ინტერვიუები

11:00 | 28.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნანი: "ჩელსის" გარდა, კონკურენტები მრავლად გვეყოლება"

თუკი, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნებისმიერ გულშემატკივარს ჰკითხავთ, მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად საყვარელი გუნდის რომელი მოთამაშის გაბრწყინების იმედი აქვს, უმრავლესობა ლუიშ კარლუშ ალმეიდა კუნიას, ანუ ნანის დაგისახელებთ. ატლანტის ოკეანეში გაფანტულ კაბო ვერდეს ერთ-ერთ კუნძულზე დაბადებული 23 წლის ნანი, თანდათან სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის საკვანძო ფეხბურთელად იქცა და მისი, “წითელი ეშმაკების” ნებისმიერ მომხრეს ეიმედება. ნანის საკლუბო ჟურნალ Inside United-ის კორესპონდენტი დაუკავშირდა და მოთამაშემაც ჟურნალისტისა და შესაბამისად, მკითხველის ცნობისმოყვარეობა, მეტ-ნაკლებად, ამომწურავად დააკმაყოფილა.    
- სერ ალექსმა ამასწინათ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში, წინაზე კიდევ უფრო ძლიერად უნდა ითამაშოთ. გამოცდილი დამრიგებლის ამგვარი შეფასება სტიმულს გაძლევთ, თუ პირიქით, ოდნავ განერვიულებთ?
- ფერგიუსონი აუწონავ სიტყვას არასდროს იტყვის. რადგან მას ჩემი სჯერა, ესე იგი, მომატების რეზერვი კიდევ მაქვს. შოტლანდიელ მწვრთნელს ვეთანხმები – კიდევ უფრო უკეთ შემიძლია თამაში. სერ ალექსის შეფასება კი მეტ დამაჯერებლობას მძენს. ახლა მთავარია, ტრავმა თავიდან ავიცილო და წვრთნებზე ბევრი ვიმუშაო. იმედია, მეც მოვუმატებ და რაც მთავარია, “მენიუს” წარმატების მიღწევაში გავუწევ სამსახურს.
- შეადარეთ ერთმანეთს დღევანდელი და ის ნანი, რომელიც 2007 წელს ჩაირიცხა “მანჩესტერ იუნაიტედში”...
- მას შემდეგ 4 წელი გავიდა და ასეთ დიდ გუნდში გამოსვლამ უდიდესი გამოცდილება შემძინა. “ოლდ ტრაფორდზე” თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.
- ყველაზე მეტად, მაინც რა მოგწონთ მანჩესტერში?
- “იუნაიტედი” ყოველწლიურად ჩემპიონობისთვის რომ იბრძვის.
- თავს კვლავინდებურად ახალგაზრდა ფეხბურთელად თვლით, თუ “მენიუს” ახალწვეულებს რჩევებს აძლევთ?
- საპასპორტო მონაცემით ახალგაზრდა მოთამაშე ვარ, მაგრამ “ოლდ ტრაფორდზე” ყოფნის 4 წლიანმა პერიოდმა დიდი გამოცდილება შემძინა და ვფიქრობ, გუნდის თინეიჯერ ფეხბურთელებს სათანადო დახმარებას ვუწევ.
- როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს, როდესაც მშობლიური ამადორას ქუჩებში ფეხბურთის თამაშს იწყებდით?
- ბავშვობაში, ჩემი ერთადერთი საფიქრალ-საზრუნავი ფეხბურთი იყო. დილაუთენია ვიღვიძებდი, სათამაშო მინდორზე გავრბოდი და როცა შინ ვბრუნდებოდი, კარგა ხნის დაღამებული იყო. ხშირად, მთელი დღის განმავლობაში, წახემსება არც კი გამახსენდებოდა. იმ დროს დიდი სითბოთი ვიხსენებ, მიუხედავად იმისა, ძალიან “რთულ” უბანში რომ ვიზრდებოდი. დღე არ ჩაივლიდა, რაიმე ექსცესი რომ არ მომხდარიყო. მტკიცე ნებისყოფა უნდა გქონოდა, მხოლოდ ფეხბურთზე რომ ყოფილიყავი კონცენტრირებული. ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, რადგან ფეხბურთი სიგიჟემდე მიყვარდა. ბევრ ჩემს ამხანაგს, რომელთაც გატაცება არ ჰქონდათ, მოგვიანებით, ცხოვრების გზა გაემრუდათ.
- ყოველთვის დარწმუნებული იყავით, მაღალი კლასის პროფესიონალი ფეხბურთელი რომ დადგებოდით?
- ყოველთვის ვოცნებობდი ამაზე. კარგი ფეხბურთელი რომ გამოვიდოდი, ამაში ჩემმა უფროსმა ძმამ დამარწმუნა. პაულუ რობერტუ ჩემზე 5 წლითაა უფროსი და ვინაიდან მამაჩვენი კაბო ვერდეზე მუშაობდა, დედმამიშვილი მამობრივ ზრუნვას არ მაკლებდა. პაულუ რობერტოს, ჩემი მეორე მამა შემიძლია ვუწოდო. მან ბევრი საფეხბურთო ილეთის შესრულებაც მასწავლა.
- მისი დამსახურებაა ბურთის დამუშავებისას პრობლემა რომ არ გექმნებათ და მატჩის მსვლელობისას საფეხბურთო ფინტებისა და ტრიუკების შესრულებაც რომ შეგიძლიათ?
- თანატოლებთან ერთად საათობით ვთამაშობდი და ყოველთვის ვცდილობდით ვარსკვლავებისთვის მიგვებაძა. მათ ასპარეზობას პირდაღებულები ტელევიზიის მეშვეობით ვადევნებდით თვალ-ყურს. გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორი აღფრთოვანებით ვუმზერდი რონალდოსა და ლუიშ ფიგუს თამაშს. იმ პერიოდში, ისინი გვერდიგვერდ, “ბარსელონაში” ასპარეზობდნენ და ყოველმხრივ ვცდილობდი, მათი საფეხბურთო ილეთების კოპირება გამეკეთებინა. მოგვიანებით ძალიან გამიმართლა, ლისაბონის “სპორტინგის” სკაუტთა ყურადღების არეალში რომ მოვხვდი. სწორედ მაგ გუნდში ვითამაშე პირველად “ორგანიზებული” თამაში, მაღალკვალიფიცირებულ მწვრთნელთა მეთვალყურეობით წვრთნასაც შევეჩვიე და საბოლოოდ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ყურადღებაც დავიმსახურე.
- როგორი იყო “სპორტინგში” თქვენეული კარიერის დასაწყისი? ხომ არ გიფიქრიათ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუნდაც, “პორტუში”, ან “ბენფიკაში” მოხვედრილიყავით?
- არა, ერთი წამითაც არ მინანია “სპორტინგში” მოხვედრა. უფრო პირიქითაა – ლისაბონურ კლუბში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. გუნდში ყოველთვის შემეძლო დახმარებისთვის მიმემართა რომელიმე მწვრთნელისთვის, ან ასაკოვანი ფეხბურთელისთვის და საჭირო რჩევას აუცილებლად მივიღებდი. კლუბის პერსონალმა ბევრი ცხოვრებისეული რამ მასწავლა, საერთოდაც, “სპორტინგის” აკადემიის მადლიერი ყოველთვის ვიქნები.
- როდესაც “ოლდ ტრაფორ¬დზე” “სპორტინგის” თეთრ-მწვანე მაისურათი თამაშობდით, წარმოიდგენდით, მალე “მანჩესტერ იუნაიტედის” წევრი რომ გახდებოდით?
- მშვენივრად მახსოვს ის დღე. მატჩამდე, მეგობართან ერთად კლუბის მუზეუმი და სტადიონი დავათვალიერეთ. გასახდელშიც შევედით და ერთმანეთს ვესაუბრებოდით, ამ სკამზე კრიშტიანუ ჯდება, იმაზე რუნი და გიგზი. მაშინ გამკრა გონებაში – რა კარგი იქნებოდა, მეც “იუნაიტედში” რომ ვთამაშობდე. ოცნება საკმაოდ მალე, 2 წელში ამიხდა.
- გამოდის, “ოლდ ტრაფორდზე” მოხვედრას ადრეული ასაკიდან ფიქრობდით?
- აკი მოგახსენეთ, ამაზე ვოცნებობდი. ოფიციალურ კონტრაქტზე ხელის მოწერამდე, არ მჯეროდა, მანჩესტერში რომ დამტოვებდნენ. ხელშეკრულების გაფორმების დროს, ის მეგობარიც მახლდა, 2 წლით ადრე ერთად რომ ვათვალიერებდით საკლუბო მუზეუმს და ჩვენ ადრეულ სიტყვებს ვიხსენებდით.
- რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, “მანჩესტერს” ჩემპიონობის მოპოვების რეალური შანსი რომ აქვს? თქვენი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ მათ მოტივაცია მოემატათ მას შემდეგ, რაც გასულ მაისს, პრემიერლიგის პირველობა “ჩელსის” “დაუთმეთ”...
- “მანჩესტერ იუნაიტედი” ყოველწლიურად ერთნაირი მოტივაციით იბრძვის პირველობის მოსაპოვებლად. წელსაც არცერთი ჩვენთაგანი ძალასა და ოსტატობას არ დაიშურებს ერთგული გულშემატკივრის გასახარებლად. ჯერჯერობით ნაადრევია იმ გუნდებზე საუბარი, რომლებიც პირველი ადგილის დასაკავებლად იბრძოლებენ. “მენიუ” ტრადიციულად ჩემპიონობას უმიზნებს, “ჩელსის” გარდა კი, კონკურენტები მრავლად გვეყოლება. გარკვეული დასკვნის გამოტანა, მხოლოდ დეკემბერში შეგვეძლება.
- რომელ მოწინააღმდეგესთან შებმას ელოდებით ყველაზე დიდი ინტერესით?
- ინგლისურ პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში, ნებისმიერი შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია და როგორც ფეხბურთელთათვის, ასევე გულშემატკივართათვის, მეტად საინტერესო. ასე რომ, მოუთმენლად მომდევნო მატჩს ველი და “მანჩესტერის” მოგების იმედი მაქვს. ამ შემთხვევაში, “იუნაიტედი” საჩემპიონო წოდებას დაიბრუნებს.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ





 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097782