ლვოვის “კარპატი” თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრა და რა თქმა უნდა, გუნდთან ერთადაა ახალწვეული მურთაზ დაუშვილიც. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ინტერვიუ “კარპატის” ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა:
- გუნდში ახალი მოსული ხართ. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები და რას ელით თურქული შეკრებისგან?
- შეკრებაზე სამუშაოდ მივდივარ. მწვრთნელებსა და პარტნიორებს უნდა დავუმტკიცო, რომ “კარპატიში” სათამაშოდ მზად ვარ. საამისოდ ყველაფერს გავიღებ. რაც შეეხება ამ კლუბში გადმოსვლას, ეს უდავოდ ნახტომია ჩემს კარიერაში. საქართველოში “კარპატი” ყველამ იცის. რა თქმა უნდა, ეს დიდწილად იმის გამო, რომ ევროპის ლიგაში “ზესტაფონი” ეთამაშა, თუმცა ადრეც მსმენია ამ კლუბზე. ამიტომაც, “კარპატიში” გადმოსვლა პროგრესია.
- ანუ, კმაყოფილი ხართ იმით, რომ ლვოვში ითამაშებთ?
- და სხვაგვარად უნდა იყოს? ამიტომაც გავაფორმე კონტრაქტი.
- “კარპატის” წინაამღდეგ სამ მატჩში გითამაშიათ...
- სამი? ნუთუ?
- ორი ევროპის ლიგაში...
- დიახ, ეს ვიცი.
- ერთიც ავსტრიაში, შარშან, ამხანაგურ მატჩში.
- დიახ, ასე იყო. გამახსენდა.
- რა დაგამახსოვრდათ ამ სამი მატჩიდან?
- ის, რომ “კარპატი” შემტევი გუნდია. ჩვენი მცველები მუდმივად საქმეში იყვნენ. მეც ბევრი მუშაობა მომიწია, თუმცა ვიტყვი, რომ თანაბარი ძალის გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს. საქართველოში “ზესტაფონზე” ძლიერი კლუბი არ არსებობდა, რაც ჩემპიონობითა და ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლით დავამტკიცეთ, თუმცა “კარპატის” უპირატესობა გამოცდილებაში და შემსრულებლებში იყო. აქ მართლაც უკეთესი ფეხბურთელები არიან.
- რომელიმე ფეხბურთელთან დამეგობრება მოასწარით?
- ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თბილად დამხვდნენ, თუმცა ახლა კონკრეტულად ერთთან მჭიდრო ურთიერთობა არ მიწევს. უკრაინული ენა არ ვიცი, რუსულს ცუდად ვფლობ, ინგლისურს – კიდევ უფრო ცუდად. ამიტომაც ცოტა პრობლემა მექმნება, თუმცა თანაგუნდელები მეხმარებიან.
- ენის სწავლას ხომ აპირებთ?
- ვფიქრობ, ეს დროის საკითხია. შეკრების შემდეგ რაღაც-რაღაცებს გავიგებ, მომდევნო თვეში კიდევ უფრო გამიადვილდება. რაც უფრო ხშირად კონტაქტობ, მით უფრო მალე გადიხარ ადაპტაციას.
ილია ნანობაშვილი









