ძიუდოისტებმა საშემოდგომო გამოცდა ზამთარში, მესამე ცდაზე ჩააბარეს. ორჯერ გადადებული საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა, როგორც იქნა, დღის წესრიგში შეტანილი ყველა საკითხის განხილვით და გადაწყვეტით დასრულდა. ფედერაციის პრეზიდენტი ხმის უფლების მქონე დელეგატთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დავით ქევხიშვილი გახდა და რაც მთავარია, ერთსაათიანმა ყრილობამ დაპირისპირებებისა და ვაი-ვიშის გარეშე ჩაიარა. ამას დარბაზიდან გამოსული ხმების და ყრილობისშემდგომი კომენტარებით ვასკვნით, თორემ უშუალოდ დარბაზში ყოფნის უფლება მასმედიის წარმომადგენლებს რატომღაც არ მისცეს. არადა, ჟურნალისტების უმრავლესობამ წინასწარ იცოდა, რაც უნდა მომხდარიყო. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მისულს, პირადად ორმა ტელეჟურნალისტმა მითხრა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები თემურ ხუბულური და ირაკლი ცირეკიძე კანდიდატურას ქევხიშვილის სასარგებლოდ მოხსნიდნენ. თუ ეს მედიამ იცოდა, ცხადია, დელეგატებიც საქმის კურსში იქნებოდნენ და საინტერესოა, ასეთ დროს რა საჭირო იყო ყრილობის დახურულ კარს მიღმა ჩატარება, ტრადიციული ტრაფარეტული ფრაზით – ძიუდოსთვის საჭირბოროტო თემებზე ძიუდოს ოჯახმა უნდა ისაუბროსო.
მოკლედ, გარეთ გამოგვისტუმრეს და შემდეგ დღის წესრიგის ყველა საკითხის შეხმატკბილებულად მოგვარებას ერთი საათი აკმარეს. მალევე გამოვიდა ხმა, როგორ მოხსნეს კანდიდატურები ხუბულურმა და ცირეკიძემ და როგორ უყარეს კენჭი დავით ქევხიშვილს. შემდეგ კი, როგორ დაასახელა ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ახალი აღმასკომის შემადგენლობა.
ყველა ფორმალობის მოლევის შემდეგ, დარბაზის კარი ჩვენთვისაც გაიღო. უფრო ზუსტად, ყრილობის წინაშე ვალმოხდილი დელეგატებისთვის, გარეთ გამოსასვლელად. ყველა სასურველი რესპონდენტის გამოჭერა ბევრმა ვერ შეძლო. ზოგიერთმა დელეგატმა სულაც დარბაზს გარეთაც არ ისურვა უწყინარი კომენტარის გაკეთება. ჩვენ მეტად გაგვიმართლა და პრეზიდენტობის სამივე კანდიდატი ჩავწერეთ.
თემურ ხუბულური
- რატომ მოხსენით კანდიდატურა?
- არ მინდოდა, შიდა დაპირისპირება გაგრძელებულიყო და მოვხსენი.
- რამდენიმე დღის წინ, როდესაც განაცხადი შეიტანეთ, არ იფიქრეთ მოსალოდნელ დაპირისპირებაზე?
- მეგონა, შევთანხმდებოდით, მაგრამ მოლაპარაკება არ მოხერხდა.
- კონკრეტულად ვისთან?
- ახალგაზრდებთან.
- გამოდის, სათანადო მხარდაჭერა არ გქონდათ?
- ძიუდოს სამყარო მხარს ჩემს კანდიდატურას უჭერდა, მაგრამ ვერ შევთანხმდი ახალგაზრდების ჯგუფთან და გადავწყვიტე, გზა მათთვის დამეთმო.
ირაკლი ცირეკიძე
- თავიდანვე მიმაჩნდა, რომ მწვრთნელის რანგში მეტი სარგებლის მოტანა შემეძლო საერთო საქმისთვის, მაგრამ გარკვეულ გარემოებათა გათვალისწინებით, საპრეზიდენტო განაცხადიც გავაკეთე.
- მაშინ რატომღა მოხსენით კანდიდატურა?
- როცა დავინახე, თემურ ხუბულურმა გზა დავით ქევხიშვილს დაუთმო, მეც ანალოგიურად მოვიქეცი. მიმაჩნია, რომ დათო ამ საქმეს თავს კარგად გაართმევს.
- კანდიდატურა ქევხიშვილის რომ მოეხსნა და არა ხუბულურს, მაშინ როგორ მოიქცეოდით?
- მაშინ კენჭისყრა გადაწყვეტდა.
- გავრცელდა ხმები, რომ ბოლო დროს სანაკრებო ვარჯიშებს აღარ ატარებდით. მთავარ მწვრთნელად დარჩენის საკითხი საეჭვოა?
- ამ საკითხზე სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ. მიმნდა საქმიანობა გავაგრძელო, მაგრამ არის გარემოებები, რომლებიც უნდა გაანალიზდეს და საბოლოო გადაწყვეტილებაც შემდეგ გახდება ცნობილი. თუკი ქევხიშვილი და ფედერაციის აღმასკომი საჭიროდ ჩათვლის, მწვრთნელად დავრჩები.
- ვარჯიშებს იქამდე არ ჩაატარებთ, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ?
- ვარჯიშს ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში ჩავატარებ. იქამდე, ვიდრე უფლებას მომცემენ.
დავით ქევხიშვილი
- გილოცავთ გამარჯვებას. მიზეზთა გამო, არ მოგვეცა დარბაზში ყოფნისა და თქვენი სამუშაო პროგრამის მოსმენის უფლება. ალბათ კონკრეტულად გაწერილი გეგმაც გაქვთ...
- რა თქმა უნდა და ამ გეგმის პირველი, უმთავრესი ნაწილი ძიუდოში შიდა უთანხმოებების დასრულება და გაერთიანებაა. ამ სასურველი მდგომარეობის ნიშნები უკვე ამ ყრილობაზე გამოჩნდა და ცდას არ დავაკლებ, წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემის საბოლოოდ აღმოსაფხვრელად.
- ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის შემადგენლობა უკვე დაასახელეთ?
- ამჯერად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პირველი ვიცეპრეზიდენტი მამუკა ყიზილაშვილი იქნება. მის გარდა კიდევ ორი ვიცეპრეზიდენტი მეყოლება. მათ ვინაობასაც და გენერალურ მდივანსაც უახლოეს მომავალში დავასახელებ. ამ თანამდებობას აქამდე ვლადიმერ ნუცუბიძე იკავებდა, მაგრამ თავად აღარ ისურვა ფედერაციაში დარჩენა. მოგეხსენებათ, იგი უმაღლესი კატეგორიის მსაჯიცაა. ვთხოვე, ამ მხრივ მაინც დაგვიდგეს მხარში და დამთანხმდა.
- აღმასკომის ახალ შემადგენლობაში ვინ შედის?
- ჩემთან ერთად იქნებიან ზურაბ ზვიადაური, თემურ ხუბულური, შოთა ხაბარელი, დავით ხახალეიშვილი, ირაკლი ცირეკიძე, ამირან ტოტიკაშვილი, მამუკა ყიზილაშვილი, თემურ გურაშვილი, ბერდია გუგავა, ვახტანგ ზოიძე, გურამ პაპიტაშვილი, დავით ბოდაველი, მამუკა ნავერიანი, ანზორ მარტყოფლიშვილი და სავარაუდოდ კიდევ ორი ადამიანი, რომელთა ვინაობასაც უახლოეს აღმასკომის სხდომაზე დავასახელებ.
- ნაკრების მთავარ მწვრთნელთან – ირაკლი ცირეკიძესთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?
- პირადად ჩემი აზრით, ცირეკიძე საქმითაც და პიროვნულადაც მისაღები კანდიდატურაა, მაგრამ მარტო ჩემი შეხედულება საკმარისი არაა. სპეციალისტებთან ერთად გვექნება კონსულტაციები და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ერთობლივად მივიღებთ.
- გავრცელებული ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ დღედღეზე ყვარლის რაიონის გამგებლად დაინიშნებით. ორი თანამდებობის ერთმანეთთან შეთავსებას როგორ მოახერხებთ?
- ეს საკითხი ჯერ განხილვის სტადიაშია და კონკრეტულად საუბარი მიჭირს. თუკი მართლაც ასე მოხდა, ვფიქრობ, თავს გავართმევ, მაგრამ თუ შევხედავ, რომ ვერ ვახერხებ, მაშინ ძიუდოში დავრჩები.
P.S. ეს მცირე ინტერვიუები სპორტის სამინისტროს დერეფნებში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავწერეთ. ძიუდოს ოჯახს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ კარგი იქნება, ჟურნალისტებსაც თუ დაგვდებენ პატივს და დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ სასაუბროდ პრესკონფერენციაზე ერთად დასხდომის საშუალებასაც თუ გამონახავენ.
ოთარ მაღლაკელიძე







