ვინც წლეულს ქუთაისის “ტორპედოს” რამდენიმე მატჩი მაინც ნახა, ყველა დაგვეთანხმება, რომ ნიკა საბანაძე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა. სწრაფმა ფორვარდმა გასულ ტურში ორი გოლი გაუტანა ფოთის “კოლხეთს” – თანაც, დაბადების დღე ჰქონდა (21 წლის გახდა) და მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა საკუთარ თავს. ქუთათურებმა ეს მატჩი 3:1 მოიგეს.
“მსოფლიო სპორტი” საბანაძეს დაუკავშირდა:
- წლეულს შარშანდელზე გაცილებით უკეთ თამაშობთ. პროგრესი რას “დავაბრალოთ”?
- განსაკუთრებული არაფერია. მონდომება არც ადრე მაკლდა. ალბათ, მწვრთნელის დამსახურებაა. გია გეგუჩაძის მოსვლამდე, ასე ვერ ვთამაშობდი.
- შარშან უფრო წინწაწეულ ფორვარდად თამაშობდით, წლეულს კი – სიღრმიდან. როგორც ჩანს, უკანდაწეულ ფორვარდად გირჩევნიათ...
- დიახ. უფრო კარგად ვგრძნობ თავს. ზოგადად, როგორც გუნდს დასჭირდება, ისე უნდა ითამაშო. მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის არ ვარ მინდორზე, გუნდს სარგებლობა უნდა მოვუტანო.
- თქვენი საფეხბურთო ბიოგრაფია გაგვაცანით.
- 14 წლამდე “ავაზაში” დავდიოდი, რომან მელიქიძის გაზრდილი ვარ. შემდეგ რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე: “საბურთალოში” კახა ამირიძე მწვრთნიდა, “დინამოს” აკადემიაში გია ჭიაბრიშვილი, ”ლოკომოტივში” გელა სანაია... მერე “ავაზაში” დავბრუნდი და მალევე “ვიტ ჯორჯიაში” ვაპირებდი წასვლას, თუმცა როცა “ავაზაში” კომპანია “ვისოლი” მოვიდა, რამაზ მუმლაძემ “ტორპედოში” გადმოსვლა შემომთავაზა. როგორც იცით, მაშინ სწორედ მუმლაძე დაინიშნა “ტორპედოს” მწვრთნელად. ასე მოვხვდი “ტორპედოში” და მუმლაძეს ვემადლიერები ნდობისთვის.
- და სწორედ მუმლაძის გაწვრთნილ “დინამოს” ხვდებით 6 მაისს...
- სერიოზული მატჩი იქნება და მაქსიმალურ შედეგს ვგეგმავთ. ცხრილში ერთმანეთის მეზობლად ვართ და ძალიან პრინციპული თამაში იქნება.
- მესამე ადგილზე ხართ და “დინამოს” ქულით უსწრებთ – შესაბამისად, ფრეც კარგი იქნება თქვენთვის.
- ფრეც არ იქნება ურიგო, მაგრამ მოსაგებად ჩამოვალთ თბილისში. “ტორპედო” ახლა უკეთესი გუნდია, ვიდრე გასულ სეზონში. შედეგითაც და თამაშის ხარისხითაც – მგონი, შედარება არაა. მჯერა, გია გეგუჩაძის ხელში, ჩემპიონებიც გავხდებით.
- ჩემპიონები? ალბათ, მომდევნო სეზონში ჩემპიონობას გულისხმობთ.
- დიახ. წლეულს უკვე ვეღარ მოვახერხებთ. 4 ტურიღა დარჩა. ამჟამად ჩვენი მიზანი ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაა.
- ამჟამად საქართველოში ყველაზე ძლიერ გუნდად რომელს მიიჩნევთ?
- ჩემი აზრით, “ზესტაფონი” საუკეთესოა. სანახაობრივად თამაშობენ და თან, გამართულად. არც არის გასაკვირი: კარგა ხანია, შემადგენლობას ინარჩუნებენ.
- “ტორპედოში” ყველაზე უკეთ ვისთან ხართ შეთამაშებული?
- ყველას შევეწყვე, თუმცა მე და ლაშა კემუხტაშვილი კარგა ხანია, ერთად მოვდივართ. მასთან ძალიან შეწყობილი ვარ. მართალია, ლაშას ხშირად არ ათამაშებენ, მაგრამ მაინც...
- როგორც ფეხბურთელს, რაში გაქვთ მოსამატებელი?
- ჯერ დასაღვინებელი ვარ. ჩამოყალიბება და გახსნა მჭირდება. ნელ-ნელა შევედი ფორმაში. შარშან ასე არ ვიყავი და მიხარია, რომ პროგრესი მაქვს. ეს მწვრთნელის დამსახურებაა, თუმცა ჩემზეც ბევრია დამოკიდებული – შრომა უნდა გავაგრძელო.
- უცხოეთისკენ ხომ არ მიგიწევთ გული?
- რაღაც საუბრები არის, მაგრამ ჯერჯერობით, “ტორპედოზე” ვფიქრობ. თანაც, კლუბთან კიდევ ერთი წლით მაკავშირებს კონტრაქტი.
ილია ნანობაშვილი









