მაშინ, როდესაც ევროპასა და სამხრეთ ამერიკას ფეხბურთი ერთგვარად მონოპოლიზირებული ჰქონდათ და მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებზე აფრიკის, აზიისა და ცენტრალური ამერიკის გუნდები დამთრგუნველად დიდი ანგარიშით მარცხდებოდნენ, ბევრი ამბობდა: არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს საფეხბურთო თვალსაზრისით “მეორეხარისხოვანი” კონტინენტების მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა და მათ ნაცვლად, ევროპული და სამხრეთამერიკული ნაკრებების დამატება უფრო საინტერესოს გახდის მსოფლიოს ჩემპიონატსო.
ეს მოსაზრება რომ ძირშივე მცდარი იყო, ყველაზე კარგად დრომ და ნაჩვენებმა შედეგებმა დაამტკიცა. თუმცა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ შედეგები როდია გადამწყვეტი. სხვა თვალით რომ განვიხილოთ, ერთი შეხედვით, თითქოს რატომ უნდა იყოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალი ზელანდიის ნაკრები, როდესაც ჩემპიონატს მიღმა, მაგალითად, უკრაინის დარი გუნდები დარჩნენ?! თუნდაც მობერებული შევჩენკოს ხილვა არ სჯობდა ენდი ბარტონისა და როი ფელონის ცქერას?!
ძალიან ადვილია შორიდან მსჯელობა, შეფასება და ყველაფრის მხოლოდ საკუთარ გემოვნებაზე მორგება მაშინ, როდესაც ბევრს არ სურს წარმოიდგინოს ის სიხარული, რაც ახალზელანდიელ ხალხს მათი ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშმა მიანიჭა.
თუკი სასწაული მოხდა და საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც უწია მსგავს დიდ მუნდიალს, დარწმუნებული ვარ, ევროპაში ბევრი “ექსპერტი” გამოჩნდება, რომლებიც თეორიებს ჩამოაყალიბებენ იმასთან დაკავშირებით, რომ პატარა საქართველოს, არც მატერიალურად და არც სხვა მხრივ შეუძლია რაიმე შესძინოს მსოფლიოს ფეხბურთს და უმჯობესია, რომ საქართველოს ნაცვლად, თუნდაც, ვთქვათ, ავსტრიის ნაკრები გასულიყო. ამ დროს, დარწმუნებული ვარ, მავან “ექსპერტს” აზრადაც კი არ მოუვა, რომ ჩამოვიდეს საქართველოში, ჩავიდეს ვთქვათ სენაკის რაიონის სოფელ ზანაში და გაიგოს თუ რამხელა ბედნიერება იქნება მათთვის ეროვნული ნაკრების თუნდაც მხოლოდ 3 მატჩის ნახვა მსოფლიოს ჩემპიონატზე.
მსოფლიოს ჩემპიონატზე გეოგრაფიული თვალსაწიერის გაფართოვებას მსოფლიოს ფეხბურთისათვის მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის მოტანა შეუძლია. და არამხოლოდ ფეხბურთისათვის...
თბილისში ბევრი ზარმაცი და სწავლაზე გულაცრუებული ბავშვი მინახავს, კლასიდან კლასში წვალებითა და წელათრევით რომ გადადიან, მაგრამ გასაკვირი ის არის, რომ ამ ბავშვებს მხოლოდ და მხოლოდ გეოგრაფიის მასწავლებლები არ ემდურებიან და ზოგიერთი მასწავლებელი, ალბათ, ვერც კი ხვდება, რომ მოსწავლის გეოგრაფიისადმი სიყვარული მარტოოდენ ფეხბურთის დამსახურებაა. თქვენ გგონიათ, ოროსანი ბიჭები გეოგრაფიის სახელმძღვანელოების კითხვით ისიებენ თვალებს? თქვენც არ მომიკვდეთ... ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ბავშვები ერკვევიან ფეხბურთის ავან-ჩავანში, კარგად იციან ევროპის რომელ ქალაქში რომელი კლუბი თამაშობს და რაკი კაკას, რონალდუს და ლეო მესის თამაში ძალიან მოსწონთ, ერთი-ორჯერ რუკასაც დახედეს, რომ ენახათ, სად იყო მათი კუმირების სამშობლო.
აგერ ახლა, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრეც და მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების შემდეგაც, უამრავ ბავშვს ნახავდით და დღესაც ნახავთ, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების განხილვისას, კონკრეტული ნაკრებების არამხოლოდ ქვეყნის მდებარეობა და კონტინენტი იციან, არამედ ხშირად იმასაც კი გეტყვიან, ესა თუ ის ფეხბურთელი თავისი ქვეყნის პრეზიდენტს რატომ გაუნაწყენდა და რომელიმე გუნდის მწვრთნელის ეთნიკური წარმომავლობა რატომ არის მიუღებელი ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისათვის.
ვისაც ჰგონია რომ ეს უმიშვნელო ამბავია, მინდა გითხრათ, რომ ძალიან შემცდარა, რადგან თვალნათლივ იკვეთება იმ ადამიანების შეხედულების სიმცდარე, რომელთათვისაც მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი მხოლოდ ტყუილად დაკარგული ტელესაეთერო დროა და “სულელური ფეხბურთების” ჩვენებას, “რამე კარგი ფილმის გაშვება” ურჩევნით.
ლევან სეფისკვერაძე







