სტატიები

16:39 | 1.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

მოთამაშე, რომელიც მეტოქის უხეშობისთვის იხდიდა ბოდიშს

საოცარი რამაა სტატისტიკა, განსაკუთრებით ფეხბურთში. შესაძლოა, უამრავი ტიტული გქონდეს მოპოვებული ევროთასებზე, მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე, სხვა ტურნირების გამარჯვებულიც მრავალგზის გახდე, მაგრამ საუკეთესოდ ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა მაინც სხვა მიიჩნიონ. ამავე დროს, ისიც ხდება, რომ შედარებით ნაკლები გუნდური ტიტულების მქონე ფეხბურთელი უძლიერესად აღიარონ. ამის ნათელი დადასტურება სერ სტენლი მეტიუზია, რომელიც “ფრანს ფუტბოლმა” თავის პირველ გამოკითხვაში 1956 წელს, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.
ერთ დროს ფეხბურთის სამშობლოში, ინგლისში ყველაზე კარგად თამაშობდა კაცი, რომელსაც ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ერთადერთი გუნდური ტიტული მოუგია. სტენლი მეტიუზი, შემდგომში რაინდად შერაცხული, უზადო ნიჭისა და უბერებელი ტალანტის მქონე ფეხბურთელი, რომელიც გულშემატკივარს თავისი თამაშით გასული საუკუნის 30-60-იან (?!) წლებში ახარებდა და აოცებდა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ინგლისის განახლებული ჩემპიონატის დაწყებისას, სტენლი მეტიუზი 31 წლისა იყო. როგორც თანამედროვე ფეხბურთში, უწინაც 30 წელი ფეხბურთელისთვის მეტ-ნაკლებად უკვე კრიტიკულ ასაკად ითვლებოდა. ვეტერანად წოდებულმა მოთამაშემ კი მაყურებელს ისეთი დონის მატჩები შესთავაზა, რომ “სტოკ სიტის” (1948 წლამდე “ბლექპულის”) გასვლით შეხვედრებს საშუალოდ, 10 ათასით მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა. სიტყვამ მოიტანა და მოგახსენებთ, რომ სერ სტენლის თავისი ხანგრძლივი, 35 წლიანი (!) საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, მხოლოდ ამ 2 კლუბში უასპარეზია.
მეტიუზის სათამაშო სტილი ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ მეტად ეფექტიანი გახლდათ. გულშემატკივრებში განსაკუთრებულ მოწონებას მისი 20-30 მეტრიანი დრიბლინგი იწვევდა, რის შემდეგაც სერ სტენლი მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედნის მისადგომებთან თავისუფალი რჩებოდა. მაშინ, როცა ყველა, მათ შორის მოწინააღმდეგის მეკარეც, მისგან დამაგვირგვინებელ დარტყმას ელოდა, მეტიუზი დღევანდელი ფეხბურთის ვარსკვლავებისთვის დამახასიათებელ, მეტოქისთვის დამაბნეველ პასს ოდნავ უკან აკეთებდა. ამ გადაცემას ყველაზე ხშირად კლუბსა და ინგლისის ნაკრებში მეტიუზის მრავალწლიანი პარტნიორი, სტენ მორტენსენი ეხმაურებოდა. მორტენსენი აჩქარებას მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე სეხნიასთან ერთად იწყებდა და საჯარიმოში საპირისპირო ფლანგიდან შეჭრილი, ბურთს საჭირო წერტილში ხვდებოდა. მეტიუზ-მორტენსენის დუეტს არაერთი ნაკრების და გუნდის დაცვა დაუწიოკებია.  
“მეტიუზის ფინალი” – სწორედ ამ სახელწოდებით შევიდა ფეხბურთის ისტორიაში 1953 წლის ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალური მატჩი. ლონდონის “უემბლიზე” ერთმანეთის პირისპირ “ბოლტონ უონდერერზი” და “ბლექპული” წარსდგნენ. მანამდე, 1948 და 1951 წლებში ბლექპულელები ორჯერ გავიდნენ ფინალში, მაგრამ ორივეჯერ დამარცხებულებმა (შესაბამისად, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ნიუკასლთან”) დატოვეს მინდორი. 5 წლის განმავლობაში, მეტიუზის გუნდმა მესამედ მიაღწია გადამწყვეტ მატჩამდე და გულშემატკივრებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ – შეძლებდა თუ არა 42 წლის დამსახურებული ვეტერანი რაიმე ჯილდოს მოგებას. ფინალის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე, “ბოლტონ უონდერერზი” 3:1-ს იგებდა და სერ სტენლის კვლავ უიღბლობა ემუქრებოდა. ასე ფიქრობდა ყველა, მეტიუზის გარდა. ერთ-ერთი საფირმო გარღვევის შემდეგ, მან მორტენსენი შეამჩნია და ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ პარტნიორს მიკროსკოპული სიზუსტის პასი შეუსრულა. მორტენსენმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ძირითადი დროის დასრულებამდე წუთით ადრე კი, კვლავ მორტენსენმა ყუმბარისებული საჯარიმო დარტყმით, რომელიც მეტიუზის წაქცევისთვის დაინიშნა, მოახერხა ბოლტონელთა კარის აღება და მატჩის დამატებით დროში გადაყვანა.  
ოვერტაიმში დაღლილ-დაქანცული ფეხბურთელები მინდორზე ძლივსღა დალასლასებდნენ, როდესაც 42 წლის მეტიუზმა კიდევ ერთხელ გააოგნა გადაჭედილი ტრიბუნები – იოლად ჩამოშორებული მცველები და კვლავ ის ოპერატიული სივრცე, რომელიც მას შეუდარებელს ხდიდა. “ბოლტონის” ლამის ყველა მცველი მორტენსენის “ჩასაკეტად” თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, მეტიუზმა კი ისინი ბავშვივით გააცურა – შორეულ ძელთან მყოფ ჯო პერის ზუსტი გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელმაც, ბურთი “უონდერერზის” კარში მშვიდან შეაცურა. 4:3 – “ბლექპულმა” ამ ანგარიშით იმარჯვა და მიუხედავად იმისა, სტენ მორტენსენმა ფინალურ მატჩში ჰეთ-თრიკით თავი რომ გამოიჩინა, ლეგენდარულ “უემბლიზე” შეკრებილმა ფანებმა და ინგლისელმა ჟურნალისტებმა, ასოციაციის თასის იმ ფინალს ერთხმად “მეტიუზის ფინალი” უწოდეს.
რომ არა მეორე მსოფლიო ომი, სერ სტენლი ინგლისის უპირველეს გუნდში 100-ზე მეტ შეხვედრას აუცილებლად ჩაატარებდა, მაგრამ მეტიუზის ტალანტის შესაფასებლად, ეროვნულ გუნდში ჩატარებული 56 მატჩიც საკმარისი აღმოჩნდა.
იმ პერიოდში იტალიელები ბატონობდნენ, ხოლო ნისლიანი ალბიონელები სხვებთან გაჯიბრებას დამამცირებლად მიიჩნევდნენ. ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა “სკუადრა აძურამ” ინგლისელებს შემდეგი რამ შეუთვალა, საქვეყნოდ დაგანახებთ, რაოდენ დიდი დისტანციით ჩამორჩით საფეხბურთო ცხოვრებასო. ამაყმა ბრიტანელებმა ეს ვერ აიტანეს და აპენინელებს ტურინში სათამაშოდ “ჩააკითხეს”.
1948 წლის 16 მაისს, სტენლი მეტიუზი მსოფლიომაც გაიცნო – მან გოლითა და 3 შედეგიანი გადაცემით იტალიელთა 4:0 განადგურებაში ლომის წილი დაიდო. მსოფლიოს ჩემპიონებმა მატჩ-რევანშის გამართვა ითხოვეს, მაგრამ ესეც სანანებელი გაუხდათ – “უემბლიზე” ინგლისის ნაკრებმა, რაღა თქმა უნდა, ჩვენი სტატიის გმირის წინამძღოლობით, “სკუადრა აძურას” კვლავ მოუგო (ამჯერად 2:0).
ბრიტანელი სპორტული ჩინოვნიკები ინგლისის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობის აუცილებლობაში სწორედ ამ მატჩებმა და როგორც ბევრი სამართლიანად მიიჩნევს, პირადად სერ სტენლის დიდებულმა თამაშმა დაარწმუნა.
სხვათა შორის, დიდი ფეხბურთელი საოცარი კორექტულობით გამოირჩეოდა. სტენლი მეტიუზის თამაშის მომსწრენი ვერ იხსენებენ შემთხვევას, იგი მინდვრიდან გაეძევებინათ. ეგ კი არა, რაინდად წოდებულ სერ სტენლის, 30 წელზე მეტხნიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, მსაჯისგან გაფრთხილებაც კი არ მიუღია!
როგორც თვითმხილველები ამბობენ, 2000 წლის თებერვალში, 85 წლის ასაკში გარდაცვლილი რაინდის დაკრძალვაზე სერ ბობი ჩარლტონი, მრავალთა მსგავსად, ბავშვივით ზლუქუნებდა. გამოსამშვიდობებელ სიტყვაში კი “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ უპირველესად სწორედ მეტიუზის ჯენტლმენობას გაუსვა ხაზი: “მხოლოდ ის, ვინც სერ სტენლის თამაში იხილა და პირადად იცნობდა, გაიგებს, თუ როგორ უნდა ითამაშო ფეხბურთი. მეტიუზის წასვლასთან ერთად, წარსულს იმ სპორტსმენთა თაობა ჩაბარდა, რომელთაც მოწინააღმდეგის უხეშობისთვის თავად შეეძლოთ ბოდიშის მოხდა. ვწუხვარ, მაგრამ დღევანდელ ვარსკვლავებს ამის არათუ გაკეთება, გაგებაც კი არ ძალუძთ”.
დღეს, სერ სტენლი მეტიუზის დაბადებიდან 96 წელი შესრულდა...
 

გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092352