ახლა, როდესაც “რეალსა“ და “ბარსელონას“ შორის ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ათქულიანი ბარიერია, თითქოს “მატრიცაში“ რაღაც შეიცვალაო, ის ხალხი, რომლებიც ჟოზე მოურინიოს მისამართით ირონიას არ იშურებდნენ, უცებ საეჭვოდ დასერიოზულდნენ და ჰოი, საოცრებავ! ზოგიერთმა ჟოზესადმი დითირამბების მიძღვნაც კი დაიწყო. ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც მოურინიოს ნიჭი ახლაღა “აღმოაჩინეს?“. მაგალითად, ესპანელი ჟურნალისტების დიდი ნაწილი შემიძლია დავასახელო. ანუ ჟურნალისები, რომლებიც “პროკატალონურ“ პრესაში მოღვაწეობენ და ალაგ-ალაგ, ობიექტურობასაც ცდილობენ. საქმე ისაა, რომ მხოლოდ ცდილობენ... დედამიწაზე ზე-ობიექტურობა არ არსებობს და საშინლად იტყუება ის, ვინ ამტკიცებს, რომ მთლად ობიექტური ადამიანია. თუმცა, არსებობს მოვლენათა რეალურად აღქმის უნარი, რომელიც ზოგს დიდი დოზით აქვს მომადლებული და ზოგს მცირედით.
საქართველოში ხშირად გვიკვირს, როდესაც “ამისტების“ თუ “იმისტების“ ფლანგზე არაობიექტურ ჟურნალისტებს ვაწყდებით და ხშირად ნერვებიც გვეშლება მავანთა მხრიდან სუბიექტურ პასაჟებზე. მაგრამ, აბა, აქ რა უნდა გაგიკვირდეთ, როდესაც მიკერძოებულობა შუაგულ ევროპაში ყვავის და ღაღანებს. ვინ ოხერია “ბარსელონას“ სათამაშო სტილის, ანდა მათი საფეხბურთო ფილოსოფიის მოწინააღმდეგე? ადამიანი შეშლილი უნდა იყო, გვარდიოლას გუნდის (თუნდაც ახლა, როდესაც ის ”რეალს” მთელი 10 ქულით ჩამორჩება) სიდიადეზე თვალი რომ დახუჭო, მაგრამ განა, ძნელია იმის დანახვაც, რომ ჟოზე მოურინიო რიგით დაბოღმილ და ყიამყრალ კაცზე ბევრად მეტია?!
სამი დღის წინ გამოცემული ერთ-ერთი ესპანურენოვანი გაზეთის სარედაქციო წერილში ვკითხულობთ: ”რა თქმა უნდა, არაფერია გამორიცხული და შეიძლება ”რეალი” მართლაც გახდეს ესპანეთის ჩემპიონი, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად იქნება ჟოზე მოურინიოს დამსახურება. ”რეალის” ფეხბურთელთა საერთო ღირებულება 600 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს და ასეთი კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი თუკი ხუთ წელიწადში ერთხელ ჩემპიონიც გახდება, ამაში არაფერია წარმოუდგენელი”. სიტყვები არ მყოფნის, რომ გადმოვცე აღშფოთება ამ წერილის ავტორთა და მათი პოზიციის გამზიარებელთა მიმართ. “რეალს” კარგი ფეხბურთელები მთელი თავისი ისტორიის მანძილზე არასოდეს აკლდა და არც ”ზემოდან“ მხარდაჭერას უჩიოდა, მაგრამ იყო პერიოდები, როდესაც ჩემპიონები სხვა გუნდები ხდებოდნენ. ან ისაა მოურინიოს ”დანაშაული”, რომ მადრიდულ კლუბს ძალიან ბევრი ფული აქვს და ძვირადღირებულ ფეხბურთელებს ყიდულობს? ფული რომელ დიდ ევროპულ გრანდს აკლია? მაგრამ, აგერ ფულით პირთამდე ამოძეძგილ ლონდონის ”ჩელსის” ინგლისის ჩემპიონობა ბოლო დროს მიუღწეველ ოცნებად ექცა. ზოგიერთი ისეა სეუ ჟოზეს მიმართ აგრესიულად განწყობილი, რომ აშშ-ირანის ომი რომ დაიწყოს, ალბათ, ამასაც უჟმურ პორტუგალიელს დააბრალებენ. მაგრამ, როგორც დასაწყისში უკვე ვთქვი, ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თვალსა და ხელს შუა მოურინიოს მტრებიდან ”ჟოზეისტებად” იქცნენ. მე არ ვსაუბრობ პატარა ბავშვებზე, რომლებსაც საფეხბურთო გემოვნება ახლა უყალიბდებათ და როგორც წესი, წარმატებული გუნდები მოსწონთ. ვლაპარაკობ იმ ხალხზე, რომლებიც თავის დროზე ”ბარსელონას” გაკრიტიკების გამო ერთ ამბავს ტეხდნენ, ახლა კი უცებ დაბღვერილი ჟოზეს ფლანგზე გადაინაცვლეს.
ჟოზე მოურინიო პიროვნულად ნამდვილად არაა “ფრთიანი ანგელოზი” და რამე რომ იყოს, ასეთი გუნების კაცთან ბევრი ვერ ვიმეგობრებდით, მაგრამ როგორც ერთხელ აწგარდაცვლილმა სოკრატესმა თქვა: ”ფეხბურთელებში კარგ ადამიანებს ნუ ეძებთ. ფეხბურთელებში მხოლოდ ფეხბურთელები დაინახეთ. მე უამრავ კარგ ფეხბურთელს ვიცნობ, რომლებიც პიროვნულად ცუდი ადამიანები არიან, მაგრამ ასეთები არიან და რა ვქნათ...”. სოკრატესის ეს სიტყვები, რასაკვირველია, მწვრთნელებზეც ვრცელდება. ამასთან ერთად, თუკი მოურინიოს მილანის ”ინტერიდან” წამოსვლის კადრები და მწვრთნელის წასვლით გულნატკენი ახმახი მატერაცის ცრემლები გინახავთ, დამერწმუნებით, რომ ჟოზე სულაც არაა ისეთი ”მონსტრი”, როგორც მას პორტუგალიელისადმი მტრულად განწყობილი ხალხი გვიხატავს.
როგორც ხედავათ, ”რეალი” ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს თანდათან უახლოვდება და ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატების სხვებზე ნაკლები შანსი ნამდვილად არა აქვს. ჟოზე ჩემპიონობისთვის არის დაბადებული და როდესაც ხელში თასი გიჭირავს, მაშინ ”ბარსელონასთან” 5:0 მარცხიც გავიწყდება. ასეთია ადამიანის ბუნება.
ლევან სეფისკვერაძე