გულშემატკივრის სვეტი

11:56 | 21.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ნარინჯისფერი იმედი

თუკი ქართველებს ოდესმე რომელიმე ერის შეიძლება შეგვშურდეს, ეს უპირველესად ჰოლანდიელები არიან! შეგვშურდეს არა იმიტომ, რომ ნამუსიანად კარგ ლუდს აყენებენ და დახამებულ ტურისტებს მათრობელა ბალახების ლაღად წევის საშუალებას აძლევენ. ანდა, მაღალხარისხიან წვერის საპარს მოწყობილებას აწარმოებენ, არამედ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც ყველაფერი ძალიან კარგად გამოუდით ხელიდან და ნამდვილი ჰოლანდიელი რომ იყო, უპირველესად იმ საქმეს უნდა აკეთებდე კარგად, რომელსაც შესჭიდებიხარ...
 რომ არა ჰოლანდიელების უნიკალური შრომისმოყვარეობა და საქმისადმი საოცრად სწორი დამოკიდებულება, ნიდერლანდური ფეხბურთი ვერასოდეს ვერ ავიდოდა ასეთ დიდ სიმაღლეზე და კაცობრიობა ვერასოდეს გაიგებდა გულიტის, ვან ბასტენის, კრუიფისა და რობენის მაგიურ გვარებს. დედამიწაზე მსოფლიოს შვიდი საოცრების გარდა, სხვა ბევრი საოცრებაც არსებობს და მათ შორის ერთ-ერთი, ჰოლანდიელების ფეხბურთისადმი დამოკიდებულებაა. ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივმა პატარა ერმა, რომელსაც სხვათა მსგავსად ბუნებამ არც ნავთობი დაამადლა, არც მრავალი სიკეთის მომტანი ტყეები და არც უხვად მოსავლიანი მიწებით მოიწონებენ თავს, საამისო მატერიალურ-ინტელექტუალური სახსარი მაინც გამოძებნა და შექმნა ჭეშმარიტად გენიალური საფეხბურთო სკოლები, სადაც იზრდებოდნენ და დღესაც იზრდებიან ბიჭები, რომლებიც არასოდეს არ ჰგავდნენ სხვებს და უფრო მეტიც, საკუთრივ ჰოლანდიურ ფეხბურთს თამაშობენ. ჰოლანდიურ ფეხბურთს, სადაც წარმმართველ ძალად ძლიერ ფეხებზე და გორხანა თავებზე უწინ, ყოველთვის ნიჭი და აზროვნება ითვლებოდა. დღეს, როდესაც სნეიდერისა და რობენის თამაშს უყურებ, გრძნობ, რომ ჰოლანდიურ ფეხბურთს წინ კიდევ დიდი მომავალი აქვს. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს...
 ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ქართულ არასპორტულ გაზეთში ჰოლანდიურ ფეხბურთთან დაკავშირებით, სრული მარაზმი წავიკითხე. მოკლედ, ერთ-ერთი ქართველი ფსევდოხელოვანი, ჩვენთან ”ცნობად სახედ” რომ მოიხსენიებენ, გაზეთთან ინტერვიუში გასული მსოფლიოს ჩემპიონატის პერიპეტიებზე საუბრობდა. ცხოვრებაში ათასი აბსურდული და ბოდვანარევი სისულელე წამიკითხავს, მაგრამ ის რაც ამ ”ცნობადმა სახემ” ვითომდა ხუმრობით ჰოლანდიური ფეხბურთის მისამართით თქვა, ყოველგვარ სიშტერეზე მაღლა დგას. თურმე ნუ იტყვით და, რაკი ჰოლანდიის ნაკრებმა თავისი ისტორიის მანძილზე  მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი ფინალი წააგო, ”ჰოლანდიის ნაკრების ქართველი ქომაგები უნდა მიხვდნენ, რომ ამ გუნდის გულშემატკივრობაში არაფერი ყრია და იმ გუნდებს უქომაგონ, რომლებსაც ჩემპიონობის მოპოვება არ უჭირს”. წინამდებარე სიტყვები მბრჭალებში შემთხვევით არ ჩამისვამს, რადგან აღნიშნული ინტერვიუდან ამოღებული ციტატა გახლავთ. და რა გამოდის? ადამიანები რომლებიც შვედეთს, ხორვატიას, და ან თუნდაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ქომაგობენ სულელები არიან? ამ გუნდებს ხომ არასოდეს ღირსებიათ უპირველესი საფეხბურთო ჯილდოს ხელში დაჭერის ბედნიერება. გამოდის, რომ მსოფლიოს ჩემპიონი 8 გუნდის გარდა, ფეხბურთი სხვებმა აღარ უნდა ითამაშონ. თან მითუმეტეს, როდესაც ამ ”სხვებში” იგულისხმება ჰოლანდია. ქვეყანა, რომელიც დიდი ტალანტების უპირველესი სამჭედლოა და ქვეყანა, რომელმაც დიდ იოჰან კრუიფს დაურწია აკვანი. არ იფიქროთ, რომ ნახსენები ”ცნობადი სახის” ვინაობას იმიტომ არ ვწერ, რომ ვინმეს ან რაიმეს ვერიდები. Aნდა, საერთოდ რა ”მორიდებაზეა” ლაპარაკი, როდესაც ”ცნობადი სახის” უცნაური ”ტიტულის” მქონე ადამიანთან გვაქვს საქმე. მისი ვინაობის არდასახელების მიზეზი მხოლოდ ის გახლავთ, რომ თქვენი მონა-მორჩილი მკაცრად ვიცავ ერთ არცთუ ძველ შეგონებას და კარგად ვიცი, რომ ”ბეღურას ზარბაზანი არ უნდა ვესროლოთ!”.  
 რა იქნებოდა მსოფლიო ფეხბურთი ნიდერლანდების გარეშე. მხარე ფენომენალური ტალანტებისა და დიდი სტრატეგოსებისა. მხარე, სადაც ფეხბურთიც ისეთივე ფერადოვანია, როგორც ცხოვრება ნიდერლანდელებისა, სამშობლო, გადარეული ედგარ დავიდსისა და ერთი შეხედვით, ცივსახიანი ვან დერ სარისა, რომელიც არ დაიჯერებთ და, წაგებული მატჩების შემდეგ, საკუთარ ბალიშს ძილის წინ ცრემლით ასველებს...
 ისე კი, ის სამი წაგებული ფინალი ჰოლანდიელებს გულსა და გონებას მართლაც რომ გვარიანად უმღვრევს. სამი ფინალი, როდესაც შეკერილი ათასობით სამფეროვანი დროშა სამგლოვიაროდ დაეშვა ძირს. ალბათ, არსებობენ ჰოლანდიის ნაკრების ისეთი ქომაგები, რომლებმაც იმის იმედიც საბოლოდ დაკარგეს, რომ საყვარელი გუნდის გაჩემპიონებას ოდესმე ეღირსებიან. ჩვენ ბუნებრივია, უნდა გვესმოდეს მათი ნიჰილიზმის მიზეზებიც, მაგრამ მე მჯერა, უფრო სწორად კი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად მოვესწრებით იმ დღეს, როდესაც ისტორიული სამართლიანობა იზეიმებს და მსოფლიო თასი ნიდერლანდელების ხელში გაიბრჭყვიალებს. როცა იქნება, ეს აუცილებლად მოხდება! ეს გარდაუვალია!

ლევან სეფისკვერაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09574