დაგვღალეს, გამოგვხრეს, შეგვჭამეს, აგვაფეთქეს... დიდ ტალანტად დასახული ბრაზილელი ახალგაზრდა ფეხბურთელის – ნეიმარის ბედითა თუ უბედობით ლამის მთელი ჩვენი პლანეტა სწუხს და არა და არ დაადგა საშველი მის ევროპაში წამოსვლას. ამასწინათ, დავითვალე და ბოლო 2 წლის განმავლობაში, ევროპელი ჟურნალისტები ამ ბრაზილიელი ყმაწვილის ბედს ერთბაშად თორმეტ ევროპულ კლუბთან აკავშირებდნენ. ნეიმარის ტალანტს არამც და არამც არ ვაყენებ ეჭქვეშ და ვიდეოკადრებიც მეტყველებს იმაზე, რომ მართლაც შეუძლია ამ ყმაწვილს ევროპაში კარგად თამაში, მაგრამ ნეიმარის გარშემო აგორებულმა ჭორ-მართალმა მართლა ისე დამღალა, რომ როდესაც ამ ბიჭზე სადმე ინფორმაციას წავაწყდები, წაუკითხავად ვტოვებ, რადგან ნეიმარზე ხშირად ისეთი აბსურდული ამბები წაგვიკითხავს და მოგვისმენია, რომ გახსენებაც კი ნერვებს მოუშლის ადამიანს.
დიდი და ხმაურიანი აჟიოტაჟი ჯერ აქამდე არც ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს არ მოუხდენია და როგორც წესი, დიდ ხმაურს დიდი იმედგაცრუებაც სდევს ხოლმე თან, რაც ყველაზე შემაშფოთებელია. ამ ყველაფრის (აჟიოტაჟის, ამბის გაბუქების..) თავი და თავი კი, რა თქმა უნდა, ინგლისელი ჟურნალისტები არიან, რომლებმაც თუ ყბა მოაღეს, ბუზს სპილოდ მოგაჩვენებენ და დაგარწმუნებენ, რომ ლეო მესის ფეხბურთში იმის მეათედიც კი არ გაუკეთებია, რაც თავის დროზე ენდი ჰინჩკლიფმა და დევიდ ბექჰემმა გააკეთეს. არ დაგიმალავთ და, ხშირად არცთუ სასიამოვნოდ გავუოცებივარ ბრიტანელი ჟურნალისტების მეტად უცნაურ მიდგომებსა და “უდიდეს ნიჭს”, რომელიც ხშირად აბსურდის გაპიარებაში გამოიხატება. ერთი ჩაიჩურჩულა თუ არა აბრამოვიჩმა – ”ნეიმარს ჩემს გუნდში სიამოვნებით ვნახავდიო” _ ინგლისში ისეთი ყაყანი ატყდა, რომ თავსა და ბოლოს ვერ გაიგებს კაცი. ათასი ჯურის ექსპერტების ვარაუდები ვარაუდებად, მაგრამ გამოჩნდა ხალხი, რომლებიც ყელის ძარღვების დაჭიმვამდე ირწმუნებიან, რომ ნეიმარი ევროპაში ლეო მესის ”ერთპიროვნულ დიქტატურას” აუცილებლად ”დაამხობს” და უკვე იმაზეც კი მსჯელობენ, გამოკვეთილ თავდამსხმელად სჯობს ნეიმარის დაყენება თუ გამთამაშებლად.
უფრო ძველი ამბები რომ გავიხსენოთ, ყველას კარგად გვახსოვს ჯერ მაიკლ ოუენის, შემდეგ პიტერ კრაუჩისა და აარონ ლენონის გარშემო ატეხილი გაწამაწია. სამივე ამ ფეხბურთელმა სხვადასხვა პერიოდში მართლაც ითამაშა (და ახლაც თამაშობენ) დიდი ფეხბურთი და ბექჰემი ხომ საერთოდ მეგა-ვარსკვლავადაც კი ითვლება, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა და ხდება იმის პარალელურად, როდესაც ევროპის სტადიონებზე (დიდ ზიდანზე, ფიგუსა და რონალდოზე რომ არაფერი ვთქვათ) მართლაც რომ დიდი, მაგრამ რატომღაც ყველასგან მივიწყებული თავდამსხმელი – ბრაზილიელი მარიო ჟარდელი დარბოდა და იმდენი გოლი გაჰქონდა, სათვალავი რომ აერევა კაცს. მაგრამ ვინმე გაიხსენებთ, ბოლოს როდის გაიგეთ რამე ამ კაცის შესახებ და საერთოდ, როდის და სად დაანება ფეხბურთს თავი ჟარდელმა?! ჟარდელის ერთადერთი ”დანაშაული” მხოლოდ ის გახლავთ, რომ მან ინგლისის პრემიერლიგაში ფეხი ვერ მოიკიდა – მერე რა, რომ “ბოლტონ უონდერერსში” მხოლოდ შვიდ მატჩში გააგორა ბურთი?
სანამ მთავარ სათქმელს ვიტყოდეთ, მანამდე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ფაქტი, რომ დღესდღეობით, ინგლისის პრემიერლიგა უპირველესია ეროვნულ პირველობებს შორის. უპირველესია, როგორც სპორტული პირველობა და როგორც ფინანსურად ყველაზე მეტად წელგამართული ბიზნეს-პროექტი. დღეს პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების დიდი ნაწილის კლასი ეჭვს ნამდვილად არ იწვევს და არც ინგლისელი ქომაგების ფეხბურთისადმი სიყვარული აიწონება. მაგრამ, სანამ ინგლისური საკლუბო ფეხბურთი ამ სიმაღლეებს წაეპოტინებოდა, მანამდე, ბრიტანული პრესის სახით, ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა უზარმაზარი პიარ-მანქანა, რომელიც ძალას არ ზოგავდა იმისათვის, რომ ყველაფერი ინგლისური (თვით მაისურების შეკერვის სტილიც კი) საუკეთესოდ და უპირველესად წარმოეჩინა. მაშინ, როდესაც იტალიაში ჩაწყობილ მატჩებზე გამოძიებას ატარებდნენ და დიდ კლუბებს რანგით დაბალ ლიგებში ერეკებოდნენ, ბრიტანული პიარ-მანქანა თავდაუზოგავად ქადაგებდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს: ინგლისი უპირველესია! და შედეგიც სახეზეა! მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ხშირად ღიმილისმომგვრელიცაა, ფაქტია, რომ მეთოდმა გაამართლა და ეს, ბოლო პერიოდში, ინგლისური კლუბების მიერ ნაჩვენები შედეგებითაც ნათლად ჩანს. სხვათა შორის, რუსული საინფორმაციო სივრცის მართვის სტილი, გაგიკვირდებათ და, ყველაზე მეტად სწორედ ბრიტანულს ჰგავს და ამით, ჩვენი ”ტკბილი მეზობლები” ხშირად ამაყობენ კიდეც.
და ბოლოს, მინდა დავსვა კითხვა, რომლის პასუხიც გამოგიტყდებით და, მე ნამდვილად არა მაქვს - ქვეყნისათვის რა უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოებისათვის სწორი სპორტული ინფორმაციის, ანუ სიმართლის პატიოსნად მიწოდება, თუ ყოველივე შენის უზომოდ გაბერვა და გაპიარება?
იქნებ, არც ისეა საქმე, როგორც ჩვენ გვგონია..
ლევან სეფისკვერაძე







