ინტერვიუები

14:32 | 12.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნემანია ვიდიჩი: “სერ ალექსის მემკვიდრეზე საუბარი ნაადრევია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” სერბმა კაპიტანმა ნემანია ვიდიჩმა ინტერვიუ მისცა FourFourTwo-ს და გამოცემის ჟურნალისტთან საუბრისას როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო თემებზეც ისაუბრა.

 
- 2011 წლის ოქტომბერში სერბეთის ნაკრებიდან წასვლის თაობაზე გააკეთეთ განცხადება. მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა. ხომ არ თვლით, რომ ეროვნული გუნდიდან ნაადრევად წახვედით?
- ამგვარი გადაწყვეტილება ადრე თუ გვიან უნდა მიმეღო და დღესაც კი ძალიან ძნელი სათქმელია, ვიჩქარე თუ არა. ნებისმიერ ფეხბურთელს უჭირს ზუსტად იმ დროის განსაზღვრა, როდის უნდა დასვას სანაკრებო გამოსვლის წერტილი. ჩემი აზრით, ასაკოვანმა ფეხბურთელებმა ახალგაზრდა, პერსპექტიულ და ნიჭიერ მოთამაშეებს ადგილი დროულად უნდა დაუთმონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი დაოსტატება შეფერხდება. სებეთის ნაკრების ღირსებას 10 წლის განმავლობაში ვიცავდი, არაფერი დამიზოგავს მისი წარმატებისთვის, ახლა კი დროა თავი სხვა ფეხბურტელებმა გამოიჩინონ. სერბებს კარგი ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს. მაგალითისთვის მატია ნასტასიჩს დაგისახელებთ, რომელიც “მანჩესტერ სიტის” წევრია.
- მარტში სერბეთს პრინციპული შესარჩევი მატჩის ჩატარება მოუწევთ ხორვატიის ნაკრებთან. არ გაქვთ სურვილი ამ შეხვედრაში მიიღოთ მონაწილეობა?
- მიუხედავად იმისა, სერბებმა მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლი წარუმატებლად დავიწყეთ, აქტივში მხოლოდ 4 ქულა გვაქვს და ხორვატიასა და ბელგიას 6-6 პუნქტით ჩამოვრჩებით, პერსპექტიული ეროვნული გუნდი გვყავს და თამაშის გაძლიერების შესაძლებლობაც გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ნაკრებს წინ კარგი მომავალი ელის. მე კი ეროვნულ გუნდში გამოსვლა დავასრულე და ამიერიდან მხოლოდ გულშემატკივრის სტატუსით თუ დავეხმარები ჩვენებს. სერბეთი-ხორვატია? ეს მატჩი სანახავადაც მშვენიერი საცქერი იქნება და მასში მონაწილეობის მიღებაც საინტერესოა, მაგრამ მე მინდორზე გასულს ვერ მნახავთ. იმედი მაქვს ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების და მჯერა, ისინი გაგვახარებენ.
- ახალგაზრდა ფეხბურთელები “მანჩესტერ იუნაიტედშიც” ირიცხებიან. მათგან რომელ მოთამაშეს გამოარჩევთ?
- ჩვენი გუნდის რიგებში არაერთი მაღალი პოტენციური შესაძლებლობების ფეხბურთელი ირიცხება. რომელიმე მათგანის გამოყოფა კი არ მსურს. ვფიქრობ, მასმედია ზოგიერთი ახალგაზრდა მოთამაშის შექებით მათ დათვურ სამსახურს უწევს. დამწყებმა მოთამაშეებმა ბევრი უნდა იშრომონ, რათა იმდენს მიაღწიონ, რა სიმააღლეებიც “მანჩესტერ იუნაიტედის” წინა თაობებმა მიაღწიეს. მოდით, ნუ ვიჩქარებთ ახალგაზრდების შექებით და დარიგებით შევუწყოთ ხელი მათ შემდგომ დაოსტატებას.
- სერ ალექს ფერგიუსონზე რას იტყვით, დადგა დრო შოტლანდიელი სპეციალისტი რომელიმე დამრიგებელმა შეცვალოს?
- ის რაც ალექს ფერგიუსონმა გააკეთა, სხვებისთვის ლამის წარმოუდგენლად ჩანს. “მანჩესტერ იუნაიტედი” სტაბილურობით გამოირჩევა, ზოგიერთი მოთამაშე უკვე 10 წელზე მეტია, რაც ფერგიუსონის დამრიგებლობით თამაშობს. მთავარი მწვრთნელის ცვლილება სარისკო ნაბიჯია. ჩემი აზრით, ჯერჯერობით სერ ალექსის მემკვიდრეზე საუბარი ნაადრევია. მით უმეტეს, ფერგიუსონი დღესაც მშვენივრად უძღვება “მანჩესტერ იუნაიტედს”.
- კარიერის განმავლობაში არაერთ მაღალი კლასის მცველთან ერთად გითამაშიათ. რომელ მათგანს თვლით საუკეთესოდ?
- დაუფიქრებლად მოგახსენებთ – რიო ფერდინანდი ჩემი საუკეთესო პარტნიორია. მასთან ერთად უკვე 7 წელია ვთამაშობ და ერთობლივად ბევრ წარმატებასაც მივაღწიეთ გუნდთან ერთად. მე და რიოს ერთმანეთს კარგად პირველივე ერთობლივი ვარჯიშის დროს გავუგეთ, ეს კი უკანახაზელთათვის მეტად მნიშვნელოვანია. ცენტრალურ მცველებს სხვადასხვა სათამაშო შეხედულებები რომ ჰქონდეთ, ერთობლივი წარმატებული გამოსვლა არ გამოუვათ.
- საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმეში ხომ არ მოსინჯავდით ავს?
- როდესაც აქტიურ საფეხბურთო კარიერას დავასრულებ, მწვრთნელობას ან მენეჯერობას ვაპირებ. სადამრიგებლო პროფესია ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ თამაშზე ვფიქრობ.
 
გოჩა კაჭარავა
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.106676