"ვიტ ჯორჯიამ" ჩემპიონატის ბოლო ტურები კარგად რომ ჩაატარა და გავარდნის საფრთხე თავიდან აიცილა, დიდწილად მეკარე ნიკა დაუშვილის დამსახურებაცაა.
"მსოფლიო სპორტი" 23 წლის დაუშვილს ესაუბრა:
- გასულ სეზონში თქვენი თამაშით კმაყოფილი დარჩით?
- ყველა მატჩი ჩავატარე, ზოგიერთმა დიდწილად ჩემს კისერზე გადაიარა, საქმე არ გამომლევია და მთლიანობაში, უკმაყოფილო არ ვარ. გუნდის თამაშს რაც შეეხება, კარგად დავიწყეთ, გორის “დილას" მოვუგეთ და კიდევ რამდენიმე კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ექვსეულში ვერ მოვხვდით და უმაღლესში ადგილის შენარჩუნებას ვცდილობდით. ერთი პერიოდი ძალიან გაგვიჭირდა და ბევრს ეგონა, რომ გავარდნას ვერ გადავურჩებოდით, მაგრამ ბოლო 5 ტურში 4-ჯერ მოვიგეთ.
- რომელ მატჩს გამოარჩევდით?
- პირადად ჩემთვის, ალბათ, თბილისის "დინამოსთან" მცხეთაში გამართულ შეხვედრას, რომელიც 1:1 დასრულდა. თუნდაც გორის "დილასთან" მოგებას.
- თუმცა, უკეთესადაც გითამაშიათ...
- ეს 2011-2012 წლების სეზონში, "სიონთან". იქ მართლაც ძალიან კარგად ვითამაშე. 0:0 დამთავრდა და რამდენი რთული ბურთი ავიღე, არც მახსოვს.
- რა არის თქვენი, როგორც მეკარის, დადებითი და უარყოფითი მხარეები?
- დადებითად მივიჩნევ ფეხით თამაშს, გამოსვლაზე მოქმედებას. უარყოფითზე კი ვმუშაობ. ჩვენი მეკარეების მწვრთნელი ლევან აბაშიძე თავისი საქმის პროფესიონალია, ყველაფერს კარგად და დეტალურად მიხსნის.
- "ვიტ ჯორჯიას" სხვა კლუბებივით დაშლის საფრთხე არ შექმნია, მაგრამ არც შესაშური ფინანსური სიტუაცია აქვს. კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის დასრულების შემდეგ გესაუბრათ იმაზე, თუ როგორი იქნება გუნდი მომდევნო სეზონში და რა მიზნები ექნება?
- დიახ, კრება გაიმართა და ითქვა, რომ სახელმწიფო დაფინანსებას ელიან. თუ ეს თანხა შემოვა, "ვიტ ჯორჯია" მართლაც კარგი გუნდი იქნება. "ვიტ ჯორჯია" საქართველოს 2-გზის ჩემპიონია, ევროტურნირებზეც რეგულარულად გადიოდა და იმედია, ძველებურად ათამაშდება. ისე, ძალიან საწყენია, რომ საქართველოში კლუბები ასეთ დღეში არიან.
- როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, თქვენი მიზანიც ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა იქნება...
- რა თქმა უნდა. ჯერ ადრეა, მაგრამ მიზანიც სწორედ ესაა, რომ ნაკრების კარი შევაღო. სხვათა შორის, ლევან აბაშიძემ მითხრა, რომ გარკვეული ინტერესი ყოფილა ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან და ვნახოთ. მთავარია, კიდევ მოვუმატო და იმედია, გარჯა დამიფასდება.
- საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო მეკარედ ვის მიიჩნევთ?
- ვფიქრობ, გიორგი ლორია უდავოდ საუკეთესოა. არა მხოლოდ საქართველოში, ლორია ევროპაშიც კი ერთ-ერთი უძლიერესია. სხვა კარგი მეკარეებიც არიან: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი... ძალიან მომწონს "გაგრას" მეკარე ბეგაშვილიც. საერთოდ, მეკარეების კარგი თაობა წამოვიდა.
- თავდამსხმელებიდან ვის გამოარჩევთ? მეკარისთვის ეს უფრო იოლი შესაფასებელია.
- საუკეთესოდ ჩისკოს მივიჩნევ. ასევე, ჯაბა დვალი და ბესიკ ჩიმაკაძე. მათთან მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო.
ბადრი კეთილაძის ფოტო









