სამწუხაროდ, პრესას საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ხელმძღვანელობასთან გასაუბრების საშუალება არც დღის ბოლოს მიეცა, რადგან ისინი 120 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელ გურამ ფერსელაძის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოცხადნენ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ისინი პრესას დაემალნენ. შეგახსენებთ, რომ დაცვა მთელი დღის განმავლობაში საიმედოდ იცავდა როგორც ქართველ სპორტსმენებს, ასევე საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობასაც.
რადგან ფერსელაძესთან გასაუბრების შესაძლებლობა მოგვეცა, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვით:
- თქვენი შედეგით კმაყოფილი ხართ?
- თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს გათამაშებული ოთხი წონითი კატეგორიიდან, ჩემს მიერ მოპოვებული მედალი საქართველოს ნაკრებისთვის ჯერჯერობით ერთადერთია, კმაყოფილი ვარ. თანაც, ეს ჩემს კარიერაში პირველი მედალია.
- უკეთესი შედეგის მიღწევა, შეიძლებოდა?
- შეიძლება ითქვას, რომ კენჭისყრამ არ გამიმართლა, რადგან ნახევარფინალში ევროპის, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელ თურქ სპორტსმენს შევხდი, რომელთანაც დავმარცხდი. ნახევარფინალში მოქმედ ჩემპიონს რომ არ შევხვედროდი, ფინალში გასვლის კარგი შანსი მექნებოდა.
თუ გავითვალიწინებთ, რომ კომენტარის გასაკეთებლად საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ხელმძღვანელობამ არც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუკა კურტანიძის თხოვნა გაითვალისწინა, შეიძლება ითქვას, რომ ფედერაციასა და ნაკრების ხელმძღვანელობას შორის სერიოზული უთანხმოებაა.
“მსოფლიო სპორტი” აღნიშნულთან დაკავშირებით კურტანიძეს გაესაუბრა:
- მოჭიდავეეების დღევანდელი შედეგით, კმაყოფილი ხართ?
- კარგად დავიწყეთ, მაგრამ ცუდად დავასრულეთ. ბრინჯაოზე მეტს ველოდი და რა თქმა უნდა, შედეგით უკმაყოფილო ვარ. ნაკრების წევრები მალე იღლებოდნენ და ამან, მათ წარუმატებლობაზე გავლენა იქონია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაკრებმა სრულფასოვანი შეკრება გაიარა, ფიზიკური მომზადების პრობლემა არ უნდა ყოფილიყო.
- დღის წესრიგში ხომ არ დადგება ნაკრების ხელმძღვანელობის საკითხი?
- ამაზე ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ და ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ.







