იყო დრო, მალხაზ ასათიანი და ნემანია ვიდიჩი რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მცველებად ითვლებოდნენ. იყო სეზონი, როცა ქართველმა სერბს აჯობა და პრემიერლიგის რჩეული მცველი გახდა, მაგრამ “ვიდა” მალევე “სპარტაკიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა და ორჯერ (2009, 2011) გახდა ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, მალხაზი კი, სამწუხაროდ, რუსეთს ვერ გასცდა და ახლა უკვე კარიერა დასრულებული აქვს.
ვიდიჩმა ფიფა-ს საიტთან ინტერვიუში სხვადასხვა თემებზე ისაუბრა: სანაკრებო კარიერის დასრულებაზე, ალექს ფერგიუსონის ფენომენზე, “ბარსელონას” სიდიადეზე, სამწვრთნელო პერსპექტივაზე... გეცოდინებათ, ჯანმაგარი სერბი დაშავებულია და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს, ვარჯიშს მხოლოდ ივლისში დაიწყებს.
- სეზონის პირველ ნახევარში საუცხოოდ თამაშობდით და ფიფა/ფიფპრო-ს სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდით. რას ნიშნავს თქვენთვის ეს აღიარება?
- ვფიქრობ, ეს საუკეთესო ინდივიდუალური ჯილდოა, რომელიც შეიძლება ისურვო. კოლეგები რომ გაღიარებენ, ამაზე კარგი არაფერია. სიტყვებით ვერ აღგიწერთ. თითქოს ოცნება ამიხდა.
- შეგიძლიათ, სერ ალექსის 26-წლიანი წარმატებული კარიერის საიდუმლო გვითხრათ? რას აკეთებს ასე განსაკუთრებულს?
- მისი გამოცდილება და ცოდნა, ასევე ტიტულები, ყველაფერზე მეტყველებს. ვფიქრობ, უზარმაზარი ცოდნის წყალობით ახერხებს ფეხბურთელებთან ფანტასტიკურ დამოკიდებულებას. ის მართლაც უნიკალურია. 25 წელი ერთ გუნდში და უამრავი ტიტული – ამის განმეორება წარმოუდგენელიცაა.
- თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია? მუხლის ტრავმას როდის მოირჩენთ?
- ყველაფერი კარგად მიდის. თანდათან იგრძნობა უკეთესობა. რა თქმა უნდა, ამ სეზონში ვეღარ მოვახერხებ თამაშს, მაგრამ მომდევნო სეზონში მწყობრში ვიქნები – ისეთში, როგორშიცც ტრავმამდე ვიყავი.
- საუკეთესო თანაგუნდელი და საუკეთესო მეტოქე – შეგიძლიათ, ისინი დაასახელოთ?
- თანაგუნდელი, უდავოდ, კრიშტიანუ რონალდუა. რაც შეეხება ყველაზე ძლიერ მეტოქეს, ეს “ბარსელონაა”. ფეხბურთელი? ძალიან რთულია ლეო მესის წინააღმდეგ თამაში. მთელი გუნდი, ხავისა და ინიესტას ჩათვლით, აღტაცებას იწვევს.
- “ბარსელონა”, ალბათ, საუკეთესო გუნდია. როგორ ახერხებს ასეთ დონეზე თამაშს?
- ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მათთვის წინააღმდეგობის გაწევა ჭირს, გამოკვეთილი ცენტრფორვარდის გარეშე თამაშია. ისინი მთელ მოედანზე აგორავებენ ბურთს, რაც მეტოქეს აბნევს. თანაც, “ბარსას” ყველა ფეხბურთელი საოცრად ტექნიკურია და თამაშის აზრს კითხულობენ. მათ ზუსტად იციან, რას აკეთებენ და ასე თამაშობენ წლების განმავლობაში. მეტოქემ იცის “ბარსას” სტილი, მაგრამ მაინც ვერაფერს ახერხებს. ისღა დაგვრჩენია, რომ ვაღიაროთ - ეს დიდი გუნდია!
- მესის წინააღმდეგ არაერთხელ გითამაშიათ. როგორია ეს მცველისთვის?
- უდიდესი ფეხბურთელია, თუმცა მარტო არაა. გვერდში ჰყავს ხავი, ინიესტა... ვფიქრობ, დღევანდელი “ბარსელონა” ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. მესი კი ფანტასტიკური და განსაკუთრებულია, რომელმაც ეს სტატუსი თავისი გოლებით, თამაშით და ტიტულებით მოიპოვა.
- სერბეთის ნაკრებიდან წახვედით. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა თუ კიდევ შეიძლება, რაიმე შეიცვალოს?
- დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე. ეს რთული იყო, მითუმეტეს, როცა ყველას წინაშე უნდა გამოაცხადო. თუმცა, გადაწყვეტილება მიღებულია და აღარ შევცვლი. ყოველთვის მზად ვიქნები სერბეთის ნაკრების დასახმარებლად, გუნდს გვერდით დავუდგები და გავამხნევებ, რჩევებს მივცემ, თუმცა, ამ ეტაპზე უპრიანი იქნებოდა, რომ ახალგაზრდებისთვის დამეთმო გზა. 10 წელი ვითამაშე ნაკრებში, ახლა კი დროა, სხვებს მიეცეთ შანსი. დარწმუნებული ვარ, ჩემი შემცვლელები არიან. და ასევე მჯერა, რომ სერბეთი 2014 წლის მუნდიალზე მოხვდება.
- კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში დარჩებით? თუნდაც მწვრთნელად…
- ხანდახან ვეკითხები საკუთარ თავს: “რას გააკეთებ, როცა თამაშს შეეშვები?”. სრულიად შესაძლებელია, რომ ფეხბურთში დავრჩე. შესაძლოა, მწვრთნელის როლშიც მოვსინჯო თავი, თუმცა ჯერ ვთამაშობ და ვფიქრობ, კიდევ ბევრის მიცემა შემიძლია გუნდისთვის. მომავალზე დასაფიქრებლად დრო კიდევ მექნება. ფეხბურთი ძალიან მიყვარს და მჯერა, ამ სფეროში დავრჩები. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა – განა, ასე არაა?
ილია ნანობაშვილი







