ეგვიპტის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს მუჰამედ ზიდანს დაუსწრებლად 6 წლით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ პროექტირებისა და ქალაქის მოწყობის არაბული კომპანიის მიერ შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა, რომლის თანახმადაც ზიდანს სამი ჩეკის გაყალბებაში ედება ბრალი. 31 წლის ფეხბურთელი ამჟამად ეგვიპტის საზღვრებს გარეთ იმყოფება.
მუჰამედ ზიდანი სხვადასხვა დროს “ვერდერში”, “მაინცში” “ჰამბურგსა” და დორტმუნდის “ბორუსიაში” თამაშობდა. ფორვარდის ბოლო კლუბი კი არაბული “ბანი იასი” იყო, რომელიც წლეულს დატოვა. ახლა იგი ტელეარხ Al-Jazeera sports-ზე ექსპერტად მუშაობს.
ეგვიპტის ნაკრების მაისურით ზიდანმა 44 თამაში ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.







