გულშემატკივრის სვეტი

10:25 | 9.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

მოსაკითხი დელ პიეროსათვის

სამი წლის წინ, ახალი წლის წინა დღეებში, ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ალესანდო დელ პიეროს დიდი გულშემატკივარია, ინტერნეტის საშუალებით “დელპოს” ტურინული მისამართი გაიგო, ნათესავს ხურჯინი მოაქსოვინა, შიგნით ჩურჩხელები, ქართული ღვინო, კარალიოკის ჩირი და ასეთი წმინდა ქართული რამე რუმეები ჩააწყო და დაზღვეული ამანათით მთელი ეს ხორაგი წერილითურთ დელ პიროს გაუგზავნა.
 წერილში კიდევ დაახლოებით ასეთ რამეს სწერდა: “ჩემო ალესანდრო, მე შენი ქართველი ქომაგი ვარ და რაფერც შენ გამახარე შენი კაი ფეხბურთით, ასევე მინდა მეც გაგახარო, საახალწლოდ საუკეთესო ქართულ სასუსნავებს გიგზავნი და აბა შენ იცი, შეუჭმელი არაფერი დატოვოო”. ერთი სიტყვით და შეხედვით, ამბავია მეტად ამაღელვებელი და გულის ამაჩუყებელი, მაგრამ წერილ-ამანათის გაგზავნიდან ასე, 7-9 დღე იქნებოდა გასული, როდესაც ამ დელ პიეროს გულუხვ ქომაგს მთელი ეს გულით მოძღვნილი საჩუქრები, საპასუხო წერილითურთ უკან ჩამოუვიდა. როგორც გაირკვა, დელ პიერო მისთვის უცხო ადამიანებისაგან გაგზავნილ საჩუქრებს  - მეტადრე საკვებს სათოფეზეც არ ეკარებოდა და იმის მიუხედავად, რომ საჩუქრის მიმძღვნელის მადლობელი იყო, ნობათი მაინც უკან გამოუგზავნა.
 ქართველი კაცისათვის (და არამარტო ქართველისათვის) საჩუქრის უკან მიბრუნება რა თავსლაფიც არის, ყველას მოგეხსენებათ. ჰოდა, ამ ამბის შემდეგ, იმ ჩემმა მეგობარმა დელ პიეროსადმი ტრფობა ისევე ამოიგდო გულიდან, როგორც ასეთი ამბები მე-19 საუკუნის სატრფიალო შინაარსის ფრანგულ რომანებში წაგვიკითხავს. და არამხოლოდ დელ პიეროს, მთელი იტალიური ფეხბურთის სიყვარულზეც ხელი აიღო და ახლა მასზე ნეიტრალური ფეხბურთის ქომაგი იშვიათად მეგულება.
 აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს არ ყოფილა არც პირველი და არც ბოლო შემთხვევა, როდესაც უცხოელი ფეხბურთელებისათვის ქართველ გულშემატკივრებს საჩუქრები გაუგზავნიათ. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირისა და ქვეყნის დაგმანული საზღვრების პირობებში იყო ცნობილი ფეხბურთელებისათვის ქართული “პატივისცემის” მცდელობები. თუკი კაპიტალისტური სამყაროს პირმშოებისათვის, ვთქვათ მარადონასათვის, ლინეკერისთვის ან თუნდაც გარინჩასათვის გაგზავნილი “მოსაკითხები” როგორც წესი საბჭოური უშიშროების ლუკმა ხდებოდა (სიტყვა “ლუკმა” ამ შემთხვევაში ორივე მნიშვნელობით შეგვიძლია გავიგოთ), ე.წ. სოციალისტურ ბანაკში მოღვაწე მობურთალებთან ეს შედარებით იოლად გამოიდიოდა, თუმცა რა თქმა უნდა, ამანათების ქექვა და ხურჯინებში მავანთა ცხვირის ჩაყოფა მაინც გარდაუვალი ამბავი იყო.
 ცნობილი ფაქტია, ერთმა ბათუმელმა ქომაგმა 60-იან წლებში უნგრული და ესპანური ფეხბურთის ლეგენდას – ფერენც პუშკაშს რამდენიმე ბოთლი ქართული ღვინო გაუგზავნმა. როგორც ჩანს პუშკაშამდე საჩუქარი მართლაც ჩავიდა და ამ ბათუმელი კაცის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ცოტა ხნის შემდეგ პუშკაშის სამადლობელი წერილი მიიღო, სადაც უნგრელი ფეხბურთელი ქართულ ღვინოს აქებდა და იმასაც ამბობდა, ქართული ღვინის შესახებ აქამდეც მსმენოდა მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბაო. ეს ამბავი 80-იანი წლების ერთ-ერთ არასპორტული ქართული გაზეთიდან გახდა ცნობილი..
 სიმართლე რომ გითხრათ, არ მსმენია, მაგრამ ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ევროპელი ქომაგები ამანათებს ქართველ ფეხბურთელებსაც უგზავნიდნენ. მით უმეტეს ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც ევროპაში თამაშობდნენ ან დღესაც თამაშობენ. დარწმუნებულები შეიძლება ვიყოთ, რომ ქართველი ფეხბურთელები დელ პიეროს მსგავსად საჩუქრების უკან მიბრუნებას გულშემატკივრებს არ აკადრებენ, მაგრამ თუ საჩუქრად განაზავნილი სასუსნავებიდან მაინც და მაინც ისეთი ბრენდები არ აღმოჩნდა, როგორიც ვთქვათ ბელგიური შოკოლადი, ფრანგული ღვინო, გერმანული ძეხვი, ან ჩეხური ლუდია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველმა კაცმა პირთან მიიკაროს. თუმცა საქართველოში ისეთ უცნაურ ხალხს რა გამოლევს, რომელთაც კარგ კახურ ჩურჩხელას მოსკოვური შოკოლადი ურჩევნიათ.

ლევან სეფისკვერაძე  


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16497