლებით დაასაჩუქრეს. სამი ნომინაციის გამარჯვებულებს კი სპორტის სამინისტროსა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესებული წიგნები გადასცეს. საუკეთესო მეკარედ “სარბიელის” კიპერი გიორგი ვაშაკიძე დასახელდა, საუკეთესო ბომბარდირი “ბაჩოს მეგობრების” გუნდის წევრი ოთარ მხეიძე გახდა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი კი ზურაბ მიგრიაულს (“ბაჩოს მეგობრები”) გადაეცა. დღის ბოლოს მონაწილეებს და ორგანიზატორებს “ნატახტარი” ლუდით, “ბორჯომი” კი წყლით გაუმასპინძლდა.
მეორე დილით სპორტული ჟურნალისტები სოფელ ჩითახევში გაემგზავრნენ, ოთხი 6-კაციანი გუნდი ჩამოაყალიბეს, კოლეგების 14 გუნდს შეუერთდნენ და უკრაინული კომპანია “მოროშას” დასპონსორებულ ტურნირზე – “მოროშას თასზე”, მდინარე მტკვარზე 800-მეტრიან დისტანციაზე ნავებით დაეშვნენ. საცდელი და საკვალიფიკაციო დაშვებების შემდეგ სარეიტინგო სია ჩამოიწერა და ტურნირის ძირითადი ეტაპიც დაიწყო. პირველ წრეში ექვსი სამეული შედგა. ნახევარფინალის საგზური ექვსივე პირველადგილოსანმა და სამმა საუკეთესო მეორეადგილოსანმა მოიპოვა.
სამი სამეულიდან ფინალში ტელეკომპანიები რუსთავი2 და GDშ და რადიო “იმედი” გავიდნენ. გადამწყვეტ დაშვებაზე ყველას რუსთავი2-მა აჯობა, მეორე რადიო “იმედი” იყო, ხოლო მესამე – GDშ.
“ბაჩოს თასი” ჯომარდობაშიც გათამადა. აქ კი ყველას სპორტმედიამ აჯობა. გარდა ამისა, კომპანია რაფტინგ.ჯი-ს ინიციატივით, სპორტულ ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი მდინარე მტკვარზე 10-კილომეტრიან დისტანციაზეც დაეშვა.
დაჯილდოების ცერემონიალი ახალდაბაში, რესტორან “ნიავში” გამართულ გრანდიოზულ ბანკეტზე ჩატარდა. ჯომარდობაში პირველ ადგილზე გასული გუნდი ერთი კვირით კიევში გაემგზვრება, მეორე ადგილზე გასული გუნდი სასტუმრო „შატო მერეში" დაისვენებს, მესამეადგილოსანი კი წარმატებას თბილისის ერთ-ერთ უკრაინულ რესტორანში აღნიშნავს.







