იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებას წლეულსაც რაღაცნაირი, უცნაური მოლოდინით ველი. ვისაც სერია ”ა” არ ეპიტნავება, მათ შეიძლება ვერ გაიგონ ამ მოლოდინის ამბავი. ბოლო 5 წელიწადია, თუკი რაიმე სახის სკანდალი არსებობს, ყველაფერი მაინცა და მაინც იტალიაში მოხდა. აგერ, ჩვენი ჯილა, უნიჭიერესი ახალგაზრდა მწვრთნელი - ანტონიო კონტე, დისკვალიფიკაციის გამო, მთელი 10 თვე ვერ გაუძღვება ”იუვენტუსს”. ეს ”მილანია” და თითქოს ფული არ უჭირს, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელებს პანტა-პუნტით ჰკარგავს. ჩაწყობილმა თამაშებმა და ამ თამაშების გამო ატეხილმა აურზაურმა ხომ მოგვწამლა და მოგვწამლა. ზლატანის ამბავი არც მკითხოთ...
მაგრამ მაინც აქვს რაღაც განსაკუთრებული ამ აპენინურ ფეხბურთს და ამაში ყოველწლიურად ვრწმუნდები. ისე, სულ გამოცანა იყო და გამოცანადვე რჩება ზოგადად იტალიური ფეხბურთიცა და კონკრეტული გუნდებიც. დანამდვილებით ვინმეს შეგიძლიათ თქვათ რას იზამს მიმდინარე წელს ”რომა?” ან იქნებ ის მითხრათ, ფეხბურთელებ და მწვრთნელდასჯილი ”იუვენტუსი” რას მოიმოქმედებს? იქნებ ”ფიორენტინას”, ან ”უდინეზეს” შესახებ ვიმსჯელებთ თავდაჯერებულად და მტკიცედ? არადა, ჩვენ, ვისაც ”კალჩოს” განსაკუთრებულობის გვჯერა, ხომ ვიცით, რომ შეიძლება სწორედ ის გუნდი გახდეს შემდგომი წლების განმავლობაში ჩვენი განსჯისა და ფიქრის საგანი, რომელსაც აქამდე სათვალავშიც არ ვაგდებდით.
ინგლისური ფეხბურთის ტრფიალთ, ან ესპანეთის “პრიმერადივიზიონისტებს” რა აქვთ სანერვიულო? ”ბარსელონას” მწვრთნელს ესპანელმა დისციპლინარებმა 10-თვიანი დისკვალიფიკაცია რომ მისცენ, კატალონიური გუნდის ყველა ქომაგი, ალბათ, რკინის ქალამნებს ჩაიცმევს, რკინის ჯოხს დაიჭერს და შეიძლება, ევროსასამართლომდეც კი მივიდნენ სიმართლის ძიებაში. იტალიელები კი უკვე ისე შეეჩვივნენ სკანდალსა და გაწევ-გამოწევებს, რომ უსკანდალობა უფრო დიდ სკანდალად მოეჩვენებათ.
”რომა” ვახსენე და აბა, როგორ არ უნდა ვთქვა “რომას” ახალ, მაგრამ კარგად დავიწყებულ ძველ მწვრთნელზე - ზდენეკ ზემანზე ორი სიტყვა.
მწარე ენით, მოურინიოზე არანაკლებად გამორჩეულმა ზემანმა გაიგო თუ არა, რომ ანტონიო კონტეს 10-თვიან დისკვალიფიკაციას აძლევენ, მაგრამ გუნდის ვარჯიშის უფლებას უტოვებენო, ერთი ამბავი ასტეხა – თუ დასჯაა დასჯა იყოს და წვრთნაც აუკრძალეთო.
ეს სიტყვები არსენ ვენგერს ალექს ფერგიუსონის მისამართით რომ ეთქვა, ბრიტანეთის კუნძული, ალბათ, ასჯერ შეირყეოდა და მრავალგზის გაამტყუნებდნენ ვენგერს. ხოლო იტალიაში, ზემანის კი არა, უკვე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ყოვლად სულელურ ნათქვამსაც წაუყრუეს. ხომ ხვდებით, რომელ ნათქვამზე ვამბობ? ახლა, მაისში მორიგი ”კალჩოსკანდალის” დაწყების მერე, იტალიის ახალმა პრემიერმა, მარიო მონტომ რომ თქვა: ”უკეთესი ხომ არ იქნება ჩვენთვის, იტალიელებისთვის, თუ 2 წლით საფეხბურთო მატჩები საერთოდ აღარ ჩატარდებაო”... არ ჩატარდეს რა, ბნელა?!
მოკლედ, ამ ამბებს ბოლომდე რომ მივყვეთ, სასიამოვნოსა და მოსაწონს ბევრს ვერაფერს ვნახავთ.
მაგრამ აგერ, მოახლოვდა იტალიის ჩემპიონატის დასაწყისი და მოლოდინები მაინც ზუსტად ისეთი გვაქვს, როგორიც ადრე, თუნდაც 10-15 წლის წინ გვქონდა. მაშინ, როდესაც ”პარმადან” დაწყებული და ”ფიორენტინათი” დასრულებული, იტალიას მინიმუმ 8 კლუბი მაინც ჰყავდა ისეთი, რომელთა თამაშის გამო ღამეებს ვტეხდით, ფეხბურთის სანახავად აუცილებელი ელექტროენერგიის მოსაპოვებლად სახანძრო სადგურებიდან ჩუმად ვჭიმავდით დენის სადენებს და იტალიის ჩემპიონატის ტურიდან ტურამდე ვცხოვრობდით. ეს დრო არც ისე დიდი ხნის წინ იყო და ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ ეს დრო აუცილებლად დაბრუნდება (რასაკვირველია, უშუქობას არ ვგულისხმობ).
სწორედ იმ ნახსენები პერიოდიდან შემორჩნენ ჩვენს ქვეყანაში იტალიური კლუბების გულშემატკივრები. დღეს კი, უმცროსი ასაკის ფეხბურთის მოყვარულებს ძალიან უკვირთ, როდესაც ”ლაციოს” ან ”სამპდორიას” გულშემატკივრები შეხვდებათ. მესმის ამ ბავშვების. მათ არც პაველ ნედვედისა და ხუან ვერონის “ლაციო” ახსოვთ და არც არიელ ორტეგას ”სამპდორია”. მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ მათ ”სამპდორიაცა” და ”ლაციოც” ჩვეულებრივი (”რეალთან” სულ რომ წააგებენ – ისეთი) კლუბები ჰგონიათ და იტალიის ჩემპიონატიც მათთვის ამიტომ აღარაა საინტერესო.
ჩვენ კი, მაინც ჯიუტად ველით იტალიის ჩემპიონატის დაწყებას. ჩვენთვის ლილიან ტურამი ისევ ემილიურ გუნდში თამაშობს, ბატისტუტა ისევ ”არტემიო ფრანკიზე” დარბის და გოლის გატანით გახარებული ვინჩენცო მონტელა ხელებს ძველებურად აეროპლანივით იქნევს. არადა, არც ისე ბებრები ვართ...
ლევან სეფისკვერაძე









