ძიუდო

18:10 | 13.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს მასტერსზე წილი ყარეს

14 იანვარს ყაზახეთში ძიუდოს 2012 წლის საერთაშორისო სეზონი გაიხსნება. ორი დღის განმავლობაში ალმათი უპრესტიჟულეს ტურნირს – მსოფლიოს მასტერს უმასპინძლებს. თითოეულ წონით კატეგორიაში საჩემპიონო ბრძოლაში მსოფლიოს რეიტინგის პირველ ოცეულში მყოფი ძიუდოისტები ჩაებმებიან. მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრები: ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ). უკვე გაიმართა კენჭისყრა და ქართველთა მეტოქეებზეც აქვე მოგახსენებთ.
ამირან პაპინაშვილი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგსიაში მე-5 ადგილზეა, ტურნირს რუს ბესლან მუდრანოვთან (მე-8) შეხვედრით გახსნის. გამარჯვების შემთხვევაში კი მეოთხედფინალში ფრანგ სოფიან მილუსა (მე-11) და აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევს (მე-10) შორის მოგებულს დაეჭიდება.
“ჩემი წონის ფავორიტებად დასახელებულ სპორტსმენებს ყველას კარგად ვიცნობ, იაპონელი ჰირაოკი ჰიროაკასა და სომეხი ჰოვანეს დავთიანის გარდა. მინდა საერთაშორისო ტურნირებზე მათაც შევხვდე და ვნახო, როგორ ჭიდაობენ” – განაცხადა პაპინაშვილმა “მსოფლიო სპორტისთვის” სულ ახლახან მიცემულ ინტერვიუში. ჰირაოკა და დავთიანი მასტერსის სატურნირო ბადეში საპირისპირო მხარეს მოხვდნენ და ქართველი მსუბუქწონოსანს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუპირისპირდებიან, თუ მასთან ერთად ფინალში გავლენ. სამაგიეროდ ამირანის ბადეშია 60 კილოგრამის ერთპიროვნული ლიდერი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2010 და 2011 წლებში), ყაზახი რიშოდ სობიროვი. ამათი გზები ერთმანეთს ნახევარფინალში კვეთს და ადვილი წარმოსადგენია, რამხელა ფსიგოლოგიური უპირატესობა ექნება ყაზახს მშობლიურ კედლებში.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბევრისთვის მოულოდნელად 16-ის ნაცვლად 17-მა სპორტსმენმა მოიყარა თავი. ერთადერთი წყვილი, რომელიც ტურნირს მეთექვსმეტედფინალით დაიწყებს, ბრაზილიელი ტიაგო კამილოსა (მე-4) და ყაზახი ტიმურ ბოლატის (21-ე) წყვილია. Aდვილი მისახვედრია, რომ გამონაკლისი ამ უკანასკნელისთვის დაუშვეს. კამილოსა და ბოლატს შორის მოგებული კი მერვედფინალში ვარლამ ლიპარტელიანს (მე-12) დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში ლიპარტელიანი ან აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს (მე-5) შეხვდება ან უზბეკ ხურშიდ ნაბიევს (მე-15). ნახევარფინალში კი შესაძლოა საინტერესო ქართული დაპირისპირება შედგეს, ლიპარტელიანსა და საბერძნეთის სახელით ყველა ტიტულის მომგებ ჯარჯი ზვიადაურს შორის. მსოფლიოსთვის ილიას ილიადისად ცნობილი ძიუდოისტი 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის რეიტინგის ლიდერია.
ლევან ჟორჟოლიანს (მე-13) პირველ მეტოქედ ფრანგი ტიერი ფაბრე (მე-17) ერგო. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში კი სავარაუდოდ მასპინძელთა ერთ-ერთ ჯილას, მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონს, მაქსიმ რაკოვს (მე-4) დაეჭიდება. რაკოვი იქამდე მონღოლ ტემუულენ ბატულგას (მე-15) შეხვდება. ნახევარფინალში კი ამ ოთხეულის გზა მსოფლიოს რეიტინგის პირველადგილოსნის, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონის, იაპონელი ტაკამასა ანაის გზას უერთდება.
ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს მამაკაცთა შორის ჩემპიონ-პრიზიორები 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, მეორე დღეს კი სამეულები დანარჩენ ოთხ წონაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებშიც შეივსება.
მსოფლიოს მასტერსი რეიტინგის ლიდერებს მხოლოდ ორ წონაში მოისაკლისებს. ყაზახურ ტატამზე არ გავლენ - სამხრეთკორეელი ჯაე-ბუმ კიმი (81 კგ) და ფრანგი ტედი რინერი (+100 კგ).
დასასრულ შეგახსენებთ, მასტერსის ჩემპიონები ოქროს მედალთან ერთად 400 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ, ფინალისტები – 240 ქულას, ნახევარფინალისტები – 160-ს, ხოლო მეოთხედფინალისტები – 80-ს.

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086751