ინტერვიუები

21:13 | 27.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ძალამიძე: “პოლონეთი დონით ვერ გაგაოცებს, მაგრამ კარგი ტრამპლინია”

ნიკა ძალამიძე ახალი თაობის ქართველი ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი გამორჩეულთაგანია და აკი, თემურ ქეცბაიამ ესპანეთთან ათამაშა კიდეც. პოლონური “იაგელონიის” 20 წლის ქართველი შემტევისთვის, ეს პირველი ოფიციალური მატჩი იყო ეროვნულ ნაკრებში.
კარგი გარღვევა, პასი, ცრუ მოძრაობები – ძალამიძეს ეს თვისებები აქვს და იმედია, ნელ-ნელა დაღვინდება. ჯერ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს.
“მსოფლიო სპორტი” ნიკას პოლონეთში დაუკავშირდა:
-    როგორ შეაფასებთ ექსტრაკლასას ამ სეზონში თქვენს თამაშს?
-    პოლონეთში ჯერ 5 ტურია გასული, 6 ქულა გვაქვს და მე-10 ადგილზე ვართ. ჯერ ყველაფერი ნორმალურად მიდის. რაც მთავარია, სტაბილურად ვთამაშობ, მწვრთნელი მენდობა. იმედია, უკეთესობა იქნება.
-    ყველა მატჩში უკანდაწეულ თავდამსხმელად თამაშობთ?
-    კი, წინ ერთი თავდამსხმელია და მე ვეხმარები. თავიდან სულ ასე ვიწყებ, მერე კი, ხან ფლანგზე ვინაცვლებ. გააჩნია, როგორი სიტუაციაა.
-    რა მიზანი აქვს “იაგელონიას” ამ სეზონში?
-    ხუთეულში გასვლა. ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება, ისე კი, გვსურს, რომ ევროტურნირებზე გავიდეთ.
-    რეალურად, ეს შეუძლია გუნდს?
-    “იაგელონია” ორი წლის წინ მეორე ადგილზე გავიდა და თასი მოიპოვა. არც ახლაა ცუდი გუნდი. ვფიქრობ, ხუთეულისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
-    პოლონეთის ჩემპიონატი რამდენად მოგწონთ? იოლად ერგებით?
-    ნორმალური დონის ჩემპიონატია. ვერ ვიტყვი, რომ საოცარი დონეა, მაგრამ კარგი ტრამპლინია ძლიერ ლიგაში გადასვლისთვის. შესაძლოა, აქ ერთი სეზონი მაგრად ჩაატარო და მაშინვე კარგმა გუნდმა აგიყვანოს.
-    თქვენს მიიმართ არაა რეალური ინტერესი?
-    იყო, მაგრამ ისევ პოლონეთიდან. ახლა, ჯერჯერობით არაა და დეკემბერში ვნახოთ. როცა სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, გაირკვევა.
-    ამასობაში, 21-წლამდე ნაკრებში გოლი გაიტანეთ (ესტონეთის კარში) და ეროვნულ გუნდშიც ითამაშეთ, თანაც, ესპანეთთან.
-    21-წლამდელებს კარგი გუნდი გვყავს. შესარჩევის ბოლო მატჩებში, ალექსანდრე ჩივაძე უკვე იმ ფეხბურთელებს გვათამაშებდა, რომლებსაც მომდევნო შესარჩევშიც შეგვიძლია გამოსვლა. კარგი გუნდი გვყავს და მჯერა, უკეთესი გვეყოლება. ჯერ მაინც შეთამაშება გვაკლია. ინტერესით ველოდები დეკემბერს, როცა ჯგუფში ჩვენი მეტოქეები გაირკვევიან.  
-    ესპანეთთან ბოლო ნახევარი საათი ითამაშეთ. რას იტყვით დებიუტზე? რა დავალება მოგცათ თემურ ქეცბაიამ?
-    ანგარიში 0:0 იყო და დაცვისთვის უნდა მიმექცია ყურადღება, ხოლო შეძლებისდაგვარად, კონტრშეტევებზეც მეფიქრა. სამწუხარია, რომ გაგვიტანეს, ფრის მიღწევა შეიძლებოდა.
-    დაცვაში არ გაგიჭირდათ? მითუმეტეს, მარჯვნივ იყავით და მეტწილად, ინიესტას წინააღმდეგ გიწევდათ თამაში.  
-    ამაზე თუ ვიფიქრებდი, კარგი არაფერი მოხდებოდა. ვცდილობდი, არ ავღელვებულიყავი. ისე, ესპანელებს ბევრი საგოლე მომენტი არც ჰქონიათ. დასანანია, რომ მაინც გავუშვით გოლი.
... ბოლოს, მინდა თანადგომა გამოვხატო საქართველოს საპატიმროებში ნაწამები ხალხის მიმართ. ეს საშინელი სანახავი იყო და ბუნებრივია, დასაგმობიც.  


ილია ნანობაშვილი
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161241