18-დან 21 თებერვლის ჩათვლით, თბილისის სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასმა” პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის თასის გათამაშებას უმასპინძლა სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის. პირველობა წრიული სისტემით ჩატარდა, რომელშიც 9 ქვეყნის 12 საერთაშორისო დიდოსტატი მონაწილეობდა. მათ შორის, მასპინძელთა 2 წარმომადგენელი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - მაია ჩიბურდანიძე და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთაგან ყველაზე დღეისათვის მაღალი რეიტინგის მქონე - ნანა ძაგნიძე იყვნენ. ამ უკანასკნელმა პირველი ადგილი დაიკავა და საპრიზო ფონდიდან ყველაზე მეტი – 10000 ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარი მიიღო, ხოლო ჩიბურდანიძე მე-5 ადგილზე გავიდა.
მართალია, ძაგნიძემ ტურნირი ცუდად დაიწყო და 3 ტურის შემდეგ მხოლოდ ნახევარი ქულა ჰქონდა, მაგრამ დარჩენილი 8 შეხვედრიდან 7,5 ქულა მოიპოვა და გამოცდილ პია კრამლინგთან (შვედეთი) ერთად, ყველაზე მეტი - 8 ქულა დაგროვა. მთავარი პრიზისთვის დანიშნული ტაი-ბრეიკების პირველი ორი ბლიც-პარტია ყაიმით დასრულდა. მე-3, ე.წ. “არმაგედონის” ბლიც-პარტია კი, ძაგნიძემ მოიგო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.
ნანა ძაგნიძეს “მსოფლიო სპორტი” აღნიშნული ტურნირისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
- რით შეიძლება აიხსნას, რომ პირველ სამ პარტიაში მხოლოდ ნახევარი ქულა აიღეთ, ხოლო დარჩენილი 8 შეხვედრიდან 7,5 ქულა დააგროვეთ?
- სწრაფ ჭადრაკში თამაშის დიდი გამოცდილება არ მაქვს. სწრაფი ჭადრაკი, მსგავსი კონტროლით, თბილისში მეორედ ვითამაშე და აღნიშნულიდან გამომდინარე, თავიდან კონცენტრაცია გამიჭირდა. მე-3 ტურის შემდეგ, ფორმაში შევედი და შედეგიც დადგა.
- თქვენს მიერ ნათამაშები პარტიებიდან რომელს გამოარჩევდით?
- მე-4 ტურში, მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკთან (რუსეთი) და ბოლო, მე-11 ტურში, ოლიმპიურ ჩემპიონ ტატიანა კოსინცევასთან (რუსეთი) მოგებულ შეხვედრებს გამოვარჩევდი. კოსტენიუკთან მოგება პირველი იყო აღნიშნულ ტურნირზე, ხოლო ტატიანა კოსინცევასთან მხოლოდ მოგება მაძლევდა ხელს, რადგან კრამლინგს 8 ქულა უკვე ჰქონდა და სხვა შემთხვევაში ვერ დავეწეოდი.
- რამდენიმე თვის შემდეგ, ანუ 2012 წლის ივნისში, თბილისი სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს...
- მანამდე, მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატში (კლასიკური, სწრაფი, ბლიცი) მივიღებ მონაწილეობას, რომელიც მარტის დასაწყისში გაზიანთებში (თურქეთი) ჩატარდება. ამის შემდეგ, თბილისში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშებ.
- რომელ ადგილებს გეგმავთ თქვენს მიერ ნახსენებ ტურნირებში?
- ყველა ტურნირში, რომელშიც ვმონაწილეობ, ყოველთვის კარგი თამაში მაქვს დაგეგმილი - შედეგიც შესაბამისი მოვა.
- მართალია, მიმდინარე წლის ივნისში ერთი წელიწადი ხდება, რაც დაოჯახდით, მაგრამ თქვენი მეუღლე ჭადრაკის ბევრი მოყვარულისთვის, ჯერჯერობით, უცნობია.
- ჩემი მეუღლე შალვა კაკულიაა. ორივე ქუთაისელები ვართ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვობაში ჭადრაკის სექციაზე ერთად დავდიოდით, ერთმანეთს დიდი ხანია, რაც ვიცნობთ.
- გამოდის, რომ თქვენი მეუღლეც მოჭადრაკეა...
- ყოფილი მოჭადრაკე. შალვა დიდი ხანია ჭადრაკს აღარ თამაშობს და არც აპირებს ჭადრაკს დაუბრუნდეს. ისე კი, ტურნირებზე დამყვება და ყოველთვის გვერდით მიდგას.
როლანდ ლაბუჩიძე