კალათბურთი

11:15 | 30.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მთავარ მწვრთნელთა ახალი ტალღა ნბა-ში

ბოლო კვირის განმავლობაში ნბა-ში მთავარ მწვრთნელთა ახალი ტალღა წამოვიდა, რადგან ერთბაშად ოთხმა გუნდმა შეიცვალა დამრიგებელი.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, "ატლანტას" გენერალურმა მენეჯერმა დენი ფერიმ აღარ გაუგრძელა კონტრაქტი ლარი დრიუს და მის შემცვლელად მაიკ ბუდენჰოლცერი მოიყვანა, რომელიც 1996 წლიდან "სან ანტონიოში" გრეგ პოპოვიჩის მთავარი ასისტენტი გახლდათ. ბუდენჰოლცერმა პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გაწვრთნილი გუნდის მთავარი მახასიათებელი დაცვითი კალათბურთი იქნება და შეეცდება "ჰოუქსს" კვლავ დაუბრუნოს ძველი სიძლიერე და დიდება.

ბოლო წლების განმავლობაში ლიგის ყველაზე უსახურმა გუნდმა "შარლოტ ბობკეთსმა" კიდევ ერთხელ გამოიცვალა მთავარი მწვრთნელი. 2013-14 წლების სეზონში "ფოცხვერებს" სტივ კლიფორდი უთავკაცებს, რომელიც მანამდე "ლეიკერსის" სამწვრთნელო შტაბში გახლდათ დასაქმებული. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 3 წლიანია და ამ დროის განმავლობაში სტივი 6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. კლიფორდმა გუნდში მოსვლისთანავე განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს, მთავარ ასისტენტად მიიწვიოს ნბა-ს ლეგენდარული მოთამაშე პატრიკ იუინგი.

"ფინიქს სანზის" ხელმძღვანელობამ ჩაგდებული სეზონის შემდეგ გადამჭრელ ზომებს მიმართა და მთავარი დამრიგებლის პოსტი ჯეფ ჰორნაჩეკს ანდო. იგი ფინიქსში რაღა თქმა უნდა ნაცნობი ფიგურაა, რადგან ჯეფმა მოთამაშის 14 წლიანი პროფესიული კარიერის განმავლობაში 6 სეზონი სწორედ "მზეებში" გაატარა. 2007 წელს ჰორნაჩეკი "იუტას ჯაზის" კალათბურთელებს სროლის სიზუსტის დახვეწაში ავარჯიშებდა, ხოლო 2011 წელს უკვე ტაირონ კორბინის ასისტენტი გახდა. კლუბის ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს, რომ 50 წლის სპეციალისტს დამხმარედ ლეგენდარული კარლ მელოუნი მოუყვანოს,"მეილ მენი " კი ამჟამად კონცენტრირებული გახლავთ იმაზე, რომ საკუთარი გამოცდილების გაკვეთილები ჩაუტაროს "იუტა ჯაზის" ახალგაზრდა კალათბურთელებს - დერიკ ფეივორსს და ენეს კანტერს.

"საკრამენტო კინგზის" ირგვლივ არეულობა ნელ-ნელა წყნარდება. ქალაქის მერმა მონახა საშუალება, რომ კლუბმა არ დატოვოს საკრამენტო და კვლავ გააგრძელოს წყნარი ოკეანის დივიზიონში თამაში. რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაცხადდება, რომ "მეფეების" ახალი დამრიგებელი მაიკლ მელოუნი გახდება.

შეგახსენებთ, რომ მელოუნი 2012 წლის ზაფხულში "გოლდენ სტეიტისა" და "ჰიუსტონის" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად მოიაზრებოდა, თუმცა ვერ მიიღო რა ვერცერთი კლუბისგან წინადადება, საბოლოოდ "უორიორზში" მარკ ჯექსონის ასისტენტობას დასჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101024