კალათბურთი

11:44 | 7.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეით ბოუი ზაფხულს ბავშვებს უძღვნის

წარმატებულად ჩატარებული სეზონის შემდეგ, საკალათბურთო კლუბ „რუსთავის“ ამერიკელი გამთამაშებელი ნეით ბოუი ქველმოქმედების მიზნით სამშობლოში ბრუნდება. ბოუიმ გადაწყვიტა, ბავშვებს გაუზიაროს თავისი გამოცდილება და მათთვის თავის ქვეყანაში საზაფხულო ბანაკი მოაწყოს.

ბოუი მაქსიმალურად გაიხარჯა 2012-13 წლების სეზონის სუპერლიგაში და ოფიციალური სტატისტიკით საუკეთესო მოთამაშეთა შორის მოიხსენიება. მან ამ სეზონში ყველაზე მეტი ქულა (23 თამაშში 502 ქულა) დააგროვა, ასევე იყო რეკორდსმენი ერთ თამაშში მოპოვებული ქულებით – „სოხუმის“ წინააღმდეგ 49 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს. ის ასევე მთელი სეზონის განმავლობაში შედეგიანი პასების მხრივაც ლიდერი იყო. მიუხედავად დაბალი სიმაღლისა, ჩატარებულ 23 თამაშში, მას 103 მოხსნა მოუხვეჭავს, ამასთან 63 ჩაჭრა და 107 პასიც. ერთი სიტყვით, „რუსთავისთვის“ შედეგიანი შენაძენი იყო.

ბოუი ჯერ დარწმუნებული არაა, თუმცა არ გამორიცხავს საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ მანამ, სანამ მოიფიქრებს, უკვე აქვს საზაფხულო გეგმები. მან გადაწყვიტა, სამშობლოში საბავშვო ბანაკი გახსნას და დამწყებ კალათბურთელებს თავისი გამოცდილება გაუზიაროს. ოლქს უაიანდოტი ჰქვია, ის აერთიანებს კანზასის შტატის რამდენიმე ქალაქსა და შტატის მთავარ ქალაქ კანზას სიტის.

„უაიანდოტი სავსეა კრიმინალით და გაჭირვებით. ბავშვებს აქ მიზანდასახულობა და ამბიციები აკლიათ“, - ამბობს ბოუი. მან სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ ამ ბავშვებში გაზარდოს მიზანდასახულობის გრძნობა და გამოცდილება გაუზიაროს. „ზოგადად, ასეთი ადამიანებისთვის ცნობილთა მხრიდან მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იშვიათად ხდება, რომ ადამიანი, როცა ცნობილი ხდება, მშობლიურ მხარეს დაუბრუნდეს და ხალხს ის სიკეთე გადაუხადოს, რაც მათ თავის დროზე გაუკეთეს. ჩვენს მხარეს ბევრი ცნობილი ადამიანი აღუზრდია, მაგრამ ისინი უკან არ დაბრუნებულან, თუნდაც მინიმუმი რომ გაეკეთებინათ ბავშვებისთვის. მომავალი თაობა ერთადერთია, რაც გაგვაჩნია და მინდა მათ იმით დავეხმარო, რაც შემიძლია, ამ შემთხვევაში კალათბურთის სწავლებას ვგულისხმობ. როცა პატარა ვიყავი, არცერთ ცნობილ ადამიანს და პროფესიონალ კალათბურთელს არ მოსვლია თავში აზრად, დამხმარებოდა ცოდნის გაუმჯობესებაში. მე და ჩემი მეგობრები, მათ შორის კეი ბუ რიჩარდსონი, რომელიც ამ სეზონში ბოსნიაში თამაშობდა, ვაპირებთ ვუმასპინძლოთ საზაფხულო ბანაკს ბავშვებისთვის და მათ ჩვენი ცოდნა გავუზიაროთ. სასწავლებელ ადგილად ავარჩიეთ სკოლა, სადაც მამაჩემი მუშაობს, მაგრამ ბავშვებს მივიღებთ მთელი უაინდოტიდან. გოგოებსაც და ბიჭებსაც მესამედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით შეუძლიათ მონაწილეობა. არანაირი სპეციალური შერჩევა არ იქნება, ყველას შეეძლება წამოსვლა. დაახლოებით 75-დან 100 ბავშვამდე ველით. უკვე შერჩეული გვაქვს სკოლა და ტერიტორია, სადაც ეს ბანაკი განთავსდება. ნაპოვნი გვყავს სპონსორი, ვისი ლოგოც ბავშვებისთვის დასარიგებელ მაისურებზე იქნება გამოსახული. ნებართვა და ყველა საჭირო დოკუმენტი მზად გვაქვს. ასევე ვიცით, რა პასუხისმგებლობა გვეკისრება და აბსოლუტურად მზად ვართ ამისთვის“, - აცხადებს ბოუი.

ბოუი ძალიან ბედნიერია და მისთვის დიდი პატივია, რომ შეძლებს აჩვენოს ბავშვებს ის, რაც არასდროს უნახავთ და განუცდიათ. მისი აზრით, ძალიან დიდი სულგრძელობაა, როდესაც შეგიძლია გასცე რაღაც ფასეული და ამას ორგანიზებას გაუწევ, სწორედ ამან უბიძგა მას ამ ბანაკის მოწყობისკენ. „არაფერი შეედრება ბედნიერი ბავშვების ყურებას, ეს უბრალო ბანაკი არ იქნება, მე და კეი ბავშვებს კვების სპეციალურ რაციონს შევურჩევთ და სპეციალურ სასმელებს დავალევინებთ, რათა უკეთ გამოავლინონ შესაძლებლობები და ენერგია შეემატოთ. რიჩარდ რივერა დიზაინერია, რომელმაც მაისურები მონაწილეთათვის შექმნა და ჩვენ ამასაც უფასოდ დავურიგებთ ბავშვებს. ბანაკს ერქმევა „პრაქტიკული სწავლება და ხტომები“ (Live Learn and Hoops combine with Hoop Dream). მე და კეი ვიმედოვნებთ, რომ საკმარისი მხარდაჭერა გვექნება, რათა ბავშვების ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები შევიტანოთ. იმედია, ჩვენი მცდელობა სასიკეთოდ წაადგება ბავშვებს და მათ ნეგატიურ ფიქრებს პოზიტიურით ჩაანაცვლებს.

სამწუხაროდ, ნეით ბოუი ქართველი ბავშვების მომავალზეც ზრუნავს თვით ქართველებზე მეტად. როგორც ამბობს, კონტაქტები რომ ჰქონდეს და აქაურ სისტემაში კარგად იყოს გათვითცნობიერებული, ქართველი ბავშვებისთვისაც გააკეთებდა მსგავს ბანაკს. რუსთაველი ბავშვებისგან დიდ მხარდაჭერას და სიყვარულს გრძნობს და დიდი სიამოვნებით გადაუხდიდა სიკეთით. „ბევრია, ვისაც ძალიან უყვარს კალათბურთი, მაგრამ არ ახვევია გარშემო საჭირო ადამიანები, ვინც მათ შემართებას და თავდაჯერებას შემატებს და ასწავლის. დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი მსგავს ბანაკს რუსთავში და გავახარებდი ბევრ აქაურს“, - ამბობს ბოუი. მან ძალიან დიდი აღტაცებით გაიხსენა პატარა რუსთაველი ბიჭი, რომელსაც „რიბოკის“ ბოტასები აჩუქა. როგორც ამბობს იმ ბედნიერი სახის დანახვის ფასი ქვეყნად არაფერი არსებობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092313