ბლოგი

10:15 | 3.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი და საკლუბო ფეხბურთი – ზეიმი და ცხოვრება

ფეხბურთი ჩვენს ცხოვრებას ჰგავს. გვიხარია, ვდარდობთ, განვიცდით, მაგრამ გადის რაღაც პერიოდი და ახალი საფიქრალები და ახალი განცდები ძველს ჩრდილავენ და ასე უსასრულოდ... მუნდიალის დასრულებიდან სულ ცოტა დროა გასული და ჩვენი პლანეტა ახლა უკვე ეროვნული საკლუბო ჩემპიონატებისათვის ემზადება. მუნდიალზე მარცხნაჭამნი იწმენდენ სისხლსა და ცრემლს, ტრიუმფატორი გერმანელები კი თანდათან უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს და ისინიც საკლუბო ფეხბურთის ავანჩავანის გარკვევაში არიან. მუნდიალი 4 წელიწადში ერთხელაა, ეროვნული პირველობები კი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მუნდიალი ზეიმია, საკლუბო პირველობები კი ჩვენი ცხოვრებაა. ცხოვრება სიკვდილამდე მუდმივია, ზეიმი კი სამწუხაროდ ყოველთვის მალე მთავრდება.

ტრანსფერების ამბები, რა თქმა უნდა, ყველამ უკვე იცით და ახლა ჩვენი საფიქრალი ისაა, ინგლისიდან ესპანეთში გადაბარგებული კბენია სუარესი ფიფას მიერ დაკისრებული სასჯელის მოხდის შემდეგ რას იზამს. იქით ლეო მესი გაუნაწყენებია გადასახადების გადაუხდელობის გამო დიდი ჯარიმის დაკისრებას და იმუქრება, ეს ყველაფერი ფეხბურთის თამაშის ხალისს მაკარგვინებს და ესპანეთიდან თუ წავედი, მერე მიყარეთ კაკალიო? სხვები იძახიან, მესის პირინეიდან-აპენინამდე მარადონას გზის გავლა სურსო და ამის გამგონე ნეაპოლიტანელი ქომაგები ბედნირებისაგან ცქმუტავენ – ეგებ მართლა მოხდეს სასწაული და ლეომ დიეგოს გატკეპნილი გზით ჩვენამდე ჩამოაღწიოსო.

მიუნხენური სუპერგუნდის ბოსები კიდევ დამსხდარან, მოუმარჯვიათ ხელში კალკულატორები და სულ კაპიკ-კაპიკ დაუთვლიათ კლუბის მოგებაცა და გასავალიც. ამ ყველაფრის შემდეგ კი დაუსკვნიათ რომა, ჩვენაო, კარგი გუნდი კი გვყაავსო, ტიტულებსაც ბლომად ვიგებთო, მაგრამ რეკლამა გვაკლიაო და დადგა დრო, ”რეალის” მსგავსად, ჩვენც რეკლამაზე ორიენტირებულ გუნდად ჩამოვყალიბდეთო. ეს რომ “ბაიერნის” ქომაგებმა გაიგეს, გადაირივნენ და ”ქოში უკუღმა ყარეს” - რას გვიქვია ”რეალი” და მისთანები, ჩვენ უძველესი გუნდი ვართ და ჩვენი ტრადიციები თავად თუ არ დავიცავით და “გავრეალდით” - კაპიკია ჩვენი ფასიო.

რუსები იძახიან, ეს ამდენი ფული კი ჩავათხლიშეთ ჩვენი ქვეყნის პირველობაში, მაგრამ, ნაკრები ისეთივე ბეჩავი და იმპოტენტი გვყავს, როგორც აქამდე გვყავდა და აღარ ვიცით რა გზას უნდა დავადგეთო. თან ამასობაში ევროკავშირისა და ამერიკის მიერ რუსეთისათვის დაწესებული სანქციები მკაცრდება და როგორც რუსული ფეხბურთის კულუარებში ამბობენ, კლუბების მფლობელი ოლიგარქების უმეტესობა პუტინს ეღიჯინება – ჩვენი პრობლემებიც გვეყოფა და ამ კლუბებს ნუღარ აგვკიდებ მძიმე ტვირთადაო. პუტინის თავში კიდევ რა ხდება აბა ჩვენ რა ვიცით და ნურც ნურასოდეს გაგვაგებინოს ღმერთმა!

იტალიის ჩემპიონატში ბოლო დროს ფულიანმა ბიძებმა ინვესტიციების ჩადება ისევ დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ კბილს უსინჯავენ და გულისგულში ალბათ მაინც ეშინიათ – ემანდ ახლაც კრანიოტი-ჩეკი გორის ამბები არ დატრიალდეს და მთელი ჩვენი ფული ოხრად არ დაგვრჩესო. იტალიის ჩემპიონატის დონის გაუმჯობესებას სიხარულით უკვე აანონსებენ სხვადასხვა კლუბების მეპატრონეები და ამით ძალიან ემსგავსებიან ქართული კლუბების პრეზიდენტებსა და მწვრთნელებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ტრაბახობენ, ბაქიაობენ, კუნთებზე იყურებიან და ევროტურირნებზე ისეთი რამეები ემართებათ, ბავშვების თანდასწრებით რომ არ შეიძლება ამაზე საუბარი...

მოკლედ, ევროპული საკლუბო ფეხბურთი ძალას იკრებს და წლევანდელი საფეხბურთო სეზონიც დიდ სიახლეებს და ემოციებში ჩასიყვარულებას გვპირდება. თუმცა მანამდე კოპა ლიბერტადორესის თასის ფინალი გვაქვს სანახავი. თქვენი არ ვიცი და მე “სან ლორენცოსკენ” ვარ. უბრალო საქმე ხო არაა, ამ გუნდისათვის თვით რომის პაპი ლოცულობს!

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090973