გულშემატკივრის სვეტი

13:43 | 15.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

მთავარია გვჯეროდეს!

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ქართველი გულშემატკივრის ურთიერთობა ყველაზე მეტად, ალბათ მოხუცი ცოლ-ქმრის ურთიერთობას ჰგავს. ერთმანეთის შესახებ ყველაფერი რომ იციან, ერთურთს რომ შეაბერდნენ და ათასში ერთხელ რომ იხსენებენ “ძველსა და კარგ დროს”. ასე იყო ფინეთში გამართული მატჩის დროსაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ბევრი ამბობს  - ყელში ამომივიდა ამათი წარუმატებლობა და ნაკრების თამაშს აღარ ვუყურებო, თითქმის მთელი საქართველო ტელევიზორებთან ვისხედით და თემურ ქეცბაიაზე არანაკლებად ვნერვიულობდით. მე თუ მკითხავთ, იმაში არაფერია გასაკვირი, ჩვენი ნაკრები მაინც ძველებურად რომ გვიყვარს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა თამაშის შემდეგ, ჩვენი გუნდი იგებს თუ აგებს, ყოველთვის დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გვრჩება. ხან თამაშის ბოლო წუთებზე ვკარგავთ “საამაყო ფრის” შანსს, ხან მოგებული მატჩი ვერ მიგვყავს ლოგიკურ დასასრულამდე. ხან კი, კაცნაკლული მოწინააღმდეგის კარში ვერ გაგვაქვს გოლი... მერე ვნერვიულობთ, ოთახში გავდი-გამოვდივართ, ბოღმით ვეწევით სიგარეტს და დარდიანად ვოხრავთ. გათენდება მეორე დღე და უკვე მეგობრებთან განვიხილავთ “როგორ შეგვეძლო და როგორ არ გაგვიმართლაო” და ასე გრძელდება წლების განმავლობაში.
გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, რომ ფინეთთან მატჩამდე, ფრეზე თითქმის ყველა ვიყავით ყაბულს. მაგრამ, როდესაც თამაში ვნახეთ და მივხვდით, რომ საქართველოს ნაკრები სათამაშო იშტაზე იყო და ისიც დავინახეთ, რომ ფინელებს დიდი არაფერი გუნდი ჰყავთ, ვიღას გვახსოვდა ფრეზე ოცნება? მოწინააღმდეგის ფეხბურთელის გაგდება და განათანაბრებელი გოლი ყველას გვახსოვს, მაგრამ იცით რატომაა ყველაზე მეტად გულსატკენი ფინეთში ვერმოგება?!... პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ ერთგვარ წესად გვექცა საქმის ბოლომდე ვერმიყვანა. თითქოს, ”ბუნებრივიც” კი გახდა, რომ საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ “მოსაგები” თამაშები უნდა მოიგოს და უფრო მეტ ოცნებებს არ უნდა წაეპოტინოს. არადა სწორედ ესაა ყველაზე მეტად ნერვების მომშლელი. რატომ? ბოლოს და ბოლოს, ფინეთის ნაკრებია და მეტი არაფერი... თუ ესპანეთის ნაკრების გატანჯვა და ბოლო წუთებამდე ნერვების მოშლა შეგვიძლია, ფინეთთან მინიმუმ სასურველი ანგარიშის შენარჩუნება რატომ უნდა იყოს შეუძლებელი?
გულშემატკივრებმაც და ჟურნალისტებმაც, წლების მანძილზე იმდენი ვიძახეთ, “დამარცხებული ხალხის ფსიქოლოგია გვაქვსო”, რომ ეს უბედურება უკვე ჩვევაში გადაგვივიდა. “შენ რა, მართლა გეგონა, რომ გორის “დილა” პორტუგალიელებს გამოაგდებდა? პორტუგალიის დონემდე ჩვენ ხომ იცი რომ კარგა ხანი ვერ მივალთ” – ”მმოძღვრავდა” ერთი ჩემი ნაცნობი, გორის “დილას” პორტუგალიურ “მარიტიმუსთან” დამარცხების შემდეგ და დღემდე ძალიან ცუდად მახსენდება მისი ნიჰილისტური, თავდაჯერებული ტონი – აქაოდა, ხომ ხედავ, რომ მართალი ვარო. ყოველთვის დამარცხებული გუნდის გულშემატკივრები ვიქნებით და არასოდეს დაგვადგება საშველი, თუ ტვინში არ ჩავიდებთ იმ უმარტივეს ჭეშმარიტებას, რომ ფინეთის ნაკრებშიც, “მარიტიმუშიც”, საჩხერის “ჩიხურაშიც” და მადრიდის “რეალშიც” ჩვეულებრივი ადამიანები თამაშობენ. მესმის, რომ ძალიან რთულია, “რეალისა” და “ჩიხურას” ერთ სიბრტყეში განხილვა, მაგრამ მთავარია გვჯეროდეს, რომ დაუმარცხებელი გუნდები და უნაკლო ადამიანები არ არსებობენ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია წარმატებებზე ფიქრი.
PS. ახლა ყველანი ბელორუსისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრის მოლოდინში ვართ. ბელორუსს თბილისში ვძლიეთ და იმედი გვაქვს, რომ მინსკშიც არ შევირცხვენთ თავს. ბოლო წუთებზე წაგებული და “შემთხვევით ვერმოგებული” თამაშების დრო წარსულს უნდა ჩაბარდეს!
 

 

ლევან სეფისკვერაძე   

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172034