ინტერვიუები

17:59 | 9.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “საუკეთესო თვისებების გამოვლენა “ბარსელონასთან” წარმატების მისაღწევად საკმარისი არაა”

ბრაზილიის ნაკრებისა და “სანტოსის” 19 წლის ვარსკვლავისთვის, ნეიმარისთვის გასული კოპა ამერიკა უიღბლო გამოდგა. ფიფას ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში იგი არგენტინაში განცდილ მარცხს თავისებურად ხსნის და სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.

- რით ახსნით ბრაზილიის ნაკრების ფიასკოს კოპა ამერიკაზე? ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდით და ნახევარფინალამდე გასვლაც ვერ მოახერხეთ...
- თავის მართლებას არ მოვყვები, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ბრაზილიის წინააღმდეგ თამაშისას გუნდები ყრუ დაცვის ტაქტიკას მისდევენ და მხოლოდ იშვიათი კონტრშეტევებით ცდილობენ სასურველი შედეგის მიღწევას. ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ მაინც ვერ შევძელით ამგვარი ტაქტიკის წინააღმდეგ ეფექტური თამაში. სამომავლოდ ყველა ზომას ვიხმართ, რათა მოწინააღმდეგის ამ პრიმიტიულმა და გარკვეულწილად უღირსმა ჩანაფიქრმა დაბრკოლება არ შეგვიქმნას. იმედია, ბრაზილია დაცვითი თამაშის მოტრფიალე გუნდების მსხვერპლი აღარ იქნება.
- გასაგებია, რომ არგენტინაში ჩატარებულმა ტურნირმა არ გაგახარათ, მაგრამ როგორც ფეხბურთელს, კოპა ამერიკამ სასარგებლო არაფერი შეგძინათ?
- ეს ჩემი პირველი სანაკრებო ტურნირი გახლდათ და იგი არასდროს დამავიწყდება. არგენტინაში რამდენიმე დღით ყოფნისას ბევრი რამ ვისწავლე და გამოცდილებაც სათანადო შევიძინე. ცხადია, მარცხმა გული დამწყვიტა, მაგრამ ფეხბურთელი წარუმატებლობისგანაც იზრდება. ზუსტად იმ ასაკში ვარ, როდესაც უნდა გამოვიწრთო და ნებისმიერ სიტუაციაში ასპარეზობას გავუშინაურდე.
- ბრაზილიის ნაკრებისგან გულშემატკივრები ყოველთვის პირველობას ითხოვენ. რამდენად რეალურია მათი მოთხოვნა, როდესაც სადღეისოდ სელესაოში ახალგაზრდა მოთამაშეები ბლომად არიან?
- ნაკრები კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ამას ქომაგებიც თვალნათლივ ხედავენ. ჩვენი უმთავრესი საზრუნავი ახლა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატია. ტორსიდა აუცილებლად უნდა გავახაროთ. მას მხოლოდ პირველობა დააკმაყოფილებს და ფეხბურთელებიც მხოლოდ ამ მიზანს დავისახავთ.
- “სანტოსი” მშვენიერ შედეგებს აღწევს, ამასთან, გულშემატკივრებს თქვენი, განსოსა და გუნდის სხვა წევრების მაღალტექნიკური თამაში ხიბლავს. წლის მიწურულს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ჩატარდება და პეპ გვარდიოლას “ბარსელონას” წინააღმდეგ მოგიწევთ თამაში. როგორ გგონით, ლიბერტადორესის თასის მფლობელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის დამარცხება ხელეწიფება?
- კატალონელთა წინააღმდეგ თამაში დიდი გამოცდაა. “ბარსელონასთან” მატჩში მხოლოდ საუკეთესო თვისებების გამოვლენა წარმატების მისაღწევად საკმარისი არაა. თუკი იღბალმა მოწყალე თვალით არ გადმოგვხედა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებაზე ფიქრიც კი ზედმეტია.
- “ბარსელონას” დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც მისი მოწინააღმდეგე აქცენტს მჭიდრო დაცვაზე, აგრეთვე, სტანდარტული სიტუაციებისა და კონტრშეტევების ეფექტურად გამოყენებაზე აკეთებს. დეკემბრის მიწურულს “სანტოსი” საამისოდ მზად იქნება?
- მთავარია, “ჩვენი” ფეხბურთი ვაჩვენოთ. ამ შემთხვევაში, წარმატებაზე ოცნებაც შეიძლება. მაგრამ ჯერ ნახევარფინალის მოგებაა აუცილებელი და მთელი ენერგია ამ მიმართულებით უნდა დავხარჯოთ. როდესაც გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლებას დავიბევებთ, “ბარსელონას” წინააღმდეგ ასპარეზობის კონკრეტულ გეგმასაც შევიმუშავებთ. კატალონელთა რიგებში პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს და სწორედ ლეო მესის განეიტრალება იქნება “სანტოსის” უმთავრესი საზრუნავი.  
- მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება უკვე მოპოვებული გაქვთ. მუნდიალის მასპინძლის სტატუსი სელესაოსთვის სასარგებლოა თუ შესარჩევ ტურნირში მონაწილეობა ოთხწლეულის უმთავრესი შეჯიბრებისთვის მომზადების მნიშვნელოვანი ფაქტორია?
- მოხარული ვარ, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის შესაძლებლობა რომ მეძლევა. თანაც, მუნდიალი სამშობლოში ჩატარდება და ყოველმხრივ შევეცდებით, გულშემატკივარს ის სიმწარე არ განვაცდევინოთ, რაც მან 1950 წელს ურუგვაისთან მატჩის შემდეგ მიიღო. ჩემთვის კი უდიდესი პატივია, რომ მომავალი მუნდიალის სარეკლამო კამპანიაში ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდიგვერდ ვმონაწილეობ, როგორებიც რონალდო, კაფუ და ზიკო არიან.

გოჩა კაჭარავა


მინაწერი - ნეიმარი და ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი

0.095491