საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს. სერბი სპეციალისტის ჯორჯე რაშიჩის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს სპორტის სასახლეში ჯგუფის ლიდერ ლიტვას სძლია და მასთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. პირველ ოთხ ტურში ქართველ ხელბურთელებს ორ საშინაო მატჩში მოპოვებული ოთხი ქულა ჰქონდათ და საკუთარი მოედნის ფაქტორით ამჯერადაც მაქსიმალურად ისარგებლეს. ლიტველებმა კი მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველად წააგეს.
სამი დღის წინ თურქეთთან გამართული თამაშის მსგავსად, სპორტის სასახლის ტრიბუნების შევსება ვერც ამჯერად მოხერხდა. მეორე იარუსი თითქმის სულ ცარიელი იყო, მაგრამ “ქართული სპორტის ქომაგებმა” და დაახლოებით ორიათასამდე მაყურებელმა ამჯერადაც შთამბეჭდავად უგულშემატკივრეს ეროვნულ გუნდს და წარმატებაშიც ლომის წვლილი შეასრულეს.
საქართველოს ნაკრები მოედანზე ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის, ირაკლი ჩიქოვანის გარეშე გავიდა, რომელმაც თურქეთთან შეხვედრაში საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო. ანგარიში უჩა გამზარდიამ გახსნა, მაგრამ გოლის გაშვებისთანავე ინიციატივა ხელთ სტუმრებმა იგდეს და 3:1 დაწინაურდნენ. ჩამორჩენამ ქართველი ხელბურთელებიც უმალ გამოაცოცხლა. სწრაფი შეტევების შედეგად სერგო დათუკაშვილისა და ვლადიმერ რუსიას თითო გოლს გუნდის მთავარმა ბომბარდირმა რატი მსხვილიძემ სამი გოლიც წაამატა და უპირატესობა 6:3-მდე გაზარდა. სამბურთიანი უპირატესობა მასპინძლებმა პირველი ტაიმის ბოლომდე შეინარჩუნეს.
შესვენების შემდეგ რევაზ ჭანტურიასა და აკაკი ტალახაძის გოლებით სხვაობა 5 ბურთამდე გაიზარდა, რაც უშუალოდ ამ ხელბურთელების გარდა პირველ ყოვლისა მეკარე შოთა თევზაძის დამსახურება იყო, რომელმაც რამდენიმე ურთულესი დარტყმა მოიგერია. მათ შორის ორი შვიდმეტრიანიც.
ტაიმის შუაწელს ლიტველებმა რუსიას ორი წუთით გაძევებით ისარგებლეს და ანგარიში 16:18 გახადეს. მალე ანგარიშის მინიმუმამდე შემცირებაც შეძლეს, მაგრამ თამაშის სათავისოდ შეტრიალება კი ვეღარ მოახერხეს. დათუკაშვილის, ჭანტურიას, რუსიას, მსხვილიძისა და გიორგი გვაზავას უმნიშვნელოვანესი გოლების წყალობით საქართველო ისევ საიმედოდ გაიჭრა წინ. ბოლოჯერ კი მეტოქის კარი გამზარდიამ აიღო და თამაშის დასრულებამდე ოციოდ წამით ადრე ანგარიში 26:22 გახადა. სტუმრებმა დარჩენილ დროში ერთი ბურთის გაქვითვა მაინც მოასწრეს და სამი ქულით დამარცხდნენ.
ხუთი ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერი კვლავ ლიტვაა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზურის მოსაპოვებლად 12 იანვარს გასამართ ბოლო ტურში საკუთარ კედლებში თურქეთის ძლევა სჭირდება. საქართველოს ნაკრებს კი ხელს თურქების გამარჯვება აძლევს, ოღონდ ამასთან ერთად, აღნიშნულ თამაშამდე ერთი დღით ადრე აუცილებლად უნდა მოიგოს სტუმრად, ფინეთთან.
ცხადია, ჯორჯე რაშიჩის გუნდის საპლეიოფე შანსი მინიმალურია, მაგრამ მთავარია, რომ შანსი ჯერ კიდევ არსებობს.
მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპა. 5 ტური.
1 ჯგუფი. 8 იანვარი. თბილისი, სპორტის სასახლე
საქართველო - ლიტვა 26:23
საქართველო: თევზაძე - მსხვილიძე 11/7 (2წთ), რუსია 8/5 (2 წთ), ჭანტურია 6/5, დათუკაშვილი 6/4 (2წთ) გვაზავა 3/2, გამზარდია 4/2, ტალახაძე 4/1, მაისურაძე, სიმონია (ტორონჯაძე, აბრამიშვილი, გოგალაძე. ამირანაშვილი, წითელიშვილი) - პენალტები 5/4
ლიტვა: ვასკევიჩუსი, რასიმასი, პაზემეცკასი - პეტრეიკისი 7, სტრაზდასი 5, იასინსკასი 4, პ. ბაბარსკასი 3 (2წთ), სტანკევიჩუსი 2, გ. ბაბარსკასი 1, ვორობიოვასი 1, დუმჩუსი, გროსასი (2წთ), ფეოკტისტოვასი (2წთ), სტროპუსი, დრევინსკასი, გერვე - პენალტები 6/4
მსაჯები: სიმონე ძენდალი, სტეფანო რიელო (იტა) / დელეგატი: ვასილი ფეგირი (უკრ)
2700 მაყურებელი
თურქეთი - ფინეთი 25:19
ლიტვა 7 ქულა / საქართველო 6, თურქეთი 4, ფინეთი 3
30 ოქტომბერი. ლიტვა - საქართველო 23:17, ფინეთი - თურქეთი 26:20
3 ნოემბერი. თურქეთი - ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19
2 იანვარი. ფინეთი - ლიტვა 20:20, თურქეთი - საქართველო 29:23
4 იანვარი. ლიტვა - ფინეთი 24:23. 5 იანვარი. საქართველო - თურქეთი 33:26
8 იანვარი. საქართველო - ლიტვა 26:23, თურქეთი - ფინეთი 25:19
11 იანვარი, 19:00 ფინეთი - საქართველო; 12 იანვარი, 19:00 ლიტვა – თურქეთი









