ავტოსპორტი

23:05 | 3.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ლოებმა ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა

მე-60 მოგებული რბოლა და მსოფლიოს ჩემპიონის მე-7 ტიტული - ასეთი მონაგარი აქვს საფრანგეთის რალის შემდეგ, რალის მოქმედ ლეგენდას, ფრანგ სებასტიან ლოებს. სწორედ მისი გამარჯვებით დასრულდა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფრანგული ეტაპი, რომელიც პირველად ჩატარდა ლოების მშობლიურ ალსაკეში და არა კორსიკაში.
ლოებმა რბოლა ჩვეულ ტემპში დაიწყო და პირველ ორ დღეშივე მიაღწია სოლიდურ უპირატესობას, რის შემდეგაც, ზედმეტი რისკის გარეშე განაგრძო ასპარეზობა და კარიერაში მე-60 გამარჯვებაც იზეიმა. მის მოგებაში ეჭვის შეტანაც არ ღირდა მას შემდეგ, რაც რბოლის მეორე დღეს ავარია მოუვიდა ლოების მთავარ მეტოქეს და მისსავე თანამემამულე სეხნია სებასტიან ოჟიეს.
”აქ გამარჯვებას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მართალია, ჩემს სახლთან ახლოს ვასპარეზობდი, მაგრამ არ ველოდი, თუ ამდენი ხალხი მოვიდოდა რბოლის საყურებლად. და მე ბედნიერი ვარ, რომ მათ იმედები არ გავუწბილე და მე-7 ტიტულსაც მათს წინაშე დავეუფლე”, - განაცხადა 36 წლის ფრანგმა, ვინც საბოლოოდ, 36 წამით აჯობა ესპანელ თანაგუნდელ დანიელ სორდოს.
მე-3 ადგილზე, ”სიტროენის” კიდევ ერთი პილოტი, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი გავიდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში ”ფორდის” ფინელ იარი-მატი ლატვალას აჯობა. მესამე დღის პირველი 2 ეტაპი სოლბერგმა და სორდომ მოიგეს, ბოლოსწინა სპეცმონაკვეთი კი გაუქმდა, რადგან ლოების ტრიუმფის საყურებლად, 40 000 მაყურებელი მივიდა და ასპარეზობის ორგანიზატორებმა გზაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ მოახერხეს.

საფრანგეთის რალის საბოლოო შედეგები
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)    3:05:49.300
2. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი)           +00:35.700
3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი)         01:16.800
4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი)          01:29.300
5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი)                 03:43.800
6. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი)      11:55.900
7. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი)       14:15.400
8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი)          14:26.900
9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)            16:48.900
10. პატრიკ სანდელი (შვედეთი, შკოდა)             17:12.300

პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები - 226 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე - 166; 3. იარი-მატი ლატვალა - 144; 4. პეტერ სოლბერგი - 133; 5. დანიელ სორდო - 125; 6. მიკო ჰირვონენი - 104; 7. მეტიუ უილსონი - 60; 8. ფედერიკო ვილაგრა - 36; 9. ჰენინგ სოლბერგი - 33; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) – 21...

კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ ტოტალ WRT - 388 ქულა; 2. BP-ფორდ აბუ-დაბი WRT - 277; 3. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 193; 4. შტობარტ VK M-შპორტ ფორდ WRT - 140; 5. მუნჩი’ს ფორდ WRT - 54

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09146