საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველ ნიკა ძალამიძეს მოსკოვის ცსკა-სთან ერთსეზონიანი იჯარა დაუსრულდა და ზუგდიდის “ბაიაში” ვარჯიშობს – კლუბში, რომელსაც ეკუთვნის. გადაწყვეტილი ისაა, რომ ძალამიძე ცსკა-ში აღარ დარჩება, ხოლო სად გააგრძელებს კარიერას, ეს გაურკვეველია.
“მსოფლიო სპორტი” ძალამიძეს ზუგდიდში დაუკავშირდა:
- როგორც ვიცით, “ბაიაში” ვარჯიშობთ. რა გეგმები გაქვთ?
- სატრანსფერო ფანჯრის გახსნას ველოდები და მერე გაირკვევა. ცსკა-ში აღარ დავრჩები, ეს ვიცი.
- თავად ცსკა-მ თუ შემოგთავაზათ ახალი ხელშეკრულება?
- კი, შემომთავაზეს, მაგრამ ისევ დუბლებში უნდა მეთამაშა, რაც არ მაწყობდა.
- მოგვიყევით ცსკა-ში გატარებულ პერიოდზე – რამდენად წაგადგათ იქ თამაში და რამდენად გაიზარდეთ როგორც ფეხბურთელი?
- კარგი სკოლა იყო. რაც უნდა იყოს, საქართველოს ჩემპიონატს სჯობს. ცსკა-ს მთავარ გუნდში სულ 2 ამხანაგური მატჩი ჩავატარე, დუბლებში კი რეგულარულად მიწევდა თამაში. ცუდია, რომ პირველ გუნდში ვერ მოვეწყვე. არადა, ძალიან მინდოდა.
- რატომ ვერ მოეწყვე?
- იყო სხვადასხვა მიზეზები, რაზეც არ მინდა საუბარი.
- ცსკა-ში ატმოსფერო არ მოგწონდა?
- არა, კარგად მიმიღეს, მაგ მხრივ პრობლემა არაფერი ყოფილა.
- ახლა უცხოური გუნდებიდან ელოდებით შემოთავაზებებს თუ საქართველოში დარჩებით?
- არა, უცხოური ვარიანტები მაქვს.
- ვერ დააკონკრეტებთ?
- ჯერ მეც არ ვიცი ზუსტად და არასერიოზული საუბარი გამომივა.
ილია ნანობაშვილი









